The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბეზმიალემ ვალიდე სულთანი

Date of birth:18??
Date of death:3 May, 1853
Category:Royalty

Biography

წარმოშობით ქართველი ბეზმიალემ ვალიდე სულთნის დაბადების ადგილი და თარიღი უცნობია. განათლება ოსმალეთის სულთანის სასახლეში მიიღო და სულთან მაჰმუდ II-ის მეუღლე გახდა. 1823 წლის 25 აპრილს უფლისწული აბდულმეჯიდი შეეძინა.

სულთან მაჰმუდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1839 წლის 20 ივნისს სულთნის ტახტზე მისი ვაჟი აბდულმეჯიდი ავიდა, ბეზმიალემი კი ვალიდე სულთანი გახდა. აბდულმეჯიდი  პატარა და სახელმწიფო საქმეებში გამოუცდელი იყო, ამიტომ სახელმწიფო მართვის საქმეებში მისი მრჩეველი დედა გახდა. ბეზმიალემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შვილის პოლიტიკურ აღზრდაში. იგი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილობდა სახელმწიფოს მართვაში. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სულთნის მოგზაურობის დროს, სასახლის და სახელმწიფო საქმეებს განაგებდა, საჭიროების შემთხვევაში ჩინოვნიკებს ბრძანებებსაც აძლევდა, ზოგჯერ კი ოფიციალურ მიღებებსა და წვეულებებსაც აწყობდა. 1853 წლის 3 მაისს ბეშიქთაშის სასახლეში ვალიდე სულთანი უეცრად შეყრილი ავადმყოფობით გარდაიცვალა.

სულთანი აბდულმეჯიდი დედის გარდაცვალებამ ძალიან დაამწუხრა და პომპეზურად დაკრძალა მეუღლის გვერდით, ჯაღაოღლუსში, მდებარე აკლდამაში. სულთანმა დედის სახელზე დიდი რაოდენობით ფული დაურიგა სასახლის მოსამსახურეებს, მასწავლებლებს, იმამებსა და ღარიბებს.

ბეზმიალე ვალიდე სულთანს ჭკვიან, წინდახედულ, გულისხმიერ, გულუხვ და გამორჩეულ პიროვნებად ახასიათებენ. იგი სახელმწიფოსაგან მიღებულ პენსიასა და სხვა შემოსავლებს ღარიბებსა და უპოვრებს ურიგებდა, ბევრს ხარჯავდა საქველმოქმედო საქმეებზე, ზრუნავდა სწავლულ სუფიებზე, დერვიშთა სავანეებს დიდი რაოდენობით შესაწირს უგზავნიდა, დადიოდა ქუჩებში და ღარიბ-ღატაკებს დახმარების ხელს უწვდიდა, ობოლ გოგონებს ათხოვებდა, მათ, ვინც ვალებს ვეღარ იხდიდა ან საპატიმროში იჯდა, ფულსა და სხვადასხვა ნივთებს შემწეობად აძლევდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი საავადმყოფოს, ხიდის, სასწავლებლისა და მეჩეთის მშენებლობა. ამიტომ ოსმალეთის იმპერიის ქართველი დედა-დედოფალი XIX საუკუნის ოსმალეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებად ითვლება.

წყარო:

1. ქასაბი, მურად. სულთნების დედები და უფლისწულთა მეუღლეები : შადიე ჰანიმეფენდი // ოსმალეთის ქართველები / მურად ქასაბი. - სტამბოლი, 2012. - ISBN 978-605-63115-1-2. - გვ.434-438.

2. კალანდია, გიორგი. ნაკშიდილ ვალიდე სულთანი // ქართველები მსოფლიო ისტორიაში : [12 ტომად]. ტომი 3, თურქეთი, ალჟირი, მაროკო / გიორგი კალანდია . - თბილისი,  2021 . – ISBN 9789941324659 (ტომი 3). - გვ. 120-121.


Share: