The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო ხარატიშვილი

ნინო ხარატიშვილი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

„...მწერლობაზე ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა. მეგონა ხელნაწერს ჩავაბარებდი, დაიბეჭდებოდა, უკეთეს შემთხვევაში, დაიწერებოდა რეცენზია და საქმე ამით დამთავრდებოდა. რეალურად კი მიკროსკოპის ქვეშ აღმოვჩნდი, სადაც პუბლიკა გამადიდებელი მინით მაკვირდებოდა. გამუდმებული რიდინგები, ლიტერატურული საღამოები, ჟურნალისტებთან ურთიერთობა... ამ ყველაფერს შეუჩვეველი ვიყავი, რადგან თეატრში ძირითადად კულისებში ვიდექი, ლიტერატურაში კი თავად აღმოვჩნდი სცენაზე, ამან ცოტა დამაბნია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა,“ – ეს სიტყვები გერმანიაში მოღვაწე ქართველ მწერალს, დრამატურგსა და რეჟისორს ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის.

დაიბადა თბილისში 1983 წელს. 1995-97 წლებში გერმანიაში სწავლობდა, შემდეგ თბილისში დაბრუნდა, მე-6 გიმნაზია დაამთავრა და  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა. ამავე წელს ჰამბურგის თეატრის აკადემიაში დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2005 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმით – „მტრედები“ დაიცვა  დიპლომი თბილისში, 2007 წელს კი „მედეას“ საკუთარი ვერსიით წარსდგა ჰამბურგის თეატრის აკადემიის სცენაზე. 2006 წელს გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის (მოსკოვი, GITIS) თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. ამავე წელს, 23 წლისამ პირველი სპექტაკლი დადგა ბერლინში. 26 წლის ასაკში ჰამბურგში დადგა საკუთარი პიესა “Z”, რასაც  თეატრალური საზოგადოების ინტერესი და არაერთ ფესტივალზე მიწვევა მოჰყვა.

ნინო ხარატიშვილი პიესებს ბავშვობიდან წერს, თუმცა მაშინ არ ფიქრობდა, რომ ეს მისი მთავარი პროფესია გახდებოდა. მხოლოდ გერმანიაში მიხვდა - ეს საქმიანობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჰობი. გასართობად დაწერილი პიესები უჯრიდან ამოალაგა და სრულიად უპრობლემოდ დაბეჭდა. ხმაურიანი დებიუტის შემდეგ გამომცემლები თავად უკავშირდებოდნენ. ძირითადად თავის დაწერილ პიესებს დგამს, თუმცა ეს მხოლოდ მისი სურვილი არ არის - პიესას თეატრი უკვეთავს. 2008 წელს მიიღო ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი პიესისათვის „ლივ შტაინი“, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა". იმავე წელს დაჯილდოვდა როლფ მარეს პრემიით პიესისათვის „აგონია“, კატეგორიაში „წლის საუკეთესო დადგმა“ .

წარმატებული აღმოჩნდა ნინო ხარატიშვილის დებიუტი პროზაში. 2006 წელს დაწერა რომანი „ჟუჟა“, რომლის გამოქვეყნებაც ძალიან გაუჭირდა, რადგან ვერ გაიგეს რა ჟანრი იყო და ხელს არავინ კიდებდა. სამწლიანი ძიების შემდეგ ნინომ მიაგნო „ბანდიტების გამომცემლობას“ (Verbrecher Verlag), რომელიც ხარისხიან, თუმცა ნაკლებად კომერციულ ლიტერატურაზე მუშაობდა. გამომცემლობამ გარისკა და რომანი დაბეჭდა. „ჟუჟას“ დიდი გამოხმაურება და დადებითი რეცენზიები მოჰყვა, რაც გამომცემლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. 2010 წელს „ჟუჟა“ გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

2011 წელს გამოვიდა ნინო ხარატიშვილის მეორე წიგნი „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, რომელშიც  ქართული თემატიკა შემოიტანა ავტორმა. კრიტიკოსთა ნაწილმა ნაწარმოები „თანამედროვე კლასიკად“ შეაფასა და წლის 10 საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში შეიყვანა.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნინო ხარატიშვილი სამშობლოში ჩამოსვლას ყოველწლიურად ახერხებს. 2012 წლიდან უკვე ქართველი მაყურებელიც იცნობს – თბილისის სამეფო უბნის თეატრის სცენაზე მან თავად დადგა საკუთარი პიესა „ლივ შტაინი“.

2010 წელს ნინო ხარატიშვილმა გერმანული ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მიიღო ადალბერტ ფონ შამისოს პრემია. მისი პიესები იდგმება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და რუსეთის თეატრების სცენაზე.

წიგნები: 

2010 – ჟუჟა.

2011 – ჩემი ნაზი ტყუპისცალი.

2014 – მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის).

პიესები და ინსცენირებები:

2006 – "Z", ჰამბურგი, თეატრი თალია.

2007 – სადიპლომო დადგმა: "ჩემი და შენი გული – მედეა". ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი.

2007 – "le petit Maitre". კასელის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი იეტე შტეკელი.

2007 – "აგონია". ავტორისეული დადგმა, ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.

2008 – "დაღლილი ადამიანები - ერთ სივრცეში". ავტორისეული დადგმა, ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.

2008 – "ზელმა". დამდგმელი რეჟისორი ნინა მათენკლოთცი.

2009 – "ლივ შტაინი". ავტორისეული დადგმა, ქალაქ ჰაიდელბერგის თეატრი.

2009 – "ალჟირი". ავტორისეული დადგმა, ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.

2009 – "ჯორჯია". ვენაში გამართული ავტორთა ფესტივალი: დრამატული თხრობა დღეს. დამდგმელი რეჟისორი ჰანან იშაი.

2010 – "რისხვა". დამდგმელი რეჯისორი ფელიქს როთენჰოისლერი, გიოტინგენი, გერმანული თეატრი.

2010 – "Radio Universe", დამდგემლი რეჯისორი ნინა მათენკლოთცი, ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი.

2010 – "ჩემი უსაშინლესი ბედნიერების წელიწადი", ავტორისეული დადგმა, ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.

2011 – "ლივ შტაინი", ავტორისეული დადგმა, სამეფო უბნის თეატრი.

2012 – "კოკორო", ავტორისეული ქართულ–გერმენულენოვანი დადგმა, საარბრიუკენის თეატრი.

 წყარო: 

  1. ხარატიშვილი, ნინო. გზის გაკვლევა არ გამჭირვებია: ინტერვიუ / ნ. ხარატიშვილი; ესაუბრა ნანა კობაიძე // ლიტერატურული გაზეთი. – 2012. – 28 დეკემბერი. – N89. – გვ. 12, 14.
  2. ხარატიშვილი ნინო. ქართველი დრამატურგი გერმანულ სცენაზე: ინტერვიუ / ნ. ხარატიშვილი; ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. – 2012. – 27 აგვისტო. – N34. – გვ. 44-45.
  3. http://ka.wikipedia.org/wiki

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - გერმანიის დამოუკიდებლ გამომცემლობათა ასოციაციის პრემია
    რომანი: "ჩემი ნაზი ტყუპისცალი"
  • 2010 - ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია
    გერმანული ლიტარატურის განვითარება
  • 2008 - ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარი საავტორო პრიზი, წლის საუკეთესო პიესა
    პიესა: "ლივ შტაინი"
  • 2008 - როლფ მარესის პრიზი, წლის საუკეთესო დადგმა
    პიესა: "აგონია"

გააზიარე: