The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბულატ ოკუჯავა

ბულატ ოკუჯავა
Date of birth:9 May, 1924
Date of death:12 June, 1997  (at 73 years)
Burial location:ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი
Category:Composer, Singer, Poet

Biography

საავტორო მუსიკის ჟანრის (ბარდი) წარმომადგენელი ბულატ ოკუჯავა დაიბადა 1924 წლის 9 მაისს, ქ. მოსკოვში. მამა - შალვა ოკუჯავა, დედა - აშხენ სტეფანეს ასული ნალბანდიანი სომეხი ეროვნებისა იყო, მაგრამ  საქართველოში დაბადებული და გაზრდილი.

ბებია, მამის მხრიდან, წარმოშობით რუსი გახლდათ, გვარად პერემუშევა. მამამისი პაველ პერემუშევი მე-19 ს-ის  შუა ხანებში დასახლებულა საქართველოში. ცხოვრობდა ქუთაისში, დაქორწინებული იყო ქართველ ქალზე, სალომე მეძმარიაშვილზე, რომელთანაც შეეძინა სამი ქალიშვილი. მათგან უფროსი, ელისაბედი, ცოლად გაჰყვა სტეფანე ოკუჯავას.

მათი რვა შვილიდან ოთხი ვაჟი ცნობილი ბოლშევიკი იყო. ბულატის უფროსი ბიძა, ვლადიმერ ოკუჯავა, იმავე პლომბირებული ვაგონით დაბრუნდა შვეიცარიიდან, რომლითაც ლენინი მოჰყავდათ; დანარჩენმა ძმებმა – ნიკოლოზმა და მიხეილმა,  ბულატის მამასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს გასაბჭოების საქმეში.  

შალვა ოკუჯავა მოსკოვში პარტიულ აკადემიაში სასწავლებლად იყო მივლინებული. 1930-იან წლებში ის თბილისში გადმოიყვანეს და ქართული დივიზიის კომისრად დანიშნეს. მერე თბილისის ქალაქკომის მდივნად დააწინაურეს. მისი მეუღლე მოსკოვში დარჩა, რადგან პარტიულ აპარატში მუშაობდა. ბულატი კი მამამ თბილისში გადმოიყვანა და სწავლის გასაგრძელებლად 43-ე საშუალო სკოლის რუსულ კლასში მიაბარა.

ლავრენტი ბერიასთან კონფლიქტის გამო შალვა ოკუჯავა იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა და სერგო ორჯონიკიძის დახმარებით გადასულიყო ურალში, სადაც პირველ ხანებში მუშაობდა ნიჟნი ტაგილში ვაგონმშენებელი ქარხნის მშენებლობაზე პარტკომად, შემდეგ კი გახდა ნიჟნი ტაგილის საქალაქო პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი. მალე  ოჯახიც ურალში გადაიყვანა და ბულატი № 32 სკოლის მოსწავლე გახდა.

შალვა ოკუჯავა რეპრესიას მაინც ვერ ასცდა. 1937 წელს იგი დააპატიმრეს და 4 აგვისტოს დახვრიტეს. მისი ორი ძმაც დახვრიტეს, როგორც ტროცკიზმის მიმდევრები.

1941 წლის 11 სექტემბერს დახვრიტეს ბულატის მამიდაც , ოლგა ოკუჯავა, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე.

1937 წლის თებერვალში ბულატი დედასთან და ბებიასთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. ცხოვრობდნენ არბატზე კომუნალურ ბინაში. 1938 წელს დედაც დააპატიმრეს. გადაასახლეს ყაზახეთში, ყარაგანდის შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში, საიდანაც განთავისუფლდა 1947 წელს.

1940 წლის ზაფხულში მომავალი პოეტი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. იგი შეიფარა დეიდამ, სილვია ნალბანდიანმა. 1 სექტემბერს სწავლას შეუდგა 101-ე სკოლის მე-9 კლასში. სწავლობდა და თან ზეინკლად მუშაობდა.

სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა, როცა1942 წლის აგვისტოში მოხალისედ წავიდა ფრონტზე. იმავე წლის 6 დეკემბერს მძიმედ დაიჭრა მოზდოკთან. ჰოსპიტლის შემდეგ მოქმედ არმიაში აღარ დაბრუნებულა.

1943 წლის იანვრიდან მსახურობდა ბათუმში 124-ე სარეზერვო მსროლელ პოლკში, შემდეგ კი რადისტად ამიერკავკასიის ფრონტის 126-ე მაღალი სიმძლავრის ჰაუბიცის საარტილერიო ბრიგადაში, რომელიც იმ პერიოდში იცავდა საზღვარს თურქეთთან და ირანთან.

დემობილიზებული იქნა 1944 წლის მარტში გვარდიის წითელარმიელის წოდებით. მიღებული ჰქონდა მედლები: "კავკასიის თავდაცვისთვის" და "გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის", ხოლო 1985 წელს დაჯილდოვდა სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (საიუბილეო ნომერი).

თბილისში დაბრუნებულმა ბულატ ოკუჯავამ 1944 წლის 20 ივნისს აიღო საშუალო განათლების ატესტატი და 1945 წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსულ განყოფილებაზე.

უნივერსიტეტი 1950 წელს დაამთავრა და კალუგაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტად მუშაობასთან ერთად საკუთარ ლექსებსაც ბეჭდავდა. ასევე, ორწელიწადნახევარი ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას კალუგის ოლქის სოფლის სკოლებში - შამორდინოსა და ვისოკინიჩში, ხოლო, 1952 წლის თებერვლიდან 1953 წლის ბოლომდე იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კალუგის მე-5 სკოლაში.

ამ პერიოდში დაიწყო ხრუშჩოვის "ოტტეპელის" ეპოქა, საზოგადოების "ფიზიკოსებად" და "ლირიკოსებად" დაყოფა. ოკუჯავამ "ლირიკოსის", "მეოცნების" როლი აირჩია - მისი ლექსების პირველი კრებული, სახელწოდებით "ლირიკა", კალუგაში გამოვიდა.

შემდგომში იგი რამდენჯერმე ეწვია კალუგის სკოლას და სკოლის მუზეუმს საჩუქრად გადასცა წიგნები და გრამფირფიტები თავისი სიმღერების ჩანაწერებით.

1996 წელს მიანიჭეს კალუგის საპატიო მოქალაქის წოდება.                                                    

მოსკოვში დაბრუნება ბულატ ოკუჯავამ მხოლოდ მშობლების რეაბილიტაციის შემდეგ შეძლო. 1956 წელს ის კვლავ არბატზე დასახლდა. მუშაობდა გამომცემლობა „Молодая гвардия“- ში რედაქტორად და ხელმძღვანელობდა პოეზიის განყოფილებას „Литературная газета“-ში.

1959 წლიდან დაიწყო თავისი ლექსების გამღერება, რომლებსაც თვითონვე ასრულებდა გიტარის თანხლებით. მუსიკასაც თავად თხზავდა. პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა.

1961 წელს ხარკოვში გაიმართა  ბულატ ოკუჯავას ორიგინალური სიმღერის პირველი ოფიციალური საღამო სსრკ-ში.

1956-1967 წწ. შეიქმნა უმეტესობა მისი ცნობილი სიმღერებისა, რომლებიც უმალ ვრცელდებოდა ხალხში, უპირატესად ინტელიგენციის წრეებში, ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი რუსულ ემიგრაციაშიც: «На Тверском бульваре», «Песенка о Лёньке Королёве», «Песенка о голубом шарике», «Сентиментальный марш», «Московский муравей», «Песенка о полночном троллейбусе», «Не бродяги, не пропойцы», «Грузинская песня» და სხვ.;

სიმღერები «Возьмёмся за руки, друзья…» და «Молитва» («Пока Земля ещё вертится…») იქცნენ მრავალი შეკრებისა და ფესტივალის ჰიმნად..

1967 წელს, პარიზში მოგზაურობისას, ოკუჯავამ ჩაწერა 20 სიმღერა სტუდია „Le Chant du Monde“-ში და 1968 წელს, ამ ჩანაწერების საფუძველზე, საფრანგეთში გამოვიდა ბარდის პირველი ალბომი - Le Soldat en Papier. იმავე წელს პოლონეთში გამოვიდა მისი სიმღერების ჩანაწერი პოლონელი არტისტების შესრულებით, გარდა სიმღერისა  „გამოთხოვება პოლონეთთან“, რომელსაც თავად ავტორი ასრულებდა.

1970-იან წლებში საბჭოთა კავშირშიც დაიწყო ბულატ ოკუჯავას ჩანაწერების გამოშვება: 1974-1975 წლებში ჩაიწერა პირველი ხანგრძლივი დაკვრის ფირფიტა (გამოვიდა 1976 წელს). 1978 წელს მას მოჰყვა მეორე საბჭოთა დისკი-გიგანტი. 1980-იანი წლების შუა პერიოდში ჩაიწერა კიდევ ორი ​​გიგანტური დისკი: "სიმღერები და ლექსები ომის შესახებ" და "ავტორი ასრულებს ახალ სიმღერებს".

იმ დროისთვის, როდესაც ბ. ოკუჯავას ოფიციალური ჩანაწერები გამოვიდა, მთელმა ქვეყანამ უკვე ზეპირად იცოდა მისი სიმღერები. ის საბჭოთა კავშირში პირველი ბარდი იყო და მისმა შემოქმედებამ გზა გაუკვალა მის შემდგომ თაობებს, მათ შორის - ვლადიმერ ვისოცკის, ა. გალიჩს, ი. ვიზბორგს, ა. როზენბაუმს...

საერთო ჯამში, ბულატ ოკუჯავა 200-მდე საავტორო და საესტრადო სიმღერის ავტორია.

1962 წელს ბულატ ოკუჯავა პირველად გამოჩნდა ეკრანზე ფილმში "ჯაჭვური რეაქცია", რომელშიც მან შეასრულა სიმღერა "შუაღამის ტროლეიბუსი". მისი სიმღერები ჟღერს ცნობილ და პოპულარულ ფილმებში: „ჩალის ქუდი“, „ბელორუსიის სადგური“ და სხვ.; მისი ლექსები და სიმღერები 80-მდე ფილმშია გამოყენებული.

ბულატ ოკუჯავა სიმღერებს სხვა პოეტების ლექსებზეც წერდა. მაგალითად, პოლონელი  პოეტი ქალის აგნეშკა ოსეცკაიას ლექსებზე, რომლებიც მან თავად თარგმნა რუსულ ენაზე. 32 სიმღერა შექმნა კომპოზიტორ ისააკ შვარცთან ერთად, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია: «Ваше благородие, госпожа Удача» (ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“), კავალერგარდის სიმღერა («Кавалергарда век недолог…») ფილმიდან „Звезда пленительного счастья“ , რომანსი "სიყვარული და განშორება" ფილმიდან "ჩვენ არ ვიყავით დაქორწინებული ეკლესიაში" და სხვ.;

ბულატ ოკუჯავა ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, ლიტერატორი და სცენარისტი. მისი პოეტური კრებულებია: "Острова"(1959), "თინათინისკენ"(1964), "Веселый барабанщик"(1964), "Великодушный март"(1967), Арбат, мой Арбат"(1976) და სხვ.;

დაწერილი აქვს, აგრეთვე, პროზაული თხზულებები, კინოსცენარები; 

წერდა ბავშვებისთვისაც: მოთხრობები -"ფრონტი ჩვენთან მოდის", "საყვარელი თავგადასავლები" და სხვ.;

დაკავებული იყო თარგმანებითაც. მას ნათარგმნი აქვს პოეზია არაბული, ესპანური, ფინური, შვედური, სოციალისტური ქვეყნებისა და სსრკ-ს ხალხების ენებიდან, ასევე, თარგმნიდა პროზაულ ნაწარმოებებსაც;

ბულატ ოკუჯავას ნაწარმოებებიც ითარგმნა და გამოიცა საზღვარგარეთის ქვეყნებში;  

1962 წელს მიიღეს სსრკ მწერალთა კავშირში; 1989 წელს გახდა რუსული პენ–ცენტრის წევრ–დამფუძნებელი;

ბულატ ოკუჯავას საქართველოშიც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მან არაერთი ქართველი მწერლის ლექსი თარგმნა რუსულად: ი. ნონეშვილი, ხ. ბერულავა, ო. ჭელიძე, შ. ნიშნიანიძე, ჯ. ჩარკვიანი, მ. ქვლივიძე და სხვ.;

1984 წელს, თბილისში, ქართულ ენაზე გამოიცა მისი რომანი „თავისუფლების ერთი ყლუპი“;

მწერალ ჯუმბერ თითმერიას აქვს ნათარგმნი მისი რომანი "გაუქმებული თეატრი": ოჯახური ქრონიკა (თბილისი, 2011), რომლისთვისაც 1994 წელს ბულატ ოკუჯავას ბუკერის პრემია (Премия «Русский Букер») მიანიჭეს.

"გაუქმებული თეატრი" - ესაა ბულატ ოკუჯავას ბავშვობა, მამის დაპატიმრება, ოლღა ოკუჯავასა და გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიული პორტრეტი და სხვ.;

ასევე აღსანიშნავია მისი  დიდტანიანი რომანი „დილეტანტების მოგზაურობა“ - მოთხრობილი ქართველი თავადის, ამირან ამილახვრისაგან  პირველ პირში, რაც   ქარაგმულად მიანიშნებს მთავარი გმირისა და ავტორის იდენტურობაზე.

ბულატ ოკუჯავა თავის თავს „მოსკოვური ჩამოსხმის ქართველს ეძახდა“… ამბობდა: ჩემი მოსკოველი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ ხოლმე - თქვენ რუსულ სიმღერებს ქართული აქცენტით მღერით, მაგრამ ხშირად ჩვენზე უკეთესადაც კიო…

მიღებული ჯილდოები:

პირველი პრემია და „ოქროს გვირგვინის“ პრიზი, იუგოსლავია (1967).

პრიზი „ოქროს გიტარა“ ფესტივალზე სან-რემოში, იტალია (1985).

ნორვიჩის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის საპატიო ხარისხი, აშშ (1990).

„პენიო პენევის“ პრემია, ბულგარეთი (1990).

ა. სახაროვის სახელობის პრემია „ლიტერატურაში გამბედაობისათვის“- დამოუკიდებელ მწერალთა ასოციაცია "აპრილი" (1991).

სსრკ სახელმწიფო პრემია (1991) - ლექსების კრებულისთვის „გეძღვნებათ თქვენ“ (1988).

1990-იან წლებში მწერალი ძირითადად ცხოვრობდა აგარაკზე პერედელკინოში.

ამ პერიოდში გამოდიოდა კონცერტებით მოსკოვში, სანკტ–პეტერბურგში, აშშ–ში, კანადაში, ისრაელში.

1995 წლის 23 ივნისს შედგა მისი უკანასკნელი კონცერტი იუნესკოს შტაბ-ბინაში, პარიზში. 

ბულატ ოკუჯავა გარდაიცვალა 1997 წლის 12 ივნისს პარიზის გარეუბანში, კლაგარში, სამხედრო ჰოსპიტალში. სიკვდილის წინ საკუთარი სურვილით ჰოსპიტალშივე მოინათლა და ეზიარა მართლმადიდებლური წესით.

დაკრძალეს მოსკოვში ვაგანკოვოს სასაფლაოზე. იმავე წელს დაწესდა მისი სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული პრემია, რომლითაც ჯილდოვდებიან პოეტები და საავტორო სიმღერების შემსრულებლები. 

2002 წლის 8 მაისს გაიხსნა ბულატ ოკუჯავას პირველი ძეგლი მოსკოვში, არბატის ერთ-ერთ შესახვევში.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 372 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Окуджава,_Булат_Шалвович

3. https://www.radiotavisupleba.ge/a/1535106.html

4. https://tbilisipost.ge/news/bulat-okujava---me-moskovuri-chamoskhmis-qartveli-var/1345


Share: