The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ თუმანიშვილი (თუმანოვი)

იოსებ თუმანიშვილი (თუმანოვი)
სხვა სახელი:ბება  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:8 ივლისი, 1981  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

იოსებ (ბება) მიხეილის ძე თუმანოვი დაიბადა 1909 წლის 2 იანვარს თბილისში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია; 1923 წელს დრამატული კურსები, პედაგოგები: ი. მჭედლიშვილი, შემდეგ – ი. ზავადსკი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1929 წელს, იყო თეატრ– სტუდიის მსახიობი (1929–1932); 1933 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში: მუშათა სამხატვრო თეატრის მთავარი რეჟისორი (1933–1934); ახალი თეატრის რეჟისორი (1934–1936); სტანისლავსკის სახელობის ოპერის თეატრის რეჟისორი (1936), 1938–1946 წლებში მთავარი რეჟისორი; ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1946–1953); პუშკინის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი (1953–1961); დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი (1964–1979); პარალელურად 1951 წლიდან იოსებ თუმანიშვილი იყო ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1965 წლიდან – პროფესორი; მსახიობთა და რეჟისორთა კურსების მხატვრული ხელმძღვანელი და რეჟისურის კათედრის გამგე (1970); 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კრემლის ყრილობათა სასახლის მთავარი რეჟისორი. მისი გაფორმებულია: საქართველოს ხელოვნების დეკადის (1958), მოსკოვის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალი  (1980) და სხვა.

დადგმული აქვს სპექტაკლები: მოკროუსოვის „ჩაპაევი“ (1943); დუნაევსკის „ლაღი ქარი“ (1943); ვერდის „ბალ–მასკარადი“ (1946); მილიუტინის „ტრემბიტა“ (1949); ვერდის „დონ კარლოსი“ (1963); მურადელის „ოქტომბერი“ (1964); ჩაიკოვსკის „მაზეპა“ (1966); რიმსკი–კორსაკოვის „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟზე“ (1966); საქართველოში – რუსთაველის სახელობის თეატრში როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (1944); ოპერის თეატრში – ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1953); დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“ (1958); 1967 წელს მილანის ლა სკალაში დადგა მუსორგსკის ოპერები – „ხოვანშჩინა“ და „ბორის გოდუნოვი“...

რეჟისორი გარდაიცვალა 1981 წლის 8 ივლისს მოსკოვში. დაკრძალულია ვაგანკოვის სასაფლაოზე.

მეუღლე – მოსკოვის ოპერეტის მსახიობი ვალენტინა იუნაკოვსკაია. ვაჟი – კინორეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი.

ჯილდოები: სტალინური პრემიის ლაურეატი (1950, „ტრემბიტას“ დადგმისთვის); რსფსრ დამსახურებული არტისტი (1941); სსრკ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946); რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954); რსფსრ სახალხო არტისტი (1958); სსრკ სახალხო არტისტი (1964); ოქტომბრის რევოლუციის ორი ორდენი (25. 05. 1976; 14.11.1980); შრომის წითელი დროშის სამი ორდენი (31.10.1940; 06.09.1947; 27.10. 1967); „ხარისხის ნიშნის“ ორდენი (08.06.1955).

წყარო:

1https://ru.wikipedia.org/wiki/Туманов,_Иосиф_Михайлович 

2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5 . – თბ., [1980]. – გვ. 10 

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. –თბ.,  2015. – გვ. 210


გააზიარე: