The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯემალ აჯიაშვილი

ჯემალ აჯიაშვილი
სხვა სახელი:სიმონ
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1944
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2013  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი დაიბადა 1944 წლის 23 მარტს, საქართველოში, დაბა სენაკში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანისტიკის განყოფილება.

1968-1971 წლებში სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში, ისპაჰანში, სადაც მუშაობდა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში სპარსული ენის თარჯიმნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას: 1972-1973 წწ. მოღვაწეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელად; 1974-1990 წწ. - საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, უფროს სამეცნიერო რედაქტორად; ამავე დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო ენების ინსტიტუტში. 

1988 წლიდან ჯემალ აჯიაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–უცხოური ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი; 1993 წელს კი არჩეულ იქნა სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ.

1992 – 2003 წწ. ის საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იყო.

2004-2008 წწ. მაღალი დიპლომატიური თანამდებობა ეკავა საქართველოს საელჩოში ისრაელში.

ჯემალ აჯიაშვილმა თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლიური ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრაელი პოეტების ლექსები, ძველბერძნული და სპარსული პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატული პოემები; დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, ვივალდის, რილკეს სონეტები; ნელი ზაქსის, ვლადიმერ მაიაკოვსკის,ოსიპ მანდელშტამის, ბორის პასტერნაკისა და სხვათა ლექსები; ასევე თარგმნილი აქვს ძველეგვიპტური საგალობლები და სპარსული პოეტური კლასიკა.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წარმატებით დაიდგა ჯ. აჯიაშვილის მიერ ნათარგმნი კარლო გოცის პოემა-ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი“ , ჩიკამაცუს დრამატული პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა კუნძულის ზეციურ ბაგეზე“. მან ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას უძღვნა ისტორიული ესე „გაიღვიძე ქნარო!“ - პიესა-მონოლოგი, რომელიც კოტე მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში.

1977 წლიდან ჯ. აჯიაშვილი იყო საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი, ხოლო 1980 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; არის ავტორი წიგნებისა: ,,შუა საუკუნეების ებრაული პოეზია’’, ,,შროშანი ღელეთა’’, ,,მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები’’, ,,რჩეული თარგმანები’’ (სამტომეული) და ა.შ.

ჯემალ აჯიაშვილი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ბიბლიის ებრაულსა და თანახის ტექსტებს.

მიღებული აქვს არაერთი - მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო (1984) და რუსთაველის სახელობის - პრემია. ის იყო პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის (1991) და ივანე მაჩაბლის (1995) სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (1996);

1995 წელს გახდა ისრაელში გამომავალი მხატვრულ-ლიტერატურული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის ,,დეგელის’’ პრემიის ლაურეატი;  ებრაული კლასიკური პოეზიის ქართულად თარგმნის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 1998 წელს გადაეცა ისრაელის პრეზიდენტის ეზერ ვაიცმანის საპატიო სიგელი.

2004 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

2005 წელს მიიღო პრემია „საბა” საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“.

ჯ. აჯიაშვილი ასევე იყო ებრაული სახალხო უნივერსიტეტის რექტორი (1997); საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი (2003); მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის, ამერიკის ებრაული კომიტეტის, ევრაზიული ებრაული კონგრესის, ებრაულ სათვისტომოთა ევროპული საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა გამგეობის წევრი; 2009 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გენერალურ დირექტორად.

ჯემალ აჯიაშვილი გარდაიცვალა 2013 წლის 5 იანვარს ისრაელში. დაკრძალულია იქვე.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ჯემალ აჯიაშვილი 


გააზიარე: