The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გივი ივანეს ძე ამილახვარი

გივი ივანეს ძე ამილახვარი
Date of birth:25 April, 1874
Date of death:15 November, 1943  (at 69 years)
Burial location:სენტ-ჟენევიევა-დე-ბუას რუსულ სასაფლაო, პარიზი
Category:Military Person

Biography

გივი ამილახვარი  (Амилахваров) დაიბადა 1874 წლის 25 აპრილს, თბილისში, რუსეთის არმიის კავალერიის გენერლის ივანე გივის ძე ამილახვარისა (1829-1905) და ანა ალექსანდრეს ასულ [ქსნის] ერითავის (1848-1934)  ოჯახში. გივის გარდა მათ კიდევ სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ: მიხეილი (1870-1872), ალექსანდრე

(1876-?), კონსტანტინე (1877-1927), ნინო (1872-1933), მართა ( 1875-1937), ელენე (1880-1883) და ანასტასია (1883-?).

პირველი მსოფლიო ომის გმირი გივი ამილახვარი რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი იყო. მას დამთავრებული ჰქონდა თბილისის კადეტთა კორპუსი (1892) და სანკტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი (1896).

როგორც კამერ-პაჟი, ესწრებოდა იმპერატორ ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძის და იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდორის ასულის კორონაციას მოსკოვში.

გივი ამილახვარმა წარმატებით დაასრულა აგრეთვე სანკტ-პეტერბურგის კავალერიის ოფიცერთა სკოლა.

სამხედრო სამსახური დაიწყო 44-ე  ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში (კორნეტი). 1902 წლიდან მეთაურობდა გორის 259-ე სარეზერვო პოლკს.

1899 წელს პორუჩიკის წოდება მიიღო, 1903 წელს - შტაბს-როტმისტრის და 1907 წელს - როტმისტრის.

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877-1878) და  რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში.

რუსეთ-იაპონიის ომის დროს თავი გამოიჩინა მუკდენის ბრძოლაში.

1906 წელს დააჯილდოვეს წმ. ანას მე-4 ხარისხის, ხოლო 1907 წელს - წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით ( ხმლებით და ბაბთით).

1905-1914 წლებში იგი გახლდათ კავკასიის გუბერნატორის, კავალერიის გენერალ გრაფი ვორონცოვი-დაშკოვის (კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის) ადიუტანტი.

1913-1914 წწ. მეთაურობდა სარდლის ბადრაგს.

1914 წლის აგვისტოდან დაღესტნის მე-2 საცხენოსნო პოლკის მეთაური იყო. ამავე წელს პოდპოლკოვნიკის, ხოლო 1915 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიიღო.

ჯილდოები: წმ. ანას მე-3 (1909), წმ. სტანისლავის მე-2 (1912), წმ. ვლადიმირის მე-4, ხმლებითა და ბაფთით (1915) და წმ. ვლადიმირის მე-3 (ხმლებით, 1916) ხარისხის ორდენები.

1916 წელს დააჯილდოვეს წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით, 1917 წელს -   რუსეთის იმპერიის გამორჩეული ჯილდოთი, სასაჩუქრე იარაღით - ოქროს ხმლით მამაცობისთვის (ჯილდოს დაწესებიდან უკანასკნელ დაჯილდოებამდე  (1720-1917) სულ გაცემულია 2 500-მდე ოქროს იარაღი).

მიღებული ჰქონდა უცხოური ორდენებიც: ერნესტინის სახლის "Pour le Verite" III ხარისხის (05/14/1896) და სპარსეთის ლომისა და მზის მე-4 ხარისხის (1901) ორდენები.

ოქტომბრის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე (1917, 28,09) მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი (მიანიჭა რუსეთის დროებითმა მთავრობამ).

1916 წლიდან გივი ამილახვარი გალდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.

1923 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. მუშაობდა ტაქსის მძღოლად. 1934 წლიდან პაჟთა კავშირის მთავარი საბჭოს წევრ-კანდიდატი, საცხენოსნო სპორტის მთავარი  საბჭოს წევრი იყო. მისი ნათლულია დიმიტრი ამილახვარის უმცროსი შვილი - თამარი (1935-2019).  

გივი ამილახვარი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ანა გრიგოლის ასულ კუზნეცოვაზე, მეორედ - ნ. იუნგერზე. შთამომავლობა არ დარჩენია.

გარდაიცვალა 1943 წლის 15 ნოემბერს პარიზში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევა-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki/Амилахвари,_Гиви_Иванович

http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00005930/

https://ru.wikipedia.org/wiki/i/Амилахвари,_Гиви_Иванович

ამილახვარი გივი ივანეს ძე... // ქართველები პირველ მსოფლიო ომში /კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა გიორგი კალანდიამ. - თბილისი, 2014. - გვ. 64.

ლაბაძე რუსუდან. ვინ იყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული გმირის დიმიტრი ამილახვრის პაპა? // მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია.– 2021. – N2. გვ.59-79.


Share: