The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელენე ძამაშვილი

ელენე ძამაშვილი
Other name:ლეკა
Date of birth:16 February, 1942
Date of death:21 July, 2020  (at 78 years)
Burial location:ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაო, ეგვიპტე
Category:Musician

Biography

პიანისტი, კონცერტმაისტერი ელენე (ლეკა) ძამაშვილი დაიბადა 1942 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში, ისტორიკოს ვახტანგ ძამაშვილისა და პიანისტ ნინო ძამაშვილის ოჯახში.

სცენაზე ყოფნას ბავშვობიდანვე მიეჩვია, როცა ჯერ კიდევ მუსიკალური სკოლის მოსწავლე იყო. 14 წლის ასაკში ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში.

1957 წელს დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სკოლა (ფ-ოს პედაგოგი ლ. ესაიანი), 1961 წელს - II მუსიკალური სასწავლებელი (იმავე პედაგოგთან) და 1967 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო). პედაგოგები ტატიანა გოლდფარბი და თენგიზ ამირეჯიბი.

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ აქტიურად შეუდგა საკონცერტმაისტერო მოღვაწეობას. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიპროფესორ მარია კამოევას კამერული სიმღერის კლასში ასისტენტად, პედაგოგად და აკომპანიატორად; მიჰყავდა სპეციალური ფორტეპიანოს კურსი (კამერული სიმღერა, ვოკალური ანსამბლის კლასი);

1978–1991 წწ. იყო საქტელერადიოს სოლისტი და კონცერტმაისტერი, სადაც შეცვალა დედა, ქალბატონი ნინო ძამაშვილი;

საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში დაცულია ელენე ძამაშვილის 700–ზე მეტი ჩანაწერი. უნდა აღინიშნოს, რომ სამხატვრო საბჭო ამ ჩანაწერებს ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა და ხაზგასმით აღნიშნავდა მუსიკოსის მაღალ პროფესიონალიზმს;

პიანისტი გამოდიოდა სოლო კონცერტებითაც. არის მრავალი ქართული ნაწარმოების პირველი შემსრულებელი.

ქართული რეპერტუარი: ტ. ბაქრაძე - საფორტეპიანო სონატა (1978), ვოკალური ციკლი "ცხრა ვოკალური მინიატურა" მ. მაჭავარიანის ლექსებზე (1977, პირველი შესრულება, ე. გარსევანიშვილთან ერთად); ლ. ნინიევი - 3 საფორტეპიანო პიესა (1977); ა. შანიძე - ვოკალური ციკლი "ფიქრის გორა" (1988); გ. გაჩეჩილაძე - ვოკალური ციკლი "სტიქიური სიმღერა"(1988); ა. ბასკაკოვი - სიმღერები (1978); რ. გაბიჩვაძე - "ჭეშმარიტება და სიყვარული" (1979); გ. ციციშვილი - ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე (1979), რომანსები (1979, პირველი შესრულება); გ. ჯაფარიძე - 6 ბაგატელი ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1987, პირველი შესრულება); მ. დავითაშვილი - ვოკალური ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე (მ. ნამორაძესთან ერთად); ს. ცინცაძის - "მესაფლავე" გალაკტიონის ლექსზე (პირველი შესრულება ო. კუნჭულიასთან ერთად);

სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენის, შუმანის, რახმანინოვის, გრიგის, ლისტის;

1990 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

1991 წელს, კაიროს კონსერვატორიის მიწვევით, ელენე ძამაშვილი ეგვიპტეში გაემგზავრა.

აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა: კონსერატორიაში მუშაობდა პიანისტად; იქვე ასწავლიდა საფორტეპიანო და კამერულ მუსიკას ვოკალურ, საფორტეპიანო და სიმებიან განყოფილებათა სტუდენტებს;

მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში, კაიროს ოპერასთან არსებულ "ტალანტის განვითარების ცენტრში"; ყოველწლიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს, მათ შორის თემატურს: ლისტის, შოპენის, შუმანის და სხვ.;

ასევე, უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან;

შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა „ეგვიპტის საფორტეპიანო კვარტეტი“;

პედაგოგიური საქმიანობა ლეკა ძამაშვილმა კაიროში დაიწყო და საკმაოდ წარმატებით. მან აღზარდა არაერთი თაობა, მათ შორის არიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები. ის განსაკუთრებით ამაყობდა მისი მოწაფის გამარჯვებით შტუტგარტის საერთაშორისო კონკურსში, რადგან ეს გამარჯვება პირველი შემთხვევა იყო ეგვიპტის მუსიკალურ ცხოვრებაში.

1991 წლიდან იყო კაიროს კონსერვატორიის პროფესორი;

კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, მუსიკოსის  ინიციატივით მოეწყო რამდენიმე კონცერტი კლასიკური მუსიკის ქართველ და ეგვიპტელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით;

ეგვიპტეში (კაიროში) ცხოვრობს ლეკას ვაჟიშვილი, ალექსანდრე (ალიკა). ისიც მუსიკოსია. ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა თბილისის „ნიჭიერთა ათწლედში“, შემდეგ კი მან ალტი აირჩია და ახლა მოღვაწეობს, როგორც ალტისტი.

ელენე ძამაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს კაიროში. დაკრძალულია ქალაქის მარ-გირგისის უბანში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბ., 2015. – გვ. 552 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ელენე_ძამაშვილი

3. ჯანდიერი როდამ. შესანიშნავი მუსიკოსი, ძვირფასი ადამიანი // მუსიკა=Musika: საქ. კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2020.N3(44). გვ. 68-69

4. ვარდანაშვილი ლალი. კონცერტმაისტერი, სოლისტი, პიანისტი // მუსიკა=Musika: საქ. კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. თბილისი, 2019. N2 (39). გვ. 55-58

 

 

 
 

Share: