The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თინათინ ჯაფარიძე

თინათინ ჯაფარიძე
Date of birth:1984  (40 years)
Category:Composer, Writer, Journalist

Biography

თინათინ (თინა) ჯაფარიძე გაეროს ჰიმნის თანაავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელია. თუმცა, ის მრავალ სხვა პროფესიასაც ფლობს: კულტურის ფსიქოლოგი, მწერალი, ჟურნალისტი, უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი…

დაიბადა 1984 წელს, თბილისში. მამა, გივი ჯაფარიძე არქიტექტორი გახლდათ. დედა, ქეთი ჩიჩუა პროფესიით პიანისტი იყო და კონცერტმეისტერად მუშაობდა.

1990-იანი წლების დასაწყისში თინა მშობლებთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მამამისი ერთ-ერთ პროქტზე სამუშაოდ მიიწვიეს. მაშინ ეგონათ, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ რუსეთში დიდხანს შემორჩნენ.

პატარა თინათინი მოსკოვის ამერიკულ სკოლაში შეიყვანეს, სადაც, ძირითადად, საელჩოს თანამშრომლების შვილები დადიოდნენ და ყველა საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. სწავლის გარდა თინა სერიოზულად იყო დაკავებული მუსიკით, ძირითადად სიმღერით. იმ პერიოდში მოსკოვში მყოფი ფრანგული დელეგაციის წევრები ეძებდნენ მომღერალს, რომელიც გახსნიდა კანში რუსული კინოს დღეებისთვის მიძღვნილ ფესტივალს. 14 წლის თინა ჯაფარიძის ჩანაწერის მოსმენის შემდეგ არჩევანი მასზე შეაჩერეს.

ასე დაიგეგმა ახალგაზრდა მომღერლის პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე. სადებიუტო გამოსვლაზე მან ფრანგულ ენაზე შეასრულა ჟაკ ბრელის სიმღერა, რომელიც ისე მოეწონათ, რომ იქვე მიიწვიეს ნიცაში ყვავილების კარნავალის დახურვაზე.

მოსკოვში დაბრუნებულმა თინამ მოძებნა მენეჯერი. ეს იყო ეგორ შიშკოვსკი, რომელიც ინგლისში მოღვაწეობდა. 2000 წლის მარტში მისი დახმარებით მოხვდა ლონდონში, ბიბისის რადიოს პროექტით, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მომღერლის წარმოჩენას გულისხმობდა.

ლონდონში თინას ჰქონდა ჩაწერები, ინტერვიუები, ახალ ამბებშიც გამოჩნდა, მაგრამ მალე რუსეთში დაბრუნება მოუხდა, რადგან ჯერ 16 წლისაც არ იყო და სკოლა ჰქონდა დასამთავრებელი. სკოლა ექსტერნად დაამთავრა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა.

2001 წლის ზაფხულში მეორედ გაემგზავრა ლონდონში. ამ დროს უკვე თავადაც წერდა სიმღერებს. წარმატება მაშინვე არ მოსულა, მაგრამ მალე მისი მუსიკით ინგლისის დიდი საგამომცემლო კომპანიები დაინტერესდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ძალიან კარგი საკონტრაქტო პირობებიც შესთავაზა. თინამ  დაიწყო თანამშრომლობა პოლ მაკარტნის კომპანიასთან, ასევე, წერდა სტატიებს  საერთაშორისო ჟურნალებისთვის, იღებდა ინტერვიუებს ცნობილ მუსიკოსებთან. ლონდონში მიიღო მწვანე ბარათი, რომელსაც აძლევდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ვინც წარმატებას მიაღწია ხელოვნებასა და სპორტში. მაგრამ წარმატებული კარიერის მიუხედავად, როცა 2005 წელს ნიუ-იორკში წასვლის შანსი მიეცა, მაშინვე დათანხმდა.

სამწუხაროდ კომპანია, რომელმაც თინა ჯაფარიძე ნიუ-იორკში მიიწვია, მისი ჩასვლის მომენტში გაკოტრებული აღმოჩნდა. ახალგაზრდა მუსიკოსს ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდა, თუმვა სიძნელეებს მედგრად შეხვდა, ყველა წინაღობა დაძლია და ამერიკაში ჩასვლიდან ძალიან მალე, სულ რაღაც ორ თვეში მიიღო „მწვანე ბარათი“.  ამ დროისთვის მას უკვე იცნობდნენ და რეკომენდაციები გაუწიეს ამერიკასა და ევროპაში მუსიკის სფეროში ცნობილმა, წარმატებულმა პიროვნებებმა.
თინა ჯაფარიძის ავტობიოგრაფიული სპექტაკლის „მატრიოშკას“ ჩვენება, რომელშიც თავად თამაშობდა და მღეროდა, გაიმართა ბარიშნიკოვთან, „სტაინვეის ჰოლში“, „მეტროპოლიტენ რუმში“, „თრაიედის თეატრში” და მაყურებლებისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

იმ პერიოდში შესთავაზეს გაეროს  ქარტიაზე სიმღერის დაწერა, ისიც დათანხმდა და მას შემდეგ დაიწყო მისი ურთიერთობა გაეროსთან. მაშინ იქ გენერალური  მდივნის არჩევნები ტარდებოდა. თინა მონაწილეობდა შეხვედრებში, ჰქონდა ინტერვიუები გაეროს პრაქტიკულად ყველა ელჩთან, ამერიკაში სტუმრად ჩასულ პრეზიდენტებთან. მისმა სტატიებმა მოწონება დაიმსახურა. ასე მოხვდა პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში, გახდა გაეროს რუსული და უკრაინული პრესის კორესპონდენტი. თავისი გადაცემაც ჰქონდა გაეროს რადიოში. დღის განმავლობაში ოფისში მუშაობდა, საღამოს კი სტუდიაში მუსიკას წერდა.

20 წლის ასაკში დაწერილი გაეროს ჰიმნი (თანაავტორებთან ერთად) გახდა თინა ჯაფარიძის პირველი წარმატებული სიმღერა. შემდგომი წარმატება იყო ევროვიზია ‒ 2009-ზე, სადაც ისლანდიამ წარადგინა მისი სიმღერა “Is It True?”. სიმღერა მეორე ადგილზე გავიდა და საკმაოდ პოპულარული გახდა ევროპაში.

თინა გაეროდან წამოვიდა და დაიწყო მუსიკალურ სამყაროში სერიოზულად მუშაობა. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა Off-Broadway-ის სპექტაკლზე, რომელიც 2014 წელს დაიდგა და სწორედ მაშინ როცა ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებდა, მოულოდნელად, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში.

„საბუთები ჩემმა ნაცნობმა გაგზავნა. მეგონა, არც კი განიხილავდნენ და არც ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას იმ პერიოდში, მაგრამ უარი, რა თქმა უნდა, ვერ ვთქვი“, - აღნიშნავს თინა ჯაფარიძე.

უნივერსიტეტში კულტურის ფსიქოლოგიის მიმართულებით ისწავლა, მაგისტრატურა კი  პოლიტოლოგიის მიმართულებით  დაამთავრა და გახდა რუსეთის რეგიონული ექსპერტი კიბერუსაფრთხოების განხრით.

2020 წლამდე თინა ამერიკაში არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში იყო ჩართული. აიყვანეს ორი საკმაოდ მსხვილი: კონგრესისა და ასამბლეის კანდიდატების არჩევნების მენეჯერად. ამ სფეროში დაახლოებით წელიწად-ნახევარს დარჩა. შემდეგ ნიუ-იორკის მერიაში შესთავაზეს სამსახური. ამას პანდემია დაემთხვა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა პრეს-მდივნად კოვიდთან მიმართებაში.

ამჟამად თინა ჯაფარიძე არის ნიუ-იორკის მერიის პრეს-მდივანი, ორგანიზაცია Girl Security-ის მენტორი, The Critical Mass-ის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესის განვითარების მიმართულებით და Eurasia Group-ის სპეციალური მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.

სანამ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, მისი ყოველდღიური საქმიანობაა უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ანალიზი და მომავლის პროგნოზი.

პარალელურად, ბევრ სხვადასხვა საქმეს აკეთებს - წერს წიგნს სტალინზე, ატარებს ტრენინგებს, ჩართულია ნატო-ს პროექტში მედიაწიგნიერების თაობაზე, დადის კონფერენციებზე და კითხულობს მოხსენებებს.

წყარო:

https://speech.ge/skhvadaskhva/thinathin-japharidze-politikuri-komunikatsiebis-spetsialisti-ashsh/

https://www.forbeswoman.ge/post/japharidze

https://www.amerikiskhma.com/a/tinatin-japaridze-women-from-america/6659816.htmlჯაფარიძე თინათინ. თქვენთვის წერილია: ინტერვიუ / ჩაიწერა ირმა ჩუბინიძემ //ეპიზოდი / მთავარი რედაქტორი: სოფო მოსიძე. - თბილისი, 2012. - აპრილი.. - გვ.53-67 


Share: