The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოლომონ ჭეიშვილი

სოლომონ ჭეიშვილი
Date of birth:1851
Date of death:1925  (at 74 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Manufacturer

Biography

მეღვინე და მეცენატი სოლომონ ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი დაიბადა 1851 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში, შეძლებულ ოჯახში.

დაამთავრა ასკანის ორკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი (1882).

1883-1894 წწ. სოფელ ასკანაში მუშაობდა მასწავლებლად, 1895-1910 წწ. იყო ამ სკოლის მზრუნველი. 

1900-1904 წწ. იყო ოზურგეთის ქალაქის საბჭოს წევრი. დააარსა სავაჭრო ფირმა "შხამკალა"და კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობის საზოგადოება "ჯანმრთელობა". 

ასევე, იყო სოფლის მამასახლისი, გურიის სავაჭრო-სამრეწველო ფირმის "შუამავლის" გამგე, მოაწესრიგა გზები.

ჩრდილოეთ კავკასიაში, ველიკოკნიაჟესკაიაში (შემდგომ პროლეტარსკაია) ჰქონდა ქართული რესტორანი გურული კერძებით.

1903 წელს ასკანის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა მაზრის უფროსს, ლაზარენკოს, რათა წარმოების ზრდისთვის ბაჟისაგან გაეთავისუფლებინა არყის სახდელები. ლაზარენკომ სოლომონ ჭეიშვილის უშუალო თხოვნით ბაჟისაგან გაათავისულა გურიაში მხოლოდ ასკანის მაზრის სოფლები.

დიდ ყურადღებას უთმობდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გასაშენებლად არჩევდა პრესტიჟულ და პერსპექტიულ ჯიშებს. ასკანაში შეიტანა ჩაის კულტურა. აწარმოებდა და გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. მის მიერ წარმოებულმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში.

სოლომონ ჭეიშვილის ძირითადი საქმიანობა მაინც ვაზის  გაშენება და ღვინის დაყენება-რეალიზაცია იყო. გაშენებული ჰქონდა ციცქა, ცოლიკაური, ჯანი, საფერავი. მისი გვარით ცნობილი ვაზის ჰიბრიდული ჯიში დღესაც ცნობილია გურიაში.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების შესასწავლად XIX საუკუნის ბოლოს გაემგზავრა საფრანგეთში, შამპანისა და ბორდოს რეგიონში, სადაც გაეცნო ფრანგი მეღვინეების საქმიანობას.

პროვინციაში ორი წელი დაჰყო. სწავლის პერიოდში დაეუფლა მეღვინეობა–მევენახეობას, გაიარა პრაქტიკული მეცადინეობის კურსი, იქვე შეიძინა მუხის კასრების ტკეჩები, ყურძნის წნეხი, შეუკვეთა ბოთლი და ეტიკეტი და ეს ყველაფერი გემით, მარსელიდან ბათუმის გავლით, ასკანაში ჩაიტანა.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხელი მიჰყო ღვინის დამზადებას. ოჯახში მინი ქარხანა მოაწყო. ერთმანეთს შეუხამა ღვინის დაყენების ქართული და ევროპული წესი და თავისი წარმოებული სასმელის გაყიდვა "ძმები ჭეიშვილების" სახელით დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ტრაპიზონში, ვლადიკავკაზში, ოდესასა და საფრანგეთში, სადაც მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა.

ღვინოს მუხის დიდ კასრებში 5 წლის მანძილზე აძველებდა, წელიწადში ორჯერ გადაღებით, შემდეგ ასხამდა ბოთლებში და ინახავდა გრილ მარანში. ღვინოები გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, არომატით და სურნელით. ჭეიშვილის ღვინოებს "ასკანის ნატურალური ღვინო" ერქვა.

ს. ჭეიშვილის ჩამოსხმული ღვინოები სხვადასხვა დროს ჯილდოებით აღინიშნა რუსეთსა და საფრანგეთში. 1911 წელს დონის როსტოვში გამართულ საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მან 1903 წლის მოსავლის ასკანური ღვინო წარადგინა. ღვინოს ვერცხლის დიდი მედალი და სპეციალური დიპლომი მიენიჭა. 

სოლომონ ჭეიშვილმა თავდაპირველად საქმიანობა თხილის ვაჭრობით დაიწყო. მას სოფელ ფიჩხიჯვრიდან გლეხების მთელი შემოსავალი გაჰქონდა ტრაპიზონში და ვლადიკავკაზში, სადაც დიდი მოთხოვნა იყო. შემდეგ დაგროვილი თანხით შეუდგა ღვინის წარმოებას, რაც მისათვის საკმაოდ სარფიანი გამოდგა. იგი საკუთარ სავაჭრო სახლებს ფლობდა თბილისში, ოდესაში, მოსკოვში, ვლადიკავკაზში, სადაც საკუთარი რესტორანი გახსნა და იქვე საცხოვრებელი სახლიც იყიდა.

გარდა ვაჭრობისა, ასკანაში შემნახველ–გამსესხებელი "ამხანაგობა" შექმნა, სოფელში თეატრალური დასი შეკრიბა, სადაც  ბევრი წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი თავად იყო. დასმა პირველი წამორდგენა გამართა 1895 წელს. წარმოდგენებს მეზობელ სოფლებშიც მართავდნენ. დასის დეკორაციები და ფარდა 1921-1922 წლებში მოხატეს მამა-შვილმა მოსე და ირაკლი თოიძეებმა.

თეატრალურ დასს სოლომონ ჭეიშვილი გარდაცვალებამდე ედგა სათავეში.

ჰქონდა კარგი ბიბლიოთეკა, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო ლიტერატურასთან ერთად ჰქონდა მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ალმობომები, ჟურნალები.

1893 წლის 27 იანვარს მისი თაოსნობით დაარსდა ასკანის ბიბლიოთეკა. 1901 წლის 1 აგვისტოს აღწერის მიხედვით ბიბლიოთეკა 903 დასახლების წიგნს ითვლიდა, მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ასევე პედაგოგიური და ისტორიული ლიტერატურა. 1907 წელს, რეაქციის წლებში, მთავრობამ ბიბლიოთეკა დახურა. მისი ხელახლა გახსნის უფლება ჭეიშვილს 1914 წლის 10 სექტემბერს მისცეს.
1921 წელს სოლომონ ჭეიშვილი ასკანაში აირჩიეს "სოფლის კულტურულ–საგანმანათლებლო საზოგადოების" თავმჯდომარედ.

იყო მეცენატი, აფინანსებდა ნათესავებისა და თანასოფლელების განათლებას. მისი სტიპენდიანტები იყვნენ - ალექსანდრე ჭეიშვილი, რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო (მისი ძმის, ნიკოლოზის შვილი, შემდგომში მწერალი), ოზურგეთელი ექიმი-პედიატრი კაკი ნაკაშიძე და სხვ.;

ჰქონდა ბინა თბილისში, ვერაზე, ვარდისუბნის (დღეს ჯანაშია) ქუჩაზე.ცოლად ჰყავდა ნანა შევარდნაძე. მისი უფროსი ვაჟი, ალექსანდრე (საშა), თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის დასრულების შემდგომ 1926 წელს საფრანგეთში გაემგზავრა და სწავლა გრენობლის უნივერსიტეტში გააგრძელა. შემდეგ გადავიდა პარიზში. მუშაობდა ქართველთა მიერ დაარსებულ რძისა და მაწვნის ქარხანაში. 1930-იან წლებში ნიცაში გაიცნო და ცოლად მოიყვანა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სიტყვიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მზია პაპავა, ემიგრანტი მწერლების, თამარ და აკაკი პაპავების უმცროსი ქალიშვილი.

ს. ჭეიშვილი გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

სოლომონის ოჯახი და სახლ-კარი ასკანაში 1951 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე და შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. განადგურდა სახლი და ნივთები. ეზოს ტერიტორიაზე ააშენეს სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი. 

წყარო:
https://ka.wikipedia.org/wiki/სოლომონ_ჭეიშვილი 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=890616868068644&id=245728119224192&set=a.248291018967902

კალანდაძე ბონდო. საქართველოღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე.-თბილისი,2015.-გვ.203; allwine.ge

კალანდაძე, ბონდო. სოლომონ ჭეიშვილი // ბონდოს არაყი / ბონდო კალანდაძე. - თბილისი, 2013. - გვ. 172-175


Share: