The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი გამყრელიძე

გიორგი გამყრელიძე
Other name:გრიგოლ ზოდელი  (Pseudonym)
Date of birth:4 November, 1903
Date of death:19 May, 1975  (at 71 years)
Burial location:მიუნხენი, გერმანია
Category:Poet

Biography

გიორგი გამყრელიძე 1903 წ. 4 ნოემბერს დაიბადა ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში. მამა – მიხეილ გამყრელიძე შავი ქვის მრეწველი იყო, ჭიათურაში საკუთარი მაღაროები ჰქონდა და თავად ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა. გიორგი გამყრელიძე სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიაში სწავლისას დაარსა ჟურნალი „ბაღდადის წეროები“, რომლის რედაქტორი თვითონვე იყო. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

გიორგი გამყრელიძის პირველი ლექსები ცისფერ ყანწელთა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებში“ იბეჭდებოდა. 1920 წ. საქართველოში გამოიცა მისი ლექსების წიგნი „შემოდგომის ჭიანურები“, 1922 წელს კი –  გრიგოლ ზოდელის ფსევდონიმით „დალურსმული ხელები“.

1923 წ. გიორგი გამყრელიძე გერმანიაში გაემგზავრა და ქ. კიოტენში, მამის სურვილით, სამთო–საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1927-1937 წლებში მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც გერმანელი ქალი შეირთო ცოლად.

1937 წ. გიორგი გამყრელიძემ თავისი სპეციალობით ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო მუშაობა. 1941 წ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, ჯერ ტეხასის შტატ დალასში, 1957 წლიდან – ვაშინგტონში. აქ დაიცვა მან ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობაში და მუშაობდა ვაშინგტონის ბიბლიოთეკაში – აღმოსავლური მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში, პარალელურად ქართული ლიტერატურის საკითხებზე გადაცემები მიჰყავდა რადიო „ამერიკის ხმაში“. იგი მეგობრობდა და მიმოწერა ჰქონდა ევროპაში დარჩენილ გრიგოლ რობქიძესთან (რომელიც მის პოეზიას მაღალ შეფასებას აძლევდა), მიხაკო წერეთელთან, კიტა ჩხენკელთან, გიორგი ყიფიანთან, ვიქტორ ნოზაძესთან, ნიკო და კალისტრატე სალიებთან.

1972 წ. გიორგი გამყრელიძე მეუღლითურთ გერმანიაში, ქ. მიუნხენში დაბრუნდა, სადაც 1975 წ. გარდაიცვალა.

გიორგი გამყრელიძე რამდენიმე უცხო ენას (რუსული, გერმანული, ჩეხური, ფრანგული, ინგლისური) ფლობდა, რამაც საშუალება მისცა ზოგიერთი ძეგლი ქართულად ეთარგმნა. კერძოდ, გოეთეს „ფაუსტი“ და „ველის ვარდი“, შილერის „ხელთათმანი“, ჰაინეს „ლორელაი“, ჰერმან ჰესეს „ჯუჯა“, ჯ. კილმერის „ხეები“, ედგრ ალან პოს „ყორანი“, რობერტ ფროსტის „შეჩერება ტყეში თოვლიან საღამოთი“, და „სილის ბორცვები“, კ. სანდბურგის „ნისლი, პოლ ვერლენის „დაისი“, არტურ რემბოს „ძველი კარადა“, შარლ ბოდლერის „შემოდგომის სიმღერა“.

 

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია - თბ., 2003. - . 3. გვ. 90-92.

2. ნიშნიანიძე, რ. (რუსუდან). მეორედ... : ამერიკაში მოგზაურობის დღიური.  თბ., 2012


Share: