The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იასონ ახვლედიანი

იასონ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1852
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1940  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იასონ (იაზონ) ალექსანდრეს-ძე ახვლედიანი დაიბადა 1852 წლის 7 აპრილს ქუთაისის გუბერნიის დაბა ვანში, აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასა და ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში.

ჯარში სამსახური იასონ ახვლედიანმა დაიწყო პრაპორშჩიკის ჩინით საარმიო ქვეითებში, 1876 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. 1900 წლიდან მეთაურობდა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონს. რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებისთანავე გადაიყვანეს ბატალიონის მეთაურად, ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში. მონაწილეობდა მანჯურიაში წარმოებულ ლაშქრობებშიც.

ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის იასონ ახვლედიანს ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა ნეჟინის (უკრაინა) 137-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906-1911 წლებში მეთაურობდა ყუბის (აზერბაიჯანი) 155-ე ქვეით  პოლკს, პარალელურად მსახურობდა აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტად. 1910 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

1911 წლის იანვარში, ბრძოლებში მიღებული კონტუზიისა და ჭრილობების გამო იასონ ახვლედიანი ჩაირიცხა თადარიგში, ხოლო 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირითა და პენსიით.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იასონ ახვლედიანი  ცხოვრობდა თბილისში 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროში. იყო ქართული არმიის ვეტერანთა სახლის უფროსი.

გენერალი იასონ ახვლედიანი გარდაიცვალა 1940 წლის 19 იანვარს, თბილისში. განისვენებს კუკიის სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის იასონ ახვლედიანი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV ხარ. (1905 წლის 13 თებერვალი); წმ. ანას IV (მამაცობისათვის-1877), III (მახვილებით-1888), II (მახვილებით-1904) და I (1895) ხარ.; წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაფთით -1877) და II (1896) ხარ.; წმ. ვლადიმერის IV (ბაფთით – 25-წლიანი სამხედრო სამსახურისათვის- 1901) და III (მახვილებით-1905) ხარ. ორდენებით. 

 წყარო:

1. გოგიტიძე მამუკა. იასონ ალექსანდრეს ძე ახვლედიანი  // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 50-51

2. ჟორდანია, ოთარ. ქართველები რუსეთ-იაპონიის ომში : (1904-1905 წწ.) / ოთარ ჟორდანია, მერი გაბედავა // საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. - თბილისი, 2006. - N IX. - გვ.101-111.


გააზიარე: