The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქრისტეფორე ჩხეტიანი

ქრისტეფორე ჩხეტიანი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1873
გარდაცვ. თარიღი:1933  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გენერალ-მაიორი ქრისტეფორე პავლეს ძე ჩხეტიანი 1873 წელს დაიბადა დაბა ცაგერში. დაამთავრა ამიერკავკასიის სასწავლო სემინარია, შემდეგ - ოდესის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (მე-2 თანრიგით). 1894 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. 1899 წელს მიიღო პოდპორუჩიკის, 1903 წელს - პორუჩიკის, 1907 წელს - შტაბს-კაპიტნის, 1913 წელს - კაპიტნის წოდება. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში და პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ.).

ქრისტეფორე ჩხეტიანი მსახურობდა ვლადიკავკაზის 152 ქვეით პოლკში და კავკასიის მე-3 სასაზღვრო ქვეით პოლკში, შემდეგ - კავკასიის მე-3 სასაზღვრო პოლკში. 1915 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის II (1915 წ.) და წმინდა ანას III (1915 წ.) ხარისხის ორდენებით. 1916 წლის 9 აგვისტოს ქინიქისის მთასთან ბრძოლაში თავის გამოჩენისათვის დააჯილდოვეს წმინდა გიორგის IV (1917  წლის 5 აგვისტო) ხარისხის ორდენით. 1914 წლის 8 ნოემბერს სოფელ მოსტკისა და სუხოჩასის რაიონებში ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის 1916 წელს უბოძეს გიორგის იარაღი (ოქროს იარაღი "მამაცობისათვის").

1918 წლიდან ქრისტეფორე ჩხეტიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლისკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 1918 წლის დეკემბრის სომხეთ-საქართველოს ომში სახალხო გვარდიის რაზმის უფროსი იყო შულავერის ფრონტზე. იმავე წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

ქრისტეფორე ჩხეტიანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართული სამხედრო სკოლების დაარსებასა და მუშაობაში. 1919-21 წლებში გენერალ გიორგი კვინიტაძის მიწვევით მუშაობდა თბილისის სამხედრო სკოლაში (კლასების ინსპეტორი).

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთთან ომის დროს მონაწილობდა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში. 26 თებერვალს თბილისიდან უკან დახევის შემდეგ დაინიშნა არმიის ზურგის უფროსად და გორის მაზრის გენერალ-გუბერნატორად. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაში იყო, თომცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა. 

1933 წელს ქრისტეფორე ჩხეტიანი ბათუმში გარდაიცვალა, დაკრძალულია იქვე, თუმცა მისი საფლავის ადგილი უცნობია. გენერალ-მაიორს ჰყავდა მეუღლე ევგენია პლეშჩეევა.

წყარო:

1. ქრისტეფორე პავლეს ძე ჩხეტიანი... // ქართული ემიგრაცია ევროპაში /გიორგი ბეჟიტაბშვილი. - თბილისი, 2012. - გვ. 56.

2. ქრისტეფორე პავლეს ძე ჩხეტიანი (1873-1933) // სამხედრო ფიცის ერთგულნი / მამუკა გოგიტიძე; გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 102.


გააზიარე: