The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სტეფანე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)

სტეფანე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1922  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სტეფანე ახმეტელი დაიბადა 1877 წელს, სოფელ ანაგაში (სიღნაღის რაიონი). იგი კახეთში ფრიად დაფასებული სასულიერო პირის, გიორგი მღვდლის ერთ–ერთი ვაჟი გახლდათ. გიორგი ახმეტელს რუსეთში ჰქონდა დამთავრებული სასულიერო აკადემია და განათლების ფასი კარგად ესმოდა. სტეფანეს დედა – ელისაბედ ნაცვლიშვილიც, თავის დროისათვის, მეტად განსწავლული, სათნო და, ამავე დროს, ძლიერი მანდილოსანი ყოფილა.   

ახმეტელები ოჯახში დახვეწილი სალიტერატურო ენით მეტყველებდნენ. იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, მაგრამ სასაუბროდ მხოლოდ მშობლიურ ენას მიმართავდნენ. ხშირად იყენებდნენ ანდაზებს, მახვილგონივრულ გამოთქმებს, ძალზე მდიდარი იყო მათი ლექსიკა. ცხრა და–ძმა თანასოფლელთა პატივისცემით სარგებლობდა, გამორჩეულნიც იყვნენ კულტურით, განსწავლულობით, სიკეთით. საერთოდ, ანაგაში ახმეტელებს „მინისტერიანებს“ ეძახდნენ, ამბობდნენ – ახმეტელებს ქათმებიც კი ნასწავლი ჰყავთო.

ოჯახში განსაკუთრებული რიდითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ სტეფანე ახმეტელს. იგი ახოვანი, მეტად სანდომიანი, კეთილშობილი, უკომპრომისო და შეუპოვარი ადამიანი ყოფილა. საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და მთელი სითბო და სიყვარული ძმების, დების, ახლო ნათესავთა მონაგარს მიუძღვნა. ჩინებული შვილი და ძმა, ბიძა და მამულიშვილი იყო.

დაწყებითი განათლება სტეფანე ახმეტელმა სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (მეორე თანრიგით), კადეტთა კორპუსი და იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი ქალაქ სუმში (უკრაინა).

სამხედრო სამსახურში 1887 წლის 17 დეკემბრიდან ჩადგა. ოფიცრის პირველი ჩინი მიანიჭეს თურქესტანის მე-4 ბატალიონში სამსახურის დროს – პოდპორუჩიკი (14.08.1895), პორუჩიკი (14.08.1899), შტაბს-კაპიტანი (14.08.1903).

1904–1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II- მ იაპონელებთან მამაცურად მებრძოლი შტაბს–კაპიტანი საბრძოლო დამსახურებისთვის წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა (მახვილებითა და ბაფთით, 1905). ბრძოლაში შეუპოვარი ოფიცერი იმავდროულად დიდ შემწყნარებლობას იჩენდა იაპონელი სამხედრო ტყვეების, განსაკუთრებით კი ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა მიმართ. ყოველივე ეს შეიტყო და სათანადოდ შეაფასა იაპონური არმიის სარდლობამ. სახელგანთქმულმა იაპონელმა ადმირალმა, პორტ-არტურსა და ცუშიმასთან მომხდარი სისხლისმღვრელი ბრძოლების გმირმა ჰეიჰაჩირო ტოგომ (1847-1934) სტეფანე ახმეტელს, როგორც ღირსეულ მოწინააღმდეგეს, თავისი რჩეული სამურაის ხელით, საჩუქრად იაპონური მახვილი გაუგზავნა. ეს საპატიო ჯილდო დაცულია ქართველი კავალერის ძმისწულის, მზია ახმეტელის (აკად. რამაზ მიტროფანეს ძე ლაღიძის მეუღლე) ვაჟის - ჯუანშერ ლაღიძის ოჯახში.

1907 წლის 14 აგვისტოს სტეფანე ახმეტელი კაპიტნად დააწინაურეს. 1910 წელს წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი დაიმსახურა; 1913 წელს თურქესტანის მე-9 მსროლელთა პოლკში მსახურობდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და დაჯილდოვდა წმ. ანნას მე-2 ხარისხის ორდენით ხმლებით (1916); ასევე, წმ. გიორგის მე-4 ხარისხით (1917); 19.04.1915–ში მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებ; 1917 წლის მაისში კი მე-6 საზღვაო პოლკის უფროსად გადაიყვანეს. 

1918–1921 წლებში სტეფანე ახმეტელი მსახურობდა ქართულ ჯარში.  1918 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მას პირველს  მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ქართული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი, სასაზღვრო ჯარების პირველი სარდალი იყო. სარდლობდა კორპუსს, თბილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, ხელმძღვანელობდა სამხედრო  აღლუმებს. მას ჩაუბარებია პატაკი ნოე ჟორდანიასთვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის აღსამიშნავ საზეიმო აღლუმზე. 1918 წელს დაჯილდოვდა „თამარ მეფის“  ნიშნით.

1921 წლის თებერვალში მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ მე-6 ათასეულთან ერთად ნაბიჯ–ნაბიჯ დასავლეთისკენ იხევდა და იძულებული შეიქმნა დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და დუშეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მალე გაასამართლეს და რუსეთში გადაასახლეს. რა თქმა უნდა, თავისუფლების მოყვარე, პატრიოტი სამხედრო პირისთვის, პიროვნული და ეროვნული ტრაგედია იყო სამშობლოს ხელმეორე ოკუპაცია და ანექსია. მან თავისუფლების ხელყოფა, სამშობლოს დამონება და ციხის რეჟიმის გადატანა ვერ შეძლო. 1922 წელს ქალაქ რიაზანის ციხის საკანში აღესრულა. ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.

სტეფანე ახმეტელს განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა უმცროს ძმასთან, სიმონ (სიკო) ახმეტელთან (სამხედრო პირი, პროფესიით ვეტექიმი). იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ამშვენებს. სიკო ავადმყოფ ძმას თან გაჰყვა გადასახლებაში. გზაში უვლიდა და ამხნევებდა. ამის გამო ისიც დაატუსაღეს. სიმონი ამაყობდა, რომ სნეული გენერალი ღირსეულად იქცეოდა, პატიმრები და თვით ციხის ადმინისტრაციაც პატივისცემით ეპყრობოდნენ. იგი ხუთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1930 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ვეტერინარულ სამსახურში. 1937 წელს კი კვლავ დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს.

სტეფანე ახმეტელის უფროსი ძმა იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი. 

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/სტეფანე_ახმეტელი

2. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ.302

3 www.grwar.ru/persons/persons.html?id=6488 

4. არველაძე, ნათელა. ახმეტელები ასწლიან ომში . - თბ., 2006.  – გვ. 113–124.

5. ჯავახიშვილი, ნიკო. ამომავალი მზის ქვეყანა ქართველთა თვალით / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი.- თბილისი, 2014.- ივნისი.- N6 (42).- გვ.12-19

6. გოგიტიძე, მამუკა. სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი: გენერალ-მაიორი (1918) // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 17

 


გააზიარე: