The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძე
Date of birth:12 July, 1939  (85 years)
Category:Filmmaker, Screenwriter

Biography

კინორეჟისორი და სცენარისტი ირაკლი მიხეილის ძე კვირიკაძე დაიბადა 1939 წლის 12 ივლისს, ქალაქ ბათუმში. აქვე დაამთავრა მე-3 ვაჟთა სკოლა.

განათლება მიიღო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტსა (1963) და მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილებაზე (გ. ჩუხრაის სახელოსნო, 1968).

ირაკლი კვირიკაძე არის ყველა საკუთარი ფილმის სცენარის ავტორი ან თანაავტორი.

1966 წელს „მოსფილმში“ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გადამწყვეტი ნაბიჯი“;

სადიპლომო ნამუშევარი იყო სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქვევრი“, ლუიჯი პირანდელოს ნოველის მიხედვით (1970); მთავარი პრიზი სატელევიზიო ფილმების საკავშირო (1971) და გრენობლის (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალებზე (1974)];

1957-1959 წწ. - რეჟისორის ასისტენტი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, პარალელურად, მუშაობდა პრესაში ჟურნალისტად;

1968-1977 წწ. - საქართველოს ტელესტუდიის, ხოლო, 1977-1991 წწ.- კინოსტუდია "ქართული ფილმის", რეჟისორი და სცენარისტი.

1974 წელს თბილისში გაიხსნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. რეჟისორების პირველი ჯგუფი თენგიზ აბულაძემ და ირაკლი კვირიკაძემ აიყვანეს. ამ ჯგუფში იყო ნანა ჯორჯაძეც, რომელიც ძალიან მალე მისი მეუღლე გახდა.

1974-1981 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტს, ხოლო, 1982-1995 წწ. -  მოსკოვის საერთაშორისო კინოინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტს (პროფესორი);

1972 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;

1983 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება;

1991 წლიდან ირაკლი კვირიკაძე დამოუკიდებელი ხელოვანია. მუშაობს აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში. წერს სცენარებს. კითხულობს ლექციებს სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე, მოსკოვში; ანდრეი დობროვოლსკისთან ერთად ხელმძღვანელობს მხატვრული ფილმის სარეჟისორო სახელოსნოს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში;

გადაღებული აქვს: საქართველოში – დოკუმენტური ფილმები: „პამირის მთებში“ (1971); „სადღეგრძელო“ (1974); მხატვრული ფილმები: „ქალაქი ანარა“ [1976. პრიზი გაბროვოს (ბულგარეთი), ლოკარნოს (შვეიცარია) საერთაშ. კინოფესტივალებზე]; „მოცურავე“ [1981. მთ. პრიზი სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების საერთაშ. კინოფესტივალზე, 1987]; „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (1990); „საუკეთესო ბებია“ (2009, რუსეთი); „რასპუტინი“ (რეჟ. ჟ. დაიანი, 2011, რუს.- საფრ., რუს. ვერსიის სცენარისტი, რეჟისორი და მემონტაჟე, 2013) და სხვ.;

არის ავტორი სცენარებისა: „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (რეჟ. ნანა ჯორჯაძე, 1986); „ურჩხული, ანუ ვიღაც სხვა“ (რეჟ. ა. ფატხულინი, 1988, „უზბეკფილმი“); „ლიმიტა“ (რეჟ. დ. ევსტიგნეევი, 1994, „სტუდია 29“. რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ საუკეთესო სცენარისთვის, 1995); „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (რეჟ. ნანა ჯორჯაძე, 1996); „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 2000, ევროპული კინოაკადემის პრიზი (საფრანგეთი), საუკეთესო სცენარისთვის); „ფოსტალიონი“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 2003); „მეტეოიდიოტი“ (2008. რეჟ. ნ. ჯორჯაძე); სატელევიზიო სერიალი „პეჩორინი. ჩვენი დროის გმირი“ (მ. ლერმონტოვის მიხედვით, რეჟ. ა. კოტი, 2006, რფ); „ანდერსენი. ცხოვრება უსიყვარულოდ“ (რეჟ. ე. რიაზანოვი, 2006, „მოსფილმი“); „მამა“ (რეჟ. ი. სოლოვიოვი, 2007, რფ) და სხვ.;

1989 - ყოველწლიური კონკურსის მთავარი პრიზი "საფრანგეთის საუკეთესო სცენარისტი 89" მიენიჭა მის სცენარს „დონ ჟუანის ცრემლები“, ამავე წელს, აშშ-ში ჩატარებულ კონკურსზე „ჰარტლი-მერილის“ პრიზით აღინიშნა „ამერიკელი მეძავის“ სცენარი.

1993 – კონკურს „ეიზენშტეინის პრიზის“ გამარჯვებული სცენარისთვის „უილიამ შექსპირის მკვლელობა“;

1996 - "კინო შოკი 96" (ანაპა) , პრიზი საუკეთესო სცენარისთვის, ფილმი "მოგზაურობა როსინანტთან";

2001 - პრემია "ნიკა"(რუსეთი), საუკეთესო სცენარისთვის, ფილმი "მთვარე მამა";

ირაკლი კვირიკაძის სცენარებით გადაღებულია ანიმაციური ფილმები: „ტალანტი“ (რეჟ. ბ. შოშიტაიშვილი, 1981), „ახლა გამოფრინდება ჩიტი“ (რეჟ. ი. სამსონაძე, 1983), „ჟანგიანი რაინდი“ (1984), „ბო-ბო“, (1985) - ორივეს რეჟ. ლ. ჭყონია, „ლოკოკინა“ (რეჟ. ვ. ბახტაძე, 1986) და სხვ.;

ირაკლი კვირიკაძის პირველი მეუღლე იყო ნანა კლდიაშვილი. მასთან ჰყავს ქალიშვილი, ირინა, რომელიც ასევე კინორეჟისორია. მისი და ნანა ჯორჯაძის საერთო შვილი, მიხო კვირიკაძეც კინოში მოღვაწეობს. იგი  ოპერატორი და რეჟისორია.

ირაკლი კვირიკაძის მესამე მეუღლე,  მხატვარი და რეჟისორი ტომა სტენკო დაიბადა საქართველოში. დაამთავრა ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი. მათ ჰყავთ 10 წლის ვაჟი - ირაკლი კვირიკაძე (უმცროსი).

2019 წელს ტომა სტენკომ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ირაკლი კვირიკაძის გიჟური ისტორიები".

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Квирикадзе,_Ираклий_Михайлович 

2. https://ajaratv.ge/video/5007?page=7

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ირაკლი_კვირიკაძე

4. https://georgianencyclopedia.ge/ka/form/27377

5. https://sputnik-georgia.com/20200225/filmi-irakli-kvirikaZe-toma-stenko-247812781.html


Share: