The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე
Date of birth:1969  (55 years)
Category:Musician, Educator

Biography

მუსიკოსი, პედაგოგი გიორგი ისაკაძე სამ ათეულ წელზე მეტია გერმანიაში, ქალაქ ინგოლშტადტში ცხოვრობს, სადაც დააარსა მუსიკისა და კლასიკური ბალეტის სასწავლებლები.

დაიბადა მუსიკალურ ოჯახში. როგორც თავად ამბობს, მათ ოჯახში მუსიკას ყოველთვის თითქმის რელიგიის სტატუსი ჰქონდა. მამა - ვიოლონჩელისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ ისაკაძე, მამიდა -მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

შეუძლებელი იყო ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვს პროფესიად მუსიკოსობა არ აერჩია. მამიდის გავლენით გიორგიც ვიოლინოზე დაკვრას დაეუფლა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ პედაგოგობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე სცენაზე გამოსვლა.

1990 წელს ლიანა ისაკაძემ ბავარიაში, ქალაქ ინგოლშტადტში გადაიყვანა საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი, რომელიც მას შემდეგ „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს. 1984-1998 წლებში ქალბატონი ლიანა იყო ამ ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ორკესტრთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა ისაკაძეების მთელი ოჯახიც.

უცხო ქვეყანამ ქართველი მუსიკოსები ხელგაშლილად მიიღო და ყველას მისცა განვითარების საშუალება.

1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკის აკადემია. ელდარ ისაკაძე პირველივე დღიდან მოღვაწეობდა ამ სასწავლებელში. მოგვიანებით, როცა ლიანა საფრანგეთში გადავიდა, მისი ძმა და ძმისშვილი ინგოლშტადტში დარჩნენ.

მოქმედ მუსიკოსობას, გიორგიმაც პედაგოგობა არჩია. 2000 წელს მან დააარსა ისაკაძის მუსიკალური სკოლა, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგოლშტადტში.

2006 წელს ამავე ქალაქში გახსნა მუსიკისა და ხელოვნების აკადემია – 2013 წლიდან “მუსიკის და ცეკვის აკადემია ისაკაძე და ლუკაშევიჩი”, ხოლო 2017 წელს ცეკვის პედაგოგთან და ქორეოგრაფთან, ლელა ბეჟუაშვილთან ერთად მიუნხენში დააარსა “მუსიკისა და ცეკვის აკადემია ისაკაძე-ბეჟუაშვილი”. კლასიკური ბალეტის გარდა დიდი ყურადღება ექცევა ქართულ ცეკვასაც. ამ სასწავლებლების მოსწავლეებს, როგორც მუსიკალური, ასევე ცეკვის განხრით, სერიოზული მიღწევები აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე.

გიორგი ისაკაძის მუსიკალურ სკოლებში პედაგოგების 80% საქართველოდან არის ჩასული. მათთან   თანამშრომლობდა ელდარ ისაკაძე, ნინო გურევიჩი, დუდანა მაზმანიშვილი, ნატალია ბადრიძე…

1982 წელს ლიანა ისაკაძემ საქართველოში დაარსა კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე კარიერას ჩამოშორდა, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსი გიორგი ისაკაძემ გადაიბარა. და 2018 წლიდან ის ხელმძღვანელობს ყოველწლიური ფესტივალის მომზადებას.

წყარო:

https://sarkenews.ge/2018/12/liana-isakadze-qmris-gardatsvalebis-shemdeg-stsenas-aghar-daubrunda-rogor-zrdida-thavis-dzmisshvils-tsnobili-mevioline/ 

https://fortuna.ge/giorgi-isakadze-ghamis-serenadebi-klasikuri-musikis-zeimad-shedga/

 


Share: