The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ბერიაშვილი

მიხეილ ბერიაშვილი
Date of birth:1 October, 1904
Date of death:1975  (at 70 years)
Category:Singer, Actor/Actress

Biography

მსახიობი და მომღერალი მიხეილ ბერიაშვილი დაიბადა 1904 წლის 1 ოქტომბერს, სოფელ საბუეში (ყვარლის რაიონი).

ათი წლის ასაკში გალობდა თბილისის გიმნაზიის გუნდში, რომელიც ზაქარია ფალიაშვილმა ჩამოაყალიბა. მომავალი მომღერალი სწორედ აქ ეზიარა სერიოზულ მუსიკას.

1920 წელს შევიდა თბილისში იმხანად არსებულ მ. მორდკინის საბალეტო სტუდიაში და სულ მალე მონაწილეობდა კორდებალეტის შემადგენლობაში - დელიბის „კოპელიაში“, ადანის „ჟიზელში“, შუმანის „კარნავალში“ და სხვ.;

1924 წელს, საბალეტო სტუდიის წარჩინებით დამთავრებასთან ერთად,  მიხეილ ბერიაშვილმა სახელმწიფო-სათეატრო ინსტიტუტის (ყოფილი ა. ფაღავას სტუდია) სრული კურსიც დაასრულა და შ. რუსთაველის სახელობის თეატრის დასში ჩაირიცხა;

თეტრში მოღვაწეობის ექვსი წლის მანძილზე მის მიერ განასახიერებული როლებია: რობინი (უ. შექსპირის "უინძორელი მხიარული ქალები"), ეშმაკი (ი. გედევანიშვილის "სანთალი"), მეორე ტუსაღი (პ. კაკაბაძის "მიწისძვრა ლისაბონში"), მიშკა (გ. კირშინის "ლიანდაგი გუგუნებს"), ახალგაზრდა პარტიზანი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), მეფე (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვ.; 

1930-1932 წლებში  მ. ბერიაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობდა, სადაც 10-ზე მეტი როლი განასახიერა, მათ შორის: ერთორსამა (ოლეშას "სამი ბღენძი"), ოფიცერი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), კოტკა (ი. მიკიტენკოს "აანთეთ ვარსკვლავები") და სხვ.;

1932 წელს სახალხო განათლების კომისარიატმა მიხეილ  ბერიაშვილი მოსკოვში გაგზავნა  ა. ლუნაჩარსკის სახელობის სათეატრო ინსტიტუტის მუსიკალურ- დრამატულ განყოფილებაზე სასწავლებლად. ინსტიტუტში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სტუდენტთა ვოკალურ აღზრდას. საწარმოო პრაქტიკის დროს მიხეილმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა და მზარდმა მომღერალმა. მან წარმატებით შეასრულა რამდენიმე საოპერო პარტია(ლენსკი „ევგენი ონეგინში“, ლიკოვი „მეფის საცოლეში“, დე გრიე „მანონ ლესკოში“…) და ინსტიტუტი ოპერის სოლისტის კვალიფიკაციით დაამთავრა;

სტუდენტობის დროს, 1932-1936 წწ.,  პარალელურად, მუშაობდა "მოსესტრადაში", წარმატებით მღეროდა ს. სამოილოვის ხელმძღვანელობით არსებულ მოსკოვის ჯაზ-რევიუში, ხშირად მონაწილეობდა რადიოკონცერტებში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში გასტროლებისას მ ბერიაშვილი გამოდიოდა გრუზინსკის ფსევდონიმით.

1937 წლის 2 მაისს შედგა მომღერლის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. შეასრულა ლენსკის პარტია პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“.

1938 წელს თბილისში საგასტროლოდ ჩამოვიდა სტალინგრადის მუსიკალური კომედიის თეატრი. მ. ბერიაშვილი ყველა მათ წარმოდგენას დაესწრო. ის ადრეული ასაკიდან გატაცებული იყო მუსიკალური სპექტაკლებით და აქტიორისათვის ყველაზე დიდ სკოლად ოპერეტის სცენა მიაჩნდა. აქ  შესაძლებელი იყო ეჩვენებინა მთელი თავისი შემოქმედებითი უნარი: ემღერა, დრამის თეატრში მიღებული გამოცდილებითა და პლასტიკით გამოეხატა სათქმელი. 

სტალინგრადის თეატრის ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა მომღერალს სასინჯი მოსმენა მოუწყო და იგი ოფიციალურად მიიწვია პარისის როლზე ოფენბახის კომიკურ ოპერაში „მშვენიერი ელენე“. პრემიერა შედგა 1938 წლის 27 დეკემბერს და თეატრალური კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მიხეილ ბერიაშვილი სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: სტალინგრადის ოპერის (1938-1939), ტაშკენტის ელიშერ ნავოის სახ. ოპერის (1939-1941), კრასნოდარის მუსიკალური კომედიის თეატრში (1940), თბილისის მუსკომედიის, თბილისში "ზაკოსთან" არსებულ რუსული კომედიის (1941-1942), ერევნის მუსკომედიის (1941-1945) თეატრებში.

დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ჩაირიცხა ამიერკავკასიის ოფიცერთა სახლთან არსებულ პროფესიულ მოძრავ დასში (ხელმძღვანელი: ლადო კავსაძე);

1946 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი.

მ. ბერიაშვილს დრამატულ, ოპერისა და მუსკომედიის სცენებზე განსახიერებული აქვს 120-მდე როლი.

1948 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

გარდაიცვალა 1975 წელს.

წყარო:

ანთაძე, თამაზ. მიხეილ ბერიაშვილი : [მსახიობის ცხოვრება და მოღვაწეობა]. - თბილისი, 1978

ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1994.-გვ.72; 

https://artpalace.ge/assets/library_items/2020_04_19_12-58_00 ბერიაშვილი_მიხეილ.pdf


Share: