შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლალი ხარებავა
ბიოგრაფია„ამერიკაში ცხოვრება ადვილი არ არის. ყველაფერს დამოუკიდებლად და ნულიდან იწყებ. ადაპტაცია ძნელია, რაც უნდა ლაღად იგრძნო თავი, მაინც ემიგრანტი ხარ. დიდი განსხვავებაა ამხელა სახელმწიფოს და ჩვენ პატარა საქართველოს წეს-ჩვეულებებს შორის... ამერიკამ მიგვიღო, შეგვიყვარა და ცხოვრებაში აქ ყოფნით, დიდი გამოცდილება მივიღე... მაგრამ სამშობლო ყველას გვენატრება, სიყვარული არ ნელდება. ფესვები, სულის ყივილი, ბავშვობა ჩემშია, რა ვქნა, მიყვარს და ეს სიყვარული მაძლებინებს...“ - ამ სიტყვებით გამოხატავს ამერიკაში მცხოვრები მხატვარი სამშობლოს მონატრებას... ლალი ხარებავა დაიბადა თბილისში, როგორც თვითონ ამბობს, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. დამთავრებული აქვს თბილისის 167-ე სკოლა და თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, დეკორატიული ქსოვილების განხრით. შემდეგი საფეხური იყო თბილისის კულტურის ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნე ექსპერტ-მენეჯერის ფაკულტეტი. პარალელურად, გივი ყანდარელის ჯგუფში სწავლობდა, სადაც დაეუფლა გობელენის ქსოვის ხელოვნებას. შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისში ახალგაზრდა მხატვარმა რამდენიმე საინტერესო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა - 1988 წელს საფრანგეთი, ლიონი; 1989 წელს - ნიუ-იორკი; 1997 წელს - თბილისის სახელმწიფო მუზეუმ-ქარვასლა. 1990-იანებში საქართველოში მძიმე პერიოდი იდგა. მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირდა და არც მომავლის პერსრექტივა ჩანდა. მხატვრების უმრავლესობა, მათ შორის ლალი ხარებავაც, შემოქმედებითი ცხოვრების გასაგრძელებლად უცხოეთში წასვლას ცდილობდა. 1998 წელს ლალის გაუმართლა და ამერიკაში წასვლის ნებართვა მიიღო. მიზეზი კი, 1989 წელს ნიუ-იორკში გამოფენილი მისი ნამუშევრები აღმოჩნდა. იქ აღებულმა სიგელმა დიდი ყურადღება მიიქცია და კონსულმა ვიზა უპრობლემოდ ჩაურტყა. ამერიკაში წასვლის მიზანი და სურვილი მომავალში გამოფენებში მონაწილეობის მიღება იყო. ჩასვლიდან რამდენიმე ხანში ერთ პატარა ჯგუფურ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა (2000 წელი - ნიუ-იორკი, ბროდვეი (ჯგუფური გამოფენა). მერე იყო შრომა და მუშაობა თავის გადასარჩენად... ლალი ხარებავა 22 წელია ამერიკაში ცხოვრობს და დღეს უკვე ამ ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა არც საქართველოს მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, ანუ ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამჟამად ამერიკელებთან კომპანიონად მუშაობს, პარალელურად თავისი პროფესიითაა დაკავებული. ბოლო წლებში ქართველმა მხატვარმა ორ მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა : 2018 წელი - „არტექსპოს“ საგამოფენო დარბაზი; 2019 წელი - ჯორჯ ბილის გალერეა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები 3D განზომილებაშია შესრულებული. ნიუ იორკული „არტექსპო“(ArtExpo New York), უკვე, 40 წელია რაც არსებობს და თავისი არსებობის მანძილზე არა მარტო ცნობილი, არამედ უცნობი არტისტების, გალერეების პრეზენტაციისა და საქმიანი კავშირების გაბმის უნიკალურ შანსად იქცა. 2018 წელსაც, მანჰეტენის ერთ–ერთ პირსზე (“პირს 94″) ათასზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა: ფერწერა, სკულპტურა, პრინტი, ფოტოგრაფია, კერამიკა, ლითოგრაფია, მინა და თექაც. თექაზე შესრულებული ნამუშევრები ამ სახელოვნებო ფორუმზე მხოლოდ ერთ სტენდზე იყო წარმოდგენილი და ის ლალი ხარებავას ეკუთვნოდა. გამოფენისთვის არჩეულ იქნა 4 პანო - „გვირილები“, „მზესუმზირები“, „თეთრი ლილიები“ და „ფერადი ლილიების“ ნატურმორტები. ქართველი ხელოვანი ძირითადად ბუნებრივი მასალებით მუშაობს, როგორც თექაზე, ასევე გობელენში. შალის ძაფისთვის მცენარეულ საღებავებს იყენებს, თექისთვის კი ფერად მატყლს ხმარობს. მის მიერ შემუშავებული ტექნიკის მეშვეობით თექა რელიეფური და მოცულობითი ხდება. - „სამ განზომილებაში უფრო ეფექტიანია ნამუშევრების შექმნა, - ეს მნახველის გაოცებასაც იწვევს. თავიდან, ვქმნი ცალკეულ დეტალს და მერე ვაწყობ“, - აღნიშნავს მხატვარი. ლალი ხარებავას ჰყავს ქართველი მეუღლე (მოქანდაკე) და 10 წლის ვაჟი - ლუკა გოგუაძე. ოჯახი ამერიკაში შექმნა. ბედნიერია, რომ ხელოვნების ნიჭი შვილსაც გამოჰყვა. ლუკა მეხუთე წელია, დადის ფორტეპიანოზე და უკვე რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ამერიკის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალებში. ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში (მ. ებრალიძის ხელმძღვანელობით) დაუკრა ორკესტრის თანხლებით. მერე იყო კარნეგი-ჰოლი. შემდგომ ოპერის საკონცერტო დარბაზი. წყარო: https://www.ambebi.ge/article/245100-kartveli-emigranti-kali-ormagi-mokalakeobit-romel/ blogs.netgazeti.ge › 2018/05/13 › არტექსპო-კალეიდ... სამსონაძე, თამთა. ძაფებით შექმნილი იდუმალება // 24 საათი. - თბილისი, 2007. - 7 თებერვალი. - N25 (1469). - გვ.A8
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |