The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კონსტანტინე კერესელიძე

კონსტანტინე კერესელიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

კონსტანტინე (კოტე) კერესელიძე დაიბადა 1932 წლის 5 იანვარს, მოსკოვში. იზრდებოდა ხელოვანთა წრეში. დიდი ბაბუა მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ივანე კერესელიძე გახლდათ. მამა, გიორგი გიორგის ძე კერესელიძე მოსკოვის გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რეჟისორად მუშაობდა კინოინდუსტრიაში, თეატრსა და ტელევიზიაში. დედა, თამარ მიხეილის ასული ჭეიშვილი, მოსკოვის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული, იყო ბალერინა და ქორეოგრაფი.

სკოლის დამთავრების შემდეგ კოტე მამის გზას გაჰყვა. 1954 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“, ოპერატორის ასისტენტად; 1963-1965 წწ.- საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში; 1965- 1992 წწ. - საქართველოს დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში.

1963 წელს კოტე კერესელიძემ დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965 წლის 30 ივნისს სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა დრამის რეჟისორის კვალიფიკაცია. მისი პედაგოგები იყვნენ მიხეილ თუმანიშვილი და გიგა ლორთქიფანიძე.

სტუდენტურ წლებში კოტე კერესელიძე  ჯაზით დაინტერესდა. 1957 წელს მუსიკოსმა გიორგი გაბისკირიამ საქართველოში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი „რერო“ ჩამოაყალიბა. მალე ორკესტრში კომპოზიტორი კონსტანტინე პევზნერი მიიწვიეს. კოტე ამ ორკესტრის წევრი გახდა. უკრავდა გიტარაზე. თბილისში ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია მას მიეკუთვნება და იგი საქართველოში ჯაზის ერთ-ერთ პიონერად ითვლება.

კოტე კერესელიძემ ვერ მოახერხა თავის გატაცება პროფესიად ექცია. თეატრალური ინსტიტუტის ადმინისტრაციამ პირობა წაუყენა - ან ინსტიტუტი აერჩია ან ჯაზი. ახალგაზრდა იძულებული გახდა გადაწყვეტილება მიეღო და რეჟისორის პროფესიას არ უღალატა, თუმცა, თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ბატონი კოტე თვითონ ურჩევდა მუსიკას საკუთარ ფილმებს და ზოგჯერ თავადაც კი წერდა მას გადასაღებ მოედანზე.

კოტე კერესელიძე არის კინოკონკურსების ლაურეატი; საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983). იგი დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „მხოლოდ 17 კილომეტრი“ (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, 1964), „ბალადა“ (დოკუმენტური, 1972), „ელისო ვირსალაძე“ (დოკუმენტური, 1973), „ნიკორწმინდა“ (დოკუმენტური, 1977), „ალავერდი“ (დოკუმენტური,1977),  მსოფლიოს ფანჯარა (დოკუმენტური, 1978),  „გასტროლები“ (დოკუმენტური, 1979), „იდუმალება“(დოკუმენტური, 1981), „გაზაფხული“ (დოკუმენტური, 1982),  „უჩინარი სახელი“ (დოკუმენტური, 1989),  „დავით ბადრიძე“ (დოკუმენტური, 1989), „ვიქტორ დოლიძე-100“ (დოკუმენტური, 1991) და სხვა. სცენარის ავტორია ფილმებისა: „მხოლოდ 17 კილომეტრი“(1964), „გასტროლები“ (დოკუმენტური, 1979).

1965 წელს კოტე კერესელიძემ იქორწინა მხატვარ ლარისა ალექსეევაზე. იგი ხატავდა გობელენზე, კერამიკაზე. ამასთან ერთად, იყო თბილისში ერთ-ერთი საბავშვო სახელოვნებო სტუდიის ხელმძღვანელი. მეუღლე კოტეს საქმიანობაში დიდ როლს ასრულებდა. სამწუხაროდ იგი 1995 წელს გარდაიცვალა. მათი სამივე შვილი ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. უფროსი ვაჟი, გია კერესელიძე (1966), პროფესიონალი რეჟისორ-მულტიპლიკატორია. მუშაობდა დისნეის სტუდიაში და მიღებული აქვს „კანის“ და „ორლანდოს“ კინოფესტივალების ჯილდოები. შუათანა ქალიშვილი, ია - მომღერალია, ხოლო უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე (სანდრო) -  მხატვარ-დიზაინერია.

1993 წლიდან კოტე კერესელიძე და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ აშშ-ში. ვაშინგტონში კოტემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი მართლმადიდებლობაზე (1995). პარალელურად ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალის „დიდი ვაშინგტონის“ სარედაქციო საბჭოს წევრია.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია. . 4. - თბილისი, 2018. - გვ. 629.  

2. https://ru.wikipedia.org › .. Кереселидзе, Константин Георгиевич

3. https://ka.wikipedia.org › wiki › კონსტანტინე_კერეს...


გააზიარე: