The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი გურჯიევი

გიორგი გურჯიევი
Date of birth:1877
Date of death:29 October, 1949  (at 72 years)
Category:Philosopher, Psychologist

Biography

მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი გიორგი ივანეს ძე გურჯიევი 1877 (ან 1872) წელს დაიბადა სომხეთში ქ. ალექსანდროპოლში (დღევანდელი გიუმრი). მისი წარმოშობა და ეროვნება სადაოა - ბერძნული, ასირიული, სომხური ან ქართული.

გიორგი გურჯიევის წინაპრები კონსტანტინოპოლში ცხოვრობდნენ, შემდეგ საქართველოში დასახლდნენ. მამა - ივანე, მეტსახელად ადაში, ცნობილი აშუღი, გამოეყო თავის ძმებს და ქ. ალექსანროპოლში დასახლდა. გიორგიმ ბავშვობა ალექსანდროპოლში, ყარსსა და თბილისში გაატარა.

მშობლები გიორგი გურჯიევს სასულიერო მოღვაწეობისთვის ამზადებდნენ და ერთი ვერსიით XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. გიორგი მალევე გაიტაცა  ფილოსოფიურმა ლიტერატურამ და ამან განსაზღვრა კიდეც მისი შემდგომი ცხოვრება.

1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში. სავარაუდოდ ამავე პერიოდში მონაწილეობდა ბანკების ძარცვაში ც - „რევოლუციის დასაფინანსებლად“. 1912 წელს უკვე მოსკოვშია და მოწაფეებიც ჰყავს. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია (ელენე?) ოსტროვსკაზე და წყვილი სანკტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. მის მოწაფეებად ითვლებოდნენ ფილოსოფოსი პ. უსპენსკი, კომპოზიტორი თომას დე ჰარტმანი და სხვები.

ზებუნებრივი მოვლენებით დაინტერესებული ბევრს მოგზაურობდა (1896-1922 წლებში) აზიაში (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი) და აფრიკაში (ეგვიპტე). შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ხალხური მუსიკა და ცეკვა, ზოგჯერ არქეოლოგიურ  გათხრებსაც ატარებდა.

1919 წელს გიორგი გურჯიევი მეუღესთან, პეტერბურგის ოპერის კომპოზიტორ თომას დე ჰარტმანთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. აქ დაუახლოვდა გრიგოლ რობაქიძეს, მხატვარ ალექსანდრე ზალცმანს, მის მეუღლეს ქორეოგრაფ ჟანა-მატინიონ ზალცმანს. მადამ ზალცმანის დაარსებულ ჟაკ დალკროზის სისტემის თბილისის რიტმული ტანვარჯიშის სკოლაში სრულდებოდა გიორგი გურჯიევის „წმინდა ცეკვები“ და „წმინდა გიმნასტიკა“.

1919 წლის შემოდგომაზე გიორგი გურჯიევმა თბილისში გახსნა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მას ნიკოლოზის ქუჩის № 22-ში (ახლანდელი ი. ჯავახიშვილის ქუჩა) მისცა ორსართულიანი შენობა, სადაც ატარებდა საჯარო ლექციებს თავისი მოძღვრების ძირითად საკითხებზე. წამოიწყო თეატრალური წარმოდგენის დადგმა ოპერის თეატრში სახელწოდებით „მოგვთა ბრძოლა“ (ტექსტი გ. გურჯიევისა, მუსიკა თ. ჰარტმანისა), მაგრამ წარმოდგენის დამთავრება თბილისში არ მოხერხდა.

1920 წლის ბოლოს გიორგი გურჯიევი სტამბოლში გადავიდა. 1921-22 წლებბში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ბერლინსა და ლონდონში. აქ შეძენილი მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგა.

1922 წელს გიორგი გურჯიევი პარიზში ჩავიდა და იყიდა ფონტებლოს ციხე-სიმაგრე. 1925-26 წლებში იმოგზაურა ამერიკაში. 1933 წლიდან სიცოცხლის  ბოლომდე ცხოვრობდა პარიზში.  არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია „თულეს“ შექმნას. არის ვარაუდი, რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.

1949 წლის 29 ოქტომბერ გიორგი გურჯიევი პარიზში გარდაცვალა.  მისი მსოფლმხედევლობა არის ტიბეტური ბუდიზმის, სუფიზმისა და აღმოსავლური ქრისტიანობის ნაზავი და ასახულია მის თხზულებებში. ეს თხზულებები ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნეს მისმა მოწაფეებმა: „ყველა და ყველაფერი (ანუ ბელზებელის საუბარი თავის შვილიშვილთან)“ (1950 , ლონდონი), „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ (1963, ლონდონი), „ჭეშმარიტების სამყაროში“ (1982, ბაზელი), „ცხოვრება ნამდვილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც „მე ვარ“ (1984, ბაზელი) და სხვა.

გურჯიევის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეორე ცოლმა, ჟანა ზალცმანმა, დაარსა „Gurdjieff Foundation”. მის მოწაფეებად და მიმდევრებად ითვლებიან: პამელა ტრევისი („მერი პოპინსის“ ავტორი), რენე დომალი, კეტრინ მენსფილდი, მუსიკოსები: კეიტ ჯარეტო და რობერტ ფრიპი.

წყარო:

1. გურჯიევი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ.71. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. გიორგი გურჯიევი = Георгий Гурджиев = George Gurdjieff // 100 ღირსსახსოვარი სახელი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-99928-20-44-5. - გვ. 73-75. - ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

3. ხეთაგური, ლევან. გურჯიევი და ტფილისი საუკუნეთა მიჯნაზე / ლევან ხეთაგური // საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია "ფიროსმანი და ქართული კულტურა" : მოხსენებათა კრებული, თბილისი, 5-7 ნოემბერი, 2013 წელი / "ფიროსმანი და ქართული კულტურა", საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-4461-8. - გვ. 296-308.


Share: