The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ტიციან შარაშიძე

ტიციან შარაშიძე
Date of birth:25 October, 1898
Date of death:22 June, 1955  (at 56 years)
Category:Singer, Filmmaker

Biography

ტიციან ეპიფანეს ძე შარაშიძე დაიბადა 1898 წლის 25 ოქტომბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ინტაბუეტში (ახლანდელი ჩაისუბანი).

მდიდარი გურული ხალხური სიმღერა იყო მისი ბავშვობის თავისებური მუსიკალური სკოლა. დაწყებითი განათლებაც მშობლიურ სოფელში მიიღო და შემდეგ სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში გააგრძელა.

1915 წელს ტიციანმა გიმნაზია დაამთავრა. ამ პერიოდში მამა გარდაეცვალა, რამაც  მატერიალური დაბრკოლება შეუქმნა. სწავლის გაგრძელებაში მას დაეხმარა უფროსი ძმა, ექიმი სევერიან შარაშიძე, რომელიც ბათუმში მუშაობდა. მისი დახმარებით გაემგზავრა უკრაინაში და ჩააბარა ქ. კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1917-1920 წლებში მუშაობდა ბათუმის საავადმყოფოში ექიმის ასისტენტად.

ბუნენით მხიარული და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ბათუმის მოწინავე საზიგადოების ცენტრში მოხვდა. მისმა სასიამოვნო ბარიტონმა ყურადღება მიიქცია და მეგობრების რჩევით ჩაირიცხა იმჟამად ბათუმში მოღვაწე. ვოკალური სკოლის ცნობილ ოსტატ ვრონსკის კლასში.

ჯერ კიდევ ვრონსკის მოსწავლე იყო, როცა მიიღეს ბათუმის სახელმწიფო ოპერის სოლიტად (1921 წ.). გამოდიოდა  შარაშის ფსევდონიმით.

1923 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა, ვოკალური მონაცემების შემდგომი სრულყოფის მიზნით, ტიციან შარაშიძე მიავლინა ქ. მოსკოვში. აქ იგი მოეწყო ვახტანგ მჭედლიშვილის სახელმწიფო სტუდიაში,  სადაც დაეუფლა რეჟისორის პროფესიას. ამ ხელობამ ტიციანი ჯერ კიდევ კიევში სწავლის პერიოდში დააინტერესა, როცა გაიცნო კოტე მარჯანიშვილი, რომელიც იმხანად  „ცხვრის წყაროს“ დადგმაზე მუშაობდა. მასთან უშუალო საუბრებში დაიბადა თეატრალური ხელოვნების სიყვარული და სპექტაკლის დადგმის დიდი სურვილი.

ვ. მჭედლიშვილის სტუდიის დამთავრებისთანავე , 1926 წელს,  ტიციან შარაშიძე მიიღეს მოსკოვის დიდ თეატრში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად (1926-1927 წწ.), ხოლო შემდეგ გადაიყვანეს დამდგმელ რეჟისორად (1927-1940  და 1945-1953 წწ.);

1940-1945 წწ. - ქ. აშხაბადის (თურქმენეთი) ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი;

1935-1941 და 1945-1955 წწ. - ქ. მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და საოპერო კლასის რეჟისორი, კონსერვატორიის კათედრის გამგე, დოცენტი (1939);

განახორციელა 20-მდე საოპერო დადგმა. მოსკოვის დიდ თეატრში: ვერდი "რიგოლეტო" (1933, 1945), "ტრუბადური" (1933), დელიბი "ლაკმე" (1934), ჩაიკოვსკი "იოლანტა" (1940), რუბინშტეინი "დემონი" (1932, 1937, 1953), სპენდიაროვი "ალმასტი" (1930, პირველი დადგმა), იავორსკი „ოქტომბრის შუქურა“ (1930, პირველი დადგმა), ვასილენკო "მზის შვილი"(1929, პირველი დადგმა), ნაპრავნიკი "დუბროვსკი" (1948)., ჟელობინსკი "დედა" (1939); ქ. აშხაბადში: ყულიევი და შეხტერი "იუსუფი და ახმედი" (1942, პირველი დადგმა) და სხვ.;

1945 წელს მიიღო თურქმენეთის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება;

1951 წელს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“;

რეჟისორის მეუღლე იყო სოფიო თედორეს ასული პავლოვა-შარაშიძე, ჟურნალისტთა საკავშირო სახლის დირექტორი.

ტიციან შარაშიძე  გარდაიცვალა 1955 წლის 22 ივნისს, მოსკოვში.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 516

ლაფაური, ს. ქართველი რეჟისორი დიდ თეატრში : [ტიციან შარაშიძე] / ს. ლაფაური // საბჭოთა ხელოვნება. - , 1965. - N8. - გვ.65-68

https://ru.wikipedia.org/wiki/Шарашидзе,_Тициан_Епифанович


Share: