The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პეტრე მელიქიშვილი

პეტრე მელიქიშვილი
Date of birth:11 July, 1850
Date of death:23 March, 1927  (at 76 years)
Burial location:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანე
Category:Chemist

Biography

ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი დაიბადა 1850 წლის11 ივლისს, ქ. თბილისში, ქართველი კათოლიკეების ოჯახში. მისი მშობლები ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში მე-19 საუკუნის ორმოციან წლებში  გადმოსახლებულან.
პეტრეს მამა გრიგოლი პროგრესული პიროვნება იყო, ყოველთვის ცდილობდა სასარგებლო საზოგადოებრივი საქმის წამოწყებას. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქ. თბილისში პირველი კერძო ქართული სტამბის დაარსებისათვის. სწორედ მან შეიტანა სტამბის ამხანაგობაში უფროსი ვაჟის წილი ფული და სტამბის მოწყობილობების ჩამოსატანად და ქართული შრიფტის ჩამოსასხმელად ვენაშიც გაგზავნა.

პეტრე მელიქიშვილის უფროსი ძმა, სტეფანე, გაზეთ „დროების“ პირველი რედაქტორი და გამომცემელი იყო, უმცროსი ძმა იოსებიც - გამომცემელი, ხოლო და, სერგეი მესხის მეუღლე, ეკატერინე მელიქიშვილი - მწერალი, მთარგმნელი და ფემინისტი.
წერა-კითხვა პეტრეს დიდედამ ასწავლა. ათი წლის ასაკში მიაბარეს თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც წარჩინებული სწავლით გამოირჩეოდა და კლასიდან კლასში ქების სიგელით გადადიოდა.

1868 წელს, გიმნაზიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ნოვოროსიის (დღევანდელი ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე (1869-1872). უნივერსიტეტი დროზე ადრე (ექსტერნის წესით) წარჩინებით დაამთავრა და საპროფესოროდ მოსამზადებლად იქვე დატოვეს.

1873 წელს მივლინებით გაემგზავრა ევროპაში. 2 წლის მანძილზე იგი ტიუბინგენსა და კარლსრუეში ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვილიცენუსის ქიმიურ ლაბორატორიებსა და იქ მიმდინარე სამუშაოებს ეცნობოდა. 

1876 წელს უკრაინაში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ლაბორანტად ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში. 

1877 წელს შეუდგა სამეცნიერო მოღვაწეობას ორგანულ ქიმიაში. იკვლევდა ორგანული მჟავების სინთეზსა და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს.

1878 წელს ოდესის უნივერსიტეტში სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და ინტენსიური მუშაობა დაიწყო უჯერი მჟავების ნაწარმებზე. 

1879-1880 წლებში აკრილის მჟავასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექვსი ნაშრომი გამოაქვეყნა.

1881 წელს პეტრე მელიქიშვილმა სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია „აკრილის მჟავათა ნაწარმის შესახებ“, რის შემდეგაც ევროპაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი ქიმიკოსების ლექციებს ისმენდა და მათ ლაბორატორიებში მუშაობდა.

ოდესაში 1884 წელს დაბრუნდა და იმავე წელს დანიშნეს უნივერსიტეტის აგრონომიული ქიმიის კათედრის დოცენტად.

1885 წელს ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა ნაშრომისთვის „იზომერულ კროტონმჟავას ნაწარმთა შესახებ“. იმავე წელს იგი წმინდა ქიმიის კათედრის ექსტრაორდინარულ პროფესორად, ხოლო 1889 წელს კათედრის პროფესორად აირჩიეს.

1885–1917 წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის აგრონიმიული ქიმიის კათედრის პროფესორი.

1893 წლიდან ძირითადად მუშაობდა არაორგანულ ქიმიაში, ზეჟანგურ ნაერთებზე.

1900 წელს პ. მელიქიშვილმა ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო, ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899 წელს გამოსცა. ამ შრომას მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი მენდელეევმა, რომელიც მასში საკუთარი (და აგრეთვე მენდელეევისგან დამოუკიდებლად მომუშავე ლოთარ მაიერის) სისტემის მტკიცე დასტურს ხედავდა.

1918 წელს დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პეტრე მელიქიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის მოწვევას, საქართველოში ჩამოვიდა და  უნივერსიტეტის გახსნის საორგანიზაციო საკითხებშიც მიიღო მონაწილეობა.

1918 წლის 13 იანვარს პროფესორთა საბჭოს პირველ ოფიციალურ სხდომაზე იგი ქართული უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს.

პეტრე მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას ოცი თვე ასრულებდა. 1919 წლის 11 ოქტომბერს ერთ-ერთ პროფესორთან მომხდარი სიტყვიერი ინციდენტის გამო მან რექტორობიდან გადადგომა ითხოვა. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა.

რექტორის მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების შემდეგ პ. მელიქიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა.

მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, 1918 წელს ქიმიის კათედრა დააარსა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი იგი ორ კათედრად, არაორგანული ქიმიისა (ხელმძღვანელი იასონ მოსეშვილი) და ორგანული ქიმიის კათედრებად გაყო. ამ უკანასკნელს სიცოცხლის ბოლომდე თავად ხელმძღვანელობდა (1918-1927).

1921 წლის 30 ივლისს მეცნიერი თსუ-ის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს.
პეტრე მელიქიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის – წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესწავლას. როგორც გამოჩენილი ქიმიკოსი, იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო საზოგადოებების დაარსებაში, გამოდიოდა მოხსენებებით სხვადასხვა ყრილობასა და კონფერენციაზე, სადაც ყოველთვის ხაზს უსვამდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ბუნებრივი სიმდიდრის რაციონალური გამოყენების აუცილებლობას.

მრავალფეროვანი იყო პ. მელიქიშვილის მეცნიერული მოღვაწეობა. მან შექმნა 80-ზე მეტი ნაშრომი ქიმიის სხვადასხვა საკითხზე. საფუძველი ჩაუყარა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას, რომელიც შემდეგში მისმა მოწაფეებმა - ნინო ციციშვილმა და რუსუდან ნიკოლაძემ განავითარეს.

1927 წელს მეცნიერი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

ქართველმა ხალხმა 1923 წელს აღნიშნა სასიქადულო მამულიშვილის პედაგოგიური და სამეცნიერო –საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50 წლისთავი. იუბილე დიდ ზეიმად იქცა. ეს იყო დიდი მეცნიერისა და მოქალაქის საყოველთაო აღიარება.

პეტრე მელიქიშვილი 1927 წლის 23 მარტს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზო-სავანეში. ის პირველი პროფესორი იყო, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს. ერთი წლის შემდეგ მის საფლავზე დაიდგა იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ბიუსტი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დაწესებულია პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს მისი სახელობის სტიპენდია, აუდიტორია და კაბინეტ-ბიბლიოთეკა. პირველი რექტორის სამუშაო მაგიდა და პირადი ნივთები განთავსებულია უნივერსიტეტის მუზეუმში. 

პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდის ორიგინალი ფოტოები ოდესის საოლქო არქივშია დაცული. ელექტრონული ვარიანტები კი ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში.

თბილისში მდებარეობს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა. ქიმიკოსის სახელს ატარებს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი.

წყარო:

1. უნივერსიტეტის პირველი რექტორი : პეტრე მელიქიშვილი /კრებულის შემდგენელი: მაია ტორაძე.- თბილისი, 2015

2. გვერდწითელი, . პეტრე გრიგოლის-ძე მელიქიშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა. დაბადების 125 წლისთავის გამო. - თბილისი, 1975

3. https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_მელიქიშვილი 

4. https://burusi.wordpress.com/2009/10/30/petre-melikishvili-2/ 

5. https://tsu.ge/ka/page/Petre-Melikishvili


Share: