The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჯარჯი ბალანჩივაძე

ჯარჯი ბალანჩივაძე
Date of birth:21 August, 1941
Date of death:8 June, 2011  (at 69 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Musician, Painter

Biography

პიანისტი, დირიჟორი, მხატვარი ჯარჯი ბალანჩივაძე დაიბადა 1941 წლის 21 აგვისტოს, თბილისში, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის (1906-1992) ოჯახში. კომპოზიტორი იყო მისი ბაბუაც, მელიტონ ბალანჩივაძე (1863-1937), პირველი ქართული ოპერის, „დარეჯან ცბიერის“ ავტორი.

ოჯახის დანარჩენი წევრებიც ხელოვნებას ემსახურებოდნენ: დედა - ნატუსია (პანა) ჯიბლაძე, მსახიობი და მხატვარი გახლდათ, მამიდა თამარი (1902-1943) -  მხატვარი (ცხოვრობდა რუსეთში, დაიღუპა ლენინგრადის ბლოკადის დროს), ბიძა, გიორგი  (ჯორჯ ბალანჩინი) (1904-1983) - ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი. ჯარჯის და, ცისკარა, ბალერინა გახდა. ხელოვნებას მხოლოდ უფროსმა ძმამ, ამირანმა (1934-1995) „უღალატა“, რომელმაც პროფესიად ფიზიკოსობა აირჩია.

ჯარჯი ბალანჩივაძე მუსიკის სამყაროს ბავშვობიდან ეზიარა. ადრეული ასაკიდან ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლო შემსრულებელი, მაგრამ მას ხელოვნების სხვა დარგებიც იტაცებდა და არანაკლები გატაცებით ხატავდა.

1960 წ. – დაამთავრა თბილისის ნიჭიერ ბავშვთა ათწლედი ( ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია). პედაგ. თ. ჩარექიშვილი (ფ-ნო).

1964 წ. – მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო განხრით. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მუსიკოსები ლევ ობორინი და მარია იუდინა.

1972 - 1976  წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

ჯარჯი ბალანჩივაძე არის კამერულ-საორკესტრო ანსამბლი „ორფეუსის“ დამაარსებელი (1971) და ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც ახორციელებდა საკუთარ პროექტებს.

მუსიკოსი ავტორია მთელი რიგი სიმფონიური, კამერულ–ინსტრუმენტული და სხვა ჟანრის ნაწარმოებებისა. აღსანიშნავია, რომ ის ანსამბლ „ორფეუსისთვის“, რომელსაც მოგვიანებით ანდრია ბალაინჩივაძის სახელი მიენიჭა, ქმნიდა სხვადასხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების ტრანსკრიფციებს.

ჯარჯი ბალანჩივაძეს გამართული აქვს მრავალი კონცერტი, როგორც სოლო, ასევე კამერულ ორკესტრთან ერთად. რეპერტუარში მრავლად ჰქონდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ის იყო ანდრია ბალანჩივაძის საფორტეპიანო ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, მათ შორის N3, N4 და N5 საფორტეპიანო კონცერტებისა.

სხვა რეპერტუარი: მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები, შოპენის ქმნილებები, პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი N1 (b moll)…

პიანისტი გახლდათ ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა 1-ლი კონკურსის ლაურეატი (1960), ასევე, იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი და ფ. ლისტის სახელობის მედლის (1991 წ., უნგრეთი) მფლობელი.

მუსიკასთან ერთად, ჯარჯი ბალანჩივაძე გატაცებული იყო ფერწერით. არაერთ ქვეყანაში ჰქონდა  პერსონალური გამოფენები, რომელთაც პოპულარობა მოუტანეს,

როგორც საქართველოში, ასევე უნგრეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და იტალიაში.

მისი მოღვაწეობა, საქართველოს საზღვრებსაც გასცდა და თავი უცხოეთშიც  დაიმკვიდრა. მისი 400 მდე ნამუშევარი დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კოლექციონერთა კერძო კოლექციებში.

ჯარჯი ბალანჩივაძემ მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვანის ურთიერთობა გერმანიასთან. იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ცნობილ გერმანელ მეცენატთან, შემოქმედებით- თერაპიულ ცენტრ  “მელხიორსგრუნდის” დამფუძნებელ ვოლფგანგ ფრიკესთან.

გარდა ამისა, ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდა საქართველოსთან დაძმობილებულ ქალაქ რადეფორმვალდეს წარმომადგენელ, იმპრესარიო როის ჰაინცთან.

1996 წელს, ამ ქალაქში საგასტროლო მოგზაურობისას ჯარჯი ბალანჩივაძეს   რადეფორმვალდეს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გერმანელმა ხელოვნებათმცოდნე კარლ ჰაინც დენეკემ, მის თვითმყოფად, მკვეთრად გამორჩეულ მხატვრულ სტილს “პერსონალური მითოლოგია” უწოდა.

გერმანიაშივე დაარსდა ჯარჯი ბალანჩივაძის ხელოვნების ხელშემწყობი მეგობართა” წრე - “ორფეოს გეორგია”, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა მისი კონცერტებისა და გამოფენების ჩატარებას ევროპის სხადასხვა ქვეყანაში.

ჯარჯი ბალანჩივაძის ცხოვრების და შემოქმედების დიდი ნაწილი უკავშირდება ასევე სასცენო დადგმებს. მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა “სინთეტიკურ თეატრს”, სადაც გააერთიანა ხელოვნების სხვადასხვა დარგები და სადაც წამყვანი როლი მუსიკას ეჭირა. მის სახელს უკავშირდება „კარგად განტემპერირებული კლავირის“ შექმნა, ინსტრუმენტისა, რომელმაც საშუალება მისცა ძველი ტემპერაციისგან სრულიად განსხვავებული, უნიკალური ჟღერადობის ნაწარმოებები დაეწერა.

ჯარჯი ბალანჩივაძის მხატვრობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის “სოციალური რეალიზმის” დასრულების პერიოდში, როცა მისი ნამუშევრები ქართველი მაყურებლის წინაშე გამოჩნდა. ხელოვანმა ფერზე მუშაობაშიც ახალი მეთოდები და მიდგომები გამოიყენა. მისმა თავისუფალმა სტილმა, ფერადოვნებამ, სიმსუბუქემ, მხატვრულ შემოქმედებაზე ნოვატორულმა შეხედულებებმა, არაერთ ქართველ მხატვარზე იქონია გავლენა და დღემდე ახდენს ზემოქმედებას.

ჯარჯი ბალანჩივაძე გარდაიცვალა 2011 წლის 2 ივნისს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მამის, ა. ბალანჩივაძის გვერდით.

2022 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენას – ,,დანახული ხიდთან“.

გამოფენის გახსნის  ღონისძიებაზე ჯარჯი ბალანჩივაძის ფერწერული ნამუშევრების საიუბილეო ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელზეც იმუშაეს მისი ოჯახის წევრებმა – შვილმა, მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ და მეუღლემ, მუსიკოსმა ქეთევან მაჭავარიანმა.

წყარო:

ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 36

https://art.gov.ge/ge/portfolio/ბალანჩივაძე-ჯარჯი/

https://www.georgianclassic.ge/composer/balanchivadze-jarji/

ჯანდიერი, როდამ. მოგონებები ჯარჯი ბალანჩივაძეზე / როდამ ჯანდიერი // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. - თბილისი, 2013. - N2(16). - გვ.51-56. 

ჯარჯი ბალანჩივაძე, 1941-2011, პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, მხატვარი = Jarji Balanchivadze, 1941-2011, pianist, composer, conductor, artist. - თბილისი, 2022


Share: