The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფია ბაბლუანი

სოფია ბაბლუანი
Date of birth:199?
Category:Filmmaker

Biography

რეჟისორი და სცენარისტი სოფია ბაბლუანი საფრანგეთში ცხოვრობს. ის ბაბლუანების კინემატოგრაფიული ოჯახის უმცროსი წევრია. მამა, თემურ ბაბლუანი და უფროსი ძმა გელა, კინორეჟისორები არიან; დედა - ლია, და - ოლგა და უმცროსი ძმა - გიორგი, მსახიობები.

სოფია ბაბლუანი საქართველოში დაიბადა და მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში გაიზარდა. ბავშვობიდან ხატავდა. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ დაამთავრა პარიზის ხელოვნების აკადემია (Les beaux-Arts de Paris-Cergy). ფერწერასთან ერთად იქ ფოტო, ვიდეო და კინო ატელიების აქტიური წევრი იყო და სწორედ ამან განაპირობა მისი კინოსკენ ორიენტირება. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბრიუსელის კინოსკოლაში (INSAS).

პარიზში დაბრუნებულმა სოფიამ კინოს სამყაროში თავი დაიმკვიდრა, როგორც სცენარისტმა და კინორეჟისორმა. მისი წარმატებული სარეჟისორო დებიუტი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „რა გისურვო ბრძოლის წინ?“. ფილმი დაფინანსდა ბურგუნდიის კინოდეპარტამენტისა და ARTE France-ის ტელევიზიის მიერ და არაერთ ფესტივალზე გაიმარჯვა.

სოფია ბაბლუანი მოღვაწეობს საფრანგეთის კინოცენტრში, არის სცენარის დაფინანსების დეპარტამენტის ჟიურის წევრი და ითავსებს კინოცენტრში სცენარის განვითარების მრჩევლის ფუნქციას. ასევე, განაგრძობს საქმიანობას, როგორც სცენარისტი, საფრანგეთსა და მის საზღვრებს გარეთ.
სოფიას ბოლო დოკუმენტური ფილმია „ფოფოდიას შვილები“, რომელიც პარიზის რეგიონის დეპარტამენტის მხარდაჭერით გადაიღო.

ფილმში ასახულია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის საქმიანობა. ფოფოდია ამ სკოლის დირექტორია, მისი მეუღლე მამა მირიან სამხარაძე კი თამარ მეფის სახელობის გიმნაზიას ხელმძღვანელობს. მათ ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს, როცა მამა მირიანმა მაღალმთიან აჭარაში სასულიერო ცხოვრება დაიწყო. ხულოში იგი შეხვდა ადგილობრივი სკოლის ქართული ენის პედაგოგს, რომელიც მუსლიმი იყო. ისე მოხდა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს. ქალი ქრისტიანად მოინათლა, ჯვარი დაიწერეს და მას შემდეგ ერთად მოდიან. სამი ზრდასრული შვილი ჰყავთ.

ხელოვნების სკოლაში 300-მდე მოსწავლეა. არის საფორტეპიანო, სავიოლინო წრეები, აქვთ თეატრალური სტუდია და ა. შ. სკოლას თავისი პანსიონიც აქვს, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები ათევენ ღამეს: ფერეიდნელები, საინგილოდან, ზემო აჭარიდან, ეკომიგრანტები მაღალმთიანი რაიონებიდან და სხვა. ჩამოსულ ბავშვებს ფოფოდია პატრონობს.

ფილმში გადმოცემულია თუ როგორ ცხოვრობენ ერთად, სწავლობენ და მეგობრობენ ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები. გადაღების დროს სოფია პანსიონში ცხოვრობდა და პირადად აკვირდებოდა მოსწავლეების ყოველდღიურ ყოფას. პრემიერა შედგა 2023 წლის 1 დეკემბერს პარიზში.

სოფია ბაბლუანი არის საფრანგეთში კინოდიფუზიისა და დისტრიბუციის ასოციაცია ACID-ის წევრი.

პრაქტიკული მუშაობის გარდა, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. პარიზის ერთ-ერთ ხელოვნების კოლეჯში მოწვეული ლექტორის რანგში  ასწავლის რეჟისურის ოსტატობისა და მოძრავი გამოსახულების რეჟისურის, სცენარის დრამატურგიული აგების თავისებურებებს.

სოფიას ძალიან უყვარს მუსიკა. ახლობლების წრეში მღერის კიდეც. როგორც თავად ამბობს „ღიღინებს“. 2017 წელს გადაღებული გელა ბაბლუანის ფილ­მი "ფული" მისი სიმ­ღე­რით იწყე­ბა და იმა­ვე მე­ლო­დი­ით მთავ­რდე­ბა, რაც სოფიასთვის სი­ურპრი­ზი აღმოჩნდა.

სოფია მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, სოციალური მეცნიერებების კვლევით ინსტიტუტში Ehess, განხრით „ესთეტიკა, ხელოვნების ფილოსოფია“.

2023 წლის შემოდგომაზე სოფია ბაბლუანი დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად ევროპაში.

2024 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სოფია ბაბლუანი გახლდათ საქართველოს დელეგეაციის წევრი და თავის ახალ ამპლუაში წარმოადგენდა კინოცენტრსა და ქართული კინოს ინტერესებს.

წყარო:

1. https://kvira.ge/903613

2. ადვაძე რუსუდან. მამა მირიან სამხარაძე: „ჩემი მომავალი მეუღლე მუსლიმი იყო. მოინათლა და ჯვარი ჩუმად დავიწერეთ“: ინტერვიუ // სარკე. თბილისი. 2024. – N5. - გვ. 6-7

3. ბაბლუანი სოფია. სოფია ბაბლუანის გზა წარმატებისკენ: ინტერვიუ / ესაუბრა ნინი აბრამიშვილი // OK! საქართველო:ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი. 2017. მარტი. N32. გვ.20-22 


Share: