The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამაზ გვენეტაძე

თამაზ გვენეტაძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

თამაზ გვენეტაძე დაიბადა 1956 წლის 20 თებერვალს, ქუთაისში. 1972 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-5 საშუალო სკოლა; 1972-1976 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სპეციალობაზე: ისტორია, სამართალმცოდნეობა და გერმანული ენა. 1976-1977 წწ. სასწავლო სემესტრი გაიარა გერმანიაში, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა დიპლომი კონფრონტაციული გრამატიკის სფეროში (ხელმძღვანელი პროფ. გერტრუდა პეჩი).

1982-1986 წწ. აბარებდა საკანდიდატო მინიმუმის საგნებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემანტიკისა და ლექსიკოლოგიის სფეროში. 1986 წელს, აქვე, დაიცვა დისერტაცია - „სიტყვაწარმოების სემანტიკური სისტემა“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება (ხელმძღვანელი პროფ. ცისანა გოგლიჩიძე).

შთამბეჭდავად გამოიყურება თამაზ გვენეტაძის სამუშაო სტაჟი:1977-1979 წწ. -გერმანული ენის მასწავლებელი თერჯოლის რაიონში; 1980-1988 წწ. -  ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უცხო ენების კურსების დირექტორი; 1989-1995 წწ. -  დოცენტი, ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;

1989, 1992, 1993 წწ.  გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გერმანიაში;

1995 წ. - ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის დაარსება ქუთაისში;

1997 წ. - ფილოსოფიის დოქტორის წოდების მინიჭება ზაარლანდის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ; 1995-1999 წწ. -  პროფესორ ჰერმან ვედეკინდის ასისტენტი და ზაარბრუკენის საქალაქო არქივების მეცნიერ-თანამშრომელი;

1996-2002 წწ. -  პროფესიული ინფორმაციისა და ტრენინგის ინსტიტუტის დოცენტი (მაინცი და ზაარის მხარე, პროექტს ხელმძღვანელი. საგნები:პროფესიული მარკეტინგი, შრომის სამართალი, გერმანული მხარეთმცოდნეობა, DaF);

2003-2007 წწ. -  ტრირის გარემოს დაცვის ინსტიტუტი, ბირკენფელდის ფილიალი; ევროკავშირის სოციალური ფონდის (ESF) პროექტი ახალგაზრდობისათვის, დოცენტი;

2008 წლიდან დღემდე: ბიოსენის სასწავლო ცენტრი (მაინცი,ზაარლანდი,ბადკროიცნახი, პირმაზენსი) - პროფესიული ორიენტირების და ინტეგრაციის სახელმწიფო პროექტები; რეგიონალური დირექტორი და ხარისხის მართვის მენეჯერი; დოცენტი, ლექციების კურსი - „პროფესიული მარკეტინგის საფუძვლები“ (რაინლანდ- პფალცი და ზაარლანდი).

თამაზ გვენეტაძეს ეკუთვნის 16 მეცნიერული პუბლიკაცია, როგორც ქართულ, ისე გერმანულ ენებზე, მათ შორის 4 წიგნი.

1988 წელს გიორგი გვაზავასთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო გერმანული ენის სპეციალობის სტუდენტებისათვის: „გერმანული პასივი და მისი ქართული შესატყვისები“( თბილ. უნ-ტის გამ-ბა).

მეცნიერი სტუდენტობის წლებიდანვე აქვეყნებდა სტატიებს და თარგმანებს ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში: ასე მაგალითად: ჰერტრუდა პეჩი - გელათის სახალხო აკადემიის საპატიო წევრი: [გერმანელი ქართველოლოგი] // ქუთაისი (გაზ.), 1979. - 8 დეკემბერი; საყვარელი პედაგოგი და მეცნიერი: [გერმანული ენის სპეციალისტ ნ. ეგოროვის დაბადების დღის გამო] // ქუთაისი (გაზ.), 1982. - 9 ივლისი; გასუბსტანტივებულ მიმღეობათა და ზედსართავ სახელთა სწავლება: [უმაღლეს სასწავლებლებში] // უცხოური ენები სკოლაში (ჟურნ.). - თბილისი, 1986. - N1; თარგმანები: ვალტერი ი. ლეგენდა მხატვარზე // ქუთაისი (გაზ.), 1976. - 14 დეკემბერი; ენდლერი ა. ვეცდები გესაუბროთ საქართველოზე: [ამავე სახელწოდების წიგნის წინასიტყვაობა] //ქუთაისი (გაზ.), 1982. - 1 იანვარი.

1996 წელს ზუგდიდში გამოიცა თამაზ გვენეტაძის მიერ თარგმნილი ბერტა ფონ ზუტნერის მოგონებანი (თავად ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან ურთიერთობის და საქართველოში ცხოვრების პერიოდი).

2007 წელს თამაზ გვენეტაძეს დაუკავშირდა ქართველოლოგი იოლანდა მარშევი თხოვნით ეთანამშრომლა მასთან ვაჟა-ფშაველასა და სხვა ქართველ ავტორთა თარგმნის საქმეში. 11 წლის განმავლობაში გერმანულად ითარგმნა ვაჟას მთელი მხატვრული შემოქმედება. 2018 წელს თბილისში გერმანულ ენაზე გამოცემულ მათ ერთობლივ ნამუშევარს „ამეტყველებული ბუნება“ ჰქვია და მასში, სხვადასხვა მოთხრობასთან ერთად, პოემა „გველისმჭამელიცაა“ შესული.  წიგნის პრეზენტაცია შედგა 2018 წლის 10 მაისს, მთარგმნელის მშობლიურ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წყარო:

1. https://www.youtube.com/watch?v=py5EEjhP9LE

2. radiodk.ge/k_artd1z
3. თამაზ გვენეტაძე: [ბიოგრაფიული ცნობები] // Wazha-Pshavela, 1861-1915.
    Mindia - der Schlangenesser (Verserzählung) : Erzählungen aus dem Urwald.- Tbilissi: Nekeri, 2018.- გვ. 244


გააზიარე: