The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იმერი კავსაძე

იმერი კავსაძე
Date of birth:16 June, 1937  (87 years)
Category:Singer

Biography

იმერი კავსაძე 1937 წლის 16 ივნისს, თბილისში დაიბადა. ბაბუა - ლოტბარი, აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელი, სანდრო კავსაძე; დედა - თამარ (კაკალა) ცაგარეიშვილი; მამა - დათაშკა კავსაძე (1907-1952) - მომღერალი, სახელმწიფო ეთნოგრაფიული ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელი.

ოჯახში ორი ვაჟი იზრდებოდა - კახი და იმერი. დედას ძალიან უნდოდა, რომ ძმები მუსიკასთან ახლოს ყოფილიყვნენ და ისინი მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა: კახი ფორტეპიანოზე, იმერი ვიოლინოზე. მუსიკალურ ათწლედში ძემბს სტიპენდიას აძლევდნენ მანამ, სანამ გაირკვეოდა, რომ მამა ტყვედ იყო ჩავარდნილი. სტიპენდიის შეწყვეტა არ აკმარეს და რაც უკვე აღებული ჰქონდათ დედის ხელფასიდან ნელ-ნელა დაქვითეს.ბავშვებისთვის გაუგებარი იყო კარგი მოსწავლეები სასწავლებლიდან რატომ გამოყარეს? თან ვიოლინოც უკან დააბრუნებინეს. შეურაცხყოფილები იყვნენ, მაგრამ სიმღერის გარეშე ვერ გაძლეს და დედამ ბიძის, მიშა კავსაძის გუნდში მიიყვანა. მერე ბიჭიკო გველესიანის გუნდში მღეროდნენ, რომელიც მამის მეგობარი იყო და დათაშკას რეპრესიის მიუხედავად, მის ოჯახთან კავშირი არ გაუწვეტია.

კახი კავსაძემ მსახიობობა არჩია, იმერმა კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა 1961 წელს (ვოკალური) და საოპერო სცენას მიაშურა.

1961 წელს შედგა მომღერლის დებიუტი ზ. ფალიშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე: ალფრედი (ვერდი "ტრავიატა");

1960-1962  წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი;

1964 წლიდან - ქ. გორკის პუშკინის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი;

გამოდიოდა სსრკ სხვადასხვა რესპუბლიკების საოპერო სცენებზე; შესრულებული აქვს ლირიკული ტენორის თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მათ შორის ქართული ოპერები: მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), ნოშრევანი, ერთაოზი (ო. თაქთაქიშვილი "პირველი სიყვარული"); ქართული კამერული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი "თეატრალური ნიღბები" (1980, პირველი შესრულება), დ. ტურიაშვილი ვოკალური ციკლი "გაზაფხულზე" (1980);

სხვა რეპერტუარი: ჰერცოგი, ალფრედი, კასიო (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ოტელო"), კავარადოსი, რუდოლფი (პუჩინი "ტოსკა", "ბოჰემა"), ფაუსტი (გუნო "ფაუსტი"), ალმავივა (როსინი "სევილიელი დალაქი"), ნადირი (ბიზე "მარგალიტის მაძიებლები"), ბასტიენი (მოცარტი "ბასტიენ და ბასტიენა"), ლენსკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ლიკოვი (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), თავადი (დარგომიჟსკი "ალი"), სალოსი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი") და სხვ.; ვოკალურ-ინსტრუმენტული: ტენორის პარტია (ჰაიდნი ორატორია "ჯვარცმული ქრისტე შვიდი სიტყვა");

1991 წელს საცხოვრებლად გადავიდა პოლონეთში. იყო ქ. კრაკოვის (პოლონეთი) საოპერო თეატრის სოლისტი, სადაც მისი დებიუტი შედგა ისმაელის პარტიით (ვერდი "ნაბუქო");

იმერი კავსაძე უკვე შემდგარი მომღერალი იყო, როცა კრაკოვში ჩავიდა  და კარიერის დაწყება თავიდან მოუხდა. მაგრამ სიძნელეებს თავი გაართვა და პოლონეთში გატარებული 22 წლის მანძილზე ბევრი წარმატებული სპექტალი ითამაშა.

მომღერალი სამშობლოში 2013 წელს დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ვოკალის კონსულტანტად თბილისის ოპერის თეატრში. შემდეგ ოპერის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლდათ.

იმერი კავსაძის მეუღლე მარგარიტა ოლეზარენკო მუსიკოსია, არფაზე უკრავს. ჰყავთ ერთი ვაჟი - დათაშკა კავსაძე, რომელიც სამხედროა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 232

2. https://old.primetime.ge/belas-shemdeg-kakhis-dzalian-gautchirda-imeri-kavsadze-ojakhze-kakhize-da-karieraze


Share: