The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ ორბელიანი

დაბადების თარიღი:1672
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1735  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

სულხან-საბა ორბელიანის უმცროსი ძმა, ნიკოლოზი 1672 წელს დაიბადა დმანისის ახლოს ორბელიანების სამემკვიდრეო მამულში, სოფელ ტანძიაში. უფროსი ძმის მსგავსად კარგი განათლება მიუღია და ერისკაცობაში მოსამართლეთუხუცესი ყოფილა. 1705 წელს 33 წელს მიტანებული ნიკოლოზი ბერად შემდგარა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც იმ დროს ძლიერი ლიტერატურული სკოლა არსებობდა.

ნიკოლოზ ორბელიანი ბერად აღკვეცისთანავე აქტიურად ჩაება გარეჯის ლიტერატურული სკოლის საქმიანობაში. ამ პერიოდში გადაუწერია ქართველი წმინდანების „ტროპანი“, „კონდაკნი“ და სხვა საეკლესიო წიგნები. 1715 წელს ნიკოლოზ ორბელიანს მროველობა მიუღია. მას ღვთისმსახურებაში იმდენად გამოუჩენია თავი, რომ მალე თბილისის მიტროპოლიტად დაუწინაურებიათ.

განათლებული და ნიჭიერი ბერი ვახტანგ VI გარეჯის მონასტრიდან გამოიყვანა და იმხნად დაარსებულ თბილისის სტამბაში მიიწვია სამუშაოდ. მისი რედაქტორობით აქ რვა წიგნი გამოიცა: 1709 წელს „სახარება“ და „სამოციქულო“, 1710 წელს „ლოცვანი“ და „ჟამნი“, 1717 წელს კვლავ „ლოცვანი“, 1720 წელს „პარაკლიტონი“, 1721 წელს „ქმნულების ცოდნის წიგნი“ და 1722 წელს „ჟამნი“.

ნიკოლოზ ორბელიანის სტამბაში მუშაობა მარტო დედნების რედაქტირებით როდი ამოიწურებოდა. მას შეუდგენია და წიგნებისთვის დაურთავს საძიებლები. საერთოდ, იგი შემოქმედებითად უდგებოდა წიგნის გამოცემის საკითხს და ხშირად გონივრული ცვლილებები შეჰქონდა ტექსტში. რედაქტირებისას მან „ჟამნის“ დედანში შეიტანა ქართველ წმინდანთა ხსენების დღე. ნიკოლოზ ორბელიანის დაწერილი უნდა იყოს 1711 წლამდე გამოცემული წიგნებისათვის დართული რუმინელი მესტამბის მ. იშტვანოვიჩის წინასიტყვობანი, რადგანაც ამ პერიოდში მის გარდა, სხვა რედაქტორ–გამომცემელს თბილისის სტამბაში არ უმუშავია.

მთელი თავისი სიცოცოცხლის მანძილზე ნიკოლოზ ორბელიანი ნაყოფიერ ლიტერატურულ–შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის აბო ტფილელის, ესტატე მცხეთელის, არჩილისა და ლუარსაბის „დასდებელნი“, მოკლე იამბიკოებად თქმული „დიდება“ ნინოსი, რაჟდენ პირველ–მოწამისა, ესტატე მცხეთელისა, შუშანიკისა, იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა და სხვა.

ქართლში ოსმალთა შემოსევის შემდეგ ნიკოლოზ ორბელიანი თავის ძმებთან –საბასთან და ზოსიმესთან ერთად ვახტანგ VI გაჰყვა რუსეთში. 1724 წლის 15 ივლისს სამშობლოდან დევნილები რაჭაზე გავლით გაუდგნენ მოსკოვის გზას. იმავე წლის 31 აგვისტოს ისინი ჯვრის ციხესიმაგრეში დიდი პატივით მიიღო გენერალ–მაიორმა კროპოტოვმა, რამდენიმე დღის შემდეგ ჯვრიდან ვახტან VI პეტერბურგში პეტრე I წინასწარი მოლაპარაკების მიზნით გაგზავნა სულხან–საბა ორბელიანი, მისი ძმა ზოსიმე და არქიმანდრიტი არსენი. ვახტანგ VI და მისი ამალა, მათ შორის ნიკოლოზ ორბელიანიც ჯვარში ერთი თვე დარჩნენ, აქ ქართველმა ემიგრანტებმა ვახუშტი ბატონიშვილისა და ნიკოლოზ ორბელიანის თაოსნობით ლიტერატურული მუშაობა გააჩაღეს. ნიკოლოზის ინიციატივით აქ გადაუწერიათ „იოანე დამასკელი“.

1726 წელს ნიკოლოზ ორბელიანი ასტრახანიდან მოსკოვს გადასახლდა და წელიწადნახევარი უმუშევრად გაატარა იმ ულუფაზე, რომელსაც რუსეთის მთავრობა აძლევდა რუსეთში გადასულ ქართველ მღვდელმთავრებს. 1727 წელს სინოდმა წირვის ნება მისცა ნიკოლოზს მოსკოვში. ამ ხნის მანძილზე მას არ შეუწყვეტია ლიტერატურულ–შემოქმედებითი მოღვაწეობა. 1728 წელს გადაუწერია სულხან–საბა ორბელიანის ნაშრომი „საქრისტიანო მოძღვრება პირველად სასწავლო ყრმათათვის ანუ დიალექტიკა“ („კათეღორია“). მანვე გადააწერინა ვინმე გ. ებიტაშვილს „მარხვანი“. ნიკოლოზს შეუდგენია აგრეთვე „კრებული“ ანუ წესი აღსარებისა“.

მოხუცებულობისა და მძიმე პირობების მიუხედავად ნიკოლოზ ორბელიანს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ გაუგდია კალამი ხელიდან, უკანასკნელი წიგნი ავადმყოფობის ჟამს გადაუწერია: „ავად ვიყავ და ვერ ვჯდებოდი, წოლით დამიწერია, ვეშურებოდი, სიკვდილს მოველოდი“.

ნიკოლოზ ორბელიანი გარდაიცვალა 1735 წლის 22 აგვისტოს მოსკოვში. მისი ქონება და ჯამაგირი 191 მანეთი და 11 კაპიკი, მეფე ვახტანგის შუამდგომლობით მისცეს განსვენებულის ძმას, დიმიტრი ორბელიანს, რომელსაც იმხნად თვალსაჩინო ადგილი ეჭირა რუსეთის სამხედრო სამსახურში.

წყარო:         

1. კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : ნიკოლოზ ორბელიანი // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 316-320.

2. მენაბდე, ლევან. ნიკოლოზ ორბელიანი // XVII-XVIII საუკუნეების ქართული ლიტერატურა / ლევან მენაბდე. - თბილისი, 1997. - გვ. 105-115.

2. https://qim.ge/nikoloz%20orbeliani.html


გააზიარე: