The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პლატონ კაკაბაძე

პლატონ კაკაბაძე
Date of birth:1 September, 1864
Date of death:10 December, 1895  (at 31 years)
Burial location:მაცხოვრის ეკლესიის გალავანი, ხონი
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი) პლატონ მიხეილის ძე კაკაბაძე დაიბადა 1864 წლის 1 სექტემბერს, ქ. ხონში. როგორც გადმოგვცემენ, ბავშვს დედის - სოფიო ბაღათურიას მუსიკალური ნიჭი და საამო ხმა გამოჰყვა.

პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო. შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს. აქვე ­გაიცნო და დაუახლოვდა ფილიმინ ქორიძესა და მელიტონ ბალანჩივაძეს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს მისი მუსიკალური გემოვნების ფორმირებაში. პლატონი ხშირად იყო მათთან, მონაწილეობდა კონცერტებში, სწავლობდა ინსტრუმენტებზე დაკვრას და ხმას ავარჯიშებდა.

პ. კაკაბაძეს ჰქონდა უნიკალური ჟღერადობის ძლიერი ხმა, მდიდარი არტისტული მონაცემები. იგი წარმატებით გამოვიდა ქუთაისის ხარაზიშვილების თეატრში ფ. ქორიძის მიერ დადგმულ ოპერის ერთ სცენაში და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.

1890 წლის ზაფხულში , პეტერბურგში გასამგზავრებლად საჭირო ფულის შესაგროვებლად, პლატონმა კონცერტები გამართა ქუთაისში, სოხუმში, ხონში. კონცერტებს დიდი წარმატება ხვდა წილად , რაშიც თავისი წვლილი შეიტანა მლიტონ ბალანჩივაძემ, რომელიც აკომპანიატორობას უწევდა.

1890 წელს, პლატონ კაკაბაძე გაემგზავ­რა პეტერბურგში და 1891 წელს იქვე ჩაირიცხა კონსერვატორიაში. მ. ბალანჩივაძე სატახტო ქალაქშიც მფარველობდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა და თავის ბინაშიც შეიფარა.

მომღერალმა 1891 წლის 16 ივნისს წარმატებით ჩააბარა გამოცდა სტეპენდიის მოსაპოვებლად პეტერბურგის საიმპერატორო თეატრში. დაუნიშნეს სტიპენდია 100 მანეთის ოდენობით, რაც იმ დროისთვის კარგი თანხა იყო.

პ. კაკაბაძე კონსერვატორიაში სწავლის დროს ხშირად გამოდიოდა საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებზე. ჭაბუკის ქებამ სამშობლოშიც ჩამოაღწია და 1891 წლის 15 ოქტომბრის „ივერიაში“ მასზე წერილი გამოქვეყნდა.  

1893 წელს, საიმპერატორო თეატრის შუამდგომლობით, მომღერალი სწავლის გასაგრძელებლად მიავლინეს იტალიაში, მილანის კონსერვატორიაში, სადაც სამი წელი მეცადინეობდა პროფესორ სებასტიანო რონკონის, გიორგ სამარკოსა და სხვა გამოჩენილ მუსიკოს-პედაგოგთა ხელმძღვანელობით.

1893-1895 წწ. „იმერლის" ფსევდონიმით გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე. ასრულებდა მთავარ პარტიებს ოპერებში – შ. გუნოს „ფაუსტი", გ. დონიცეტის „ფავორიტი ქალი" და სხვ.

1895 წლის აპრილში, უკვე საუკეთესო საოპერო არტისტად აღიარებული, რუსეთში დაბრუნდა და „მარიას თეატრში" აპირებდა მოღვაწეობას. დებიუტიც და­უნიშნეს, მაგრამ მოულოდნელად ცუდად შეიქნა და ხმა ჩაეხრინწა. წარუმატებლობამ ძალიან დათრგუნა, ავად გახდა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდა.

ამ ტრაგედიის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი მალევე გარდაიცვალა, ხონში, მშობლების სახლში (1895, 10 დეკემბერი). დაკრძალულია იქვე, მაცხოვრის ეკლესიის გალავანში.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 233

საქართველო: ენციკლოპედია. ტ.IV. - თბილისი, 2014. - გვ. 474.

გორდაძე, . პლატონ კაკაბაძე:[მომღერლის დაბადების 100 წლისთავის გამო] / . გორდაძე // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1965. - 28 მაისი


Share: