The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ თარაშვილი

მიხეილ თარაშვილი
დაბადების თარიღი:თებერვალი, 1905
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1990  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

მიხეილ თარაშვილი დაიბადა 1905 წლის თებერვალში, გურჯაანში. მამამისი, ბენო, სოფლის მეურნეობას მისდევდა, სიღნაღის სემინარია ჰქონდა დაამთავრებული და თბილისში უნდოდა წასვლა რკინიგზაზე სამუშაოდ, მაგრამ მშობლების თხოვნით სოფელში დარჩა. ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. ბენომ ცოლად მოიყვანა ნინა ჯიღაური სოფელ პატარძეულიდან და მევენახეობა განაგრძო. მათ შეეძინათ ქალ–ვაჟი.

მიშა 5 წლისა იყო, როცა მამა გარდაეცვალა ფილტვების ანთებით. დედა სულ ახალგაზრდა დაქვრივდა, მაგრამ შვილებისთვის არაფერი დაუკლია. მიხეილი ზამთრობით თბილისში ცხოვრობდა დეიდებთან და სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, არდადეგებს კი სოფელში ატარებდა.

ემიგრაციაში მიხეილ თარაშვილი 1921 წელს წავიდა. საფრანგეთში იგი „თეთრი გიორგის“ მოძრაობას მიეკედლა. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა გერმანიის ჯარში. იბრძოდა ყირიმში, ჩრდილო კავკასიაში. სამოქალაქო ცხოვრებას მხოლოდ 1943 წელს დაუბრუნდა. მისი ცხოვრების ამ ეპიზოდზე დაწერილი აქვს მოგონება „ვაკანსი იალტაში“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „გუშაგში“.

ომის შემდეგ მიხეილ თარაშვილი დასახლდა საფრანგეთის პატარა ქალაქ სენტ–ამანდ–მონტროში, ცოლად ფრანგი ქალი შეირთო და ხელი მიჰყო ვაჭრობას. ამ ქალაქში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე და აქვე გარდაიცვალა 1990 წლის 17 დეკემბერს.

წყარო:

1. თარაშვილი, მიხეილ. ბავშვობისა და ყრმობის მოგონება : [1917-1921 წლების მოვლენები] / მიხეილ თარაშვილი // გუშაგი. - პარიზი, 1986. - N8-13

2. მიხეილ თარაშვილი // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 / შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბილისი, 1996. - გვ.267 

3. თარაშვილი, მიხეილ. ილია არ შემცდარა / მიხეილ თარაშვილი // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 /შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბილისი, 1996. - გვ. 149-151;  გუშაგი. - პარიზი, 1987. - N14. - გვ.41-44


გააზიარე: