The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი მესტვირიშვილი

ალექსი მესტვირიშვილი
დაბადების თარიღი:1967  (57 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

CERN-ი მსოფლიოში უდიდესი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაა. იგი 1954 წელს დაარსდა. ჰყავს 22 წევრი ქვეყანა, რომლებიც აფინანსებენ. საქართველო ცერნის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სახელით აქ ყოველწლიურად ათეულობით ქართველი მეცნიერი მუშაობს.

ფიზიკოსი ალექსი (ლექსო) მესტვირიშვილი 1996 წლიდან თანამშრომლობს ცერნთან, ამჟამად იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში აიოვას უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერია, თუმცა  2005 წლიდან ფიზიკურად მისი სამუშაო ადგილი ცერნია. ის არის CERN-ის CMS ექსპერიმენტის ავტორი. ხელფასს კი ამერიკული უნივერსიტეტი უხდის.

ალექსი მესტვირიშვილი 1967 წელს თბილისში დაიბადა. მშობლებმა ხუთნახევარი წლის ასაკში შეიყვანეს თბილისის 151-ე საჯარო სკოლაში. 16 წლისა უკვე აბიტურიენტი იყო  და ორ თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ექსპერიმენტები ალექსის ბავშვობიდან აინტერესებდა. განსაკუთრებით გაიტაცა ელექტრონიკამ. მერვე კლასიდან სახლში კუსტარულად აკეთებდა სხვადასხვა მარტივ ელექტრო- მოწყობილობებს, მაგრამ საბოლოოდ ფიზიკის სიყვარულმა სძლია და მეათე კლასში გადაწყვიტა ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი გამხდარიყო.

უნივერსიტეტის მეორე კურსის დამთავრების შემდეგ ალექსი მესტვირიშვილმა მუშაობა დაიწყო ფიზიკის ინსტიტუტში, ელემენტარული ნაწილაკების ელექტრონული მეთოდებით კვლევის ლაბორატორიაში, უმცროს ლაბორანტად. ლაბორატორიას კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ორ დიდ ცენტრთან - ქალაქ პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან და ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან.

სტუდენტობის პერიოდში ალექსი რეგულარულად დადიოდა მივლინებით პროტვინოში, უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ კი გადავიდა დუბნაში, სადაც იმუშავა დისერტაციაზე, რომელიც ეხებოდა ფი მეზონის სახელწოდებით ცნობილი ნაწილაკის გამოკვლევას.

დუბნის ჯგუფი, რომელშიც ახალგაზრდა ფიზიკოსი მუშაობდა, თანამშრომლობდა ბირთვული კვლევების ნაციონალურ ინსტიტუტთან და 1996 წელს ისიც მიიწვიეს ცერნში საერთო პროექტში სამუშაოდ. პირველად სამთვიანი მივლინება ჰქონდა  იტალიის ინსტიტუტის ერთ-ერთ, ქალაქ კალიარის (სარდინია) სექციაში, 1999 წელს კი ქალაქ პერუჯის სექციაში მიიღო ორწლიანი პოზიცია, რომლის ამოწურვის შემდეგ თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს.

იტალიაში ალექსი მესტვირიშვილი დიდხანს აღარ დარჩენილა. ამერიკაში დაიწყო სამსახურის ძებმა. მოწვევა რამდენიმე უნივერსიტეტიდან მოუვიდა და არჩევანი ქალაქ აიოვის უნივერსიტეტზე შეაჩერა. ასევე გააგრძელა მუშაობა მეცნიერ–მკვლევარის (research scientist) რანგში ცერნში მდებარე ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთ დიდ ექსპერიმენტზე, რომელსაც CMS-ი (Compact muon solenoid) ეწოდება.

CERN-ის ლაბორატორია ორი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს - ერთი ნაწილი შვეიცარიაშია, მეორე კი საფრანგეთში. ალექსი მესტვირიშვილი შვიდი წელი ცხოვრობდა შვეიცარიაში, ცერნთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ მეირანში, რომელიც ჟენევის სატელიტი ქალაქია. ამჟამად ტერიტორიულად ცხოვრობს საფრანგეთის მხარეში, ქალაქ სენ ჟენში.  

2012 წელს ცერნში ელემენტარული ნაწილაკი – „ჰიქსის ბოზონი“ აღმოაჩინეს. მანამდე, 60 წლით ადრე, ბრიტანელ მეცნიერს, პიტერ ჰიქსის ჰქონდა ნავარაუდევი მისი არსებობა. „ჰიქსის ბოზონის“ აღმოჩენა ცერნში მოხერხდა კოლაიდერის მეშვეობით, რომელიც 2010 წელს აამუშავეს. შედეგად დადგინდა, როგორ შეიძინეს ელემენტარულმა ნაწილაკებმა მასა. ექსპერიმენტში, ბევრ ცნობილ უცხოელ მეცნიერთან ერთად, ქართველი ფიზიკოსიც მონაწილეობდა.

ლექსო მესტვირიშვილს ჰყავს მეუღლე - მარიკა აზნიაშვილი და ორი ქალიშვილი.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20170607/236245389/aleqsi-mestvirishvili.html

 






გააზიარე: