The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე

მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე
Date of birth:1 January, 1844
Date of death:11 May, 1905  (at 61 years)
Category:Lawyer

Biography

თავადი მიხეილ ნაკაშიძე წარმოშობით იყო გურიის სამთავროდან. დაიბადა 1844 წლის 1 იანვარს. მამა - ალექსანდრე მამუკას (მათე, матвей) ძე ნაკაშიძე. გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჰქონდა მიხეილის უმცროს ძმას, ივანე ნაკაშიძეს (1848-1919).  

1869 წელს მიხეილ ნაკაშიძემ დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის კანდიდატის ხარისხით. სამსახური დაიწყო ბაქოში, მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ. ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ შემახის, შემდეგ კი ლენქორანის მხარეში.

1873 წელს გახდა ბაქოს საოლქო სასამართლოს წევრი.

1880 წელს დატოვა თაამდებობა იუსტიციის სამინისტროში და გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც დაინიშნა  დაღესტნის ოლქის უფროსის კანცელარიის მმართველის თანამდებობაზე.

1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1886 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე განჯის გუბერნატორი იყო.

1892 წელს მიხეილ ნაკაშიძე ერევნის ვიცე-გუბერნატორად გადაიყვანეს. ამ მოვალეობას ის 1904 წლამდე ასრულებდა. ამავე პერიოდში ის, როგორც კომისარი, ახორციელებდა სპარსეთისთვის მდინარე არაქსის მარჯვენა სანაპიროზე რუსეთის მთავრობის მიერ კონვენციით დათმობილი აბას-აბადის მონაკვეთის გადაცემის პროცესს. ჰქონდა დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი) წოდება.

1904 წლის თებერვალში, კავკასიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გენერალ გრიგორი გოლიცინის, რეკომენდაციით, მიხეილ ნაკაშიძე ბაქოს გუბერნატორად დაინიშნა. თავად გოლიცინი მთავარსარდლის პოსტზე დარჩა 1905 წლის 1 იანვრამდე, სანამ კავკასიიდან პეტერბურგში გადაიყვანდნენ.

გოლიცინი მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი სომხური ეროვნული მოძრაობის მიმართ. ის გახლდათ 1903 წლის 12 ივნისს სომხური სამოციქულო ეკლესიის ქონების კონფისკაციისა და სომხური სკოლების დახურვის შესახებ კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი. კანონის თანახმად, მთელი უძრავი ქონება (მათ შორის ეჩმიაძინის მონასტრის ტერიტორია) და კაპიტალი, რომელიც ეკუთვნოდა სომხურ ეკლესიას და რელიგიურ დაწესებულებებს, სახელმწიფოს საკუთრება გახდა.

სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა ბაქოში 1905 წლის თებერვალში დაიწყო. მიხეილ ნაკაშიძემ, როგორც გოლიცინის პოლიტიკის მიდევარმა, აზერბაიჯანის მხარე დაიჭირა.

1905 წლის 11 მაისს ბაქოში, პარაპეტის მოედანზე, დაშნაკმა დრო კანაიანმა მიხეილ ნაკაშიძეს ბომბი ესროლა. ამბობდნენ, სომხური პარტია „დაშნაკციუთუნის“ წევრებმა გუბერნატორს განაჩენი იმიტომ გამოუტანეს, რომ მან ბაქოს „სომხურ-თათრული“ კონფლიქტის დროს სისხლისღვრის შესაჩერებლად ეფექტური ზომები არ მიიღო. (დრასტამატ კანაიანი - ცნობილი ფსევდონიმით „გენერალი დრო“: 1884-1956. 1918 წლის დეკემბერში ხელმძღვანელობდა სომხეთის დაშნაკური მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ წამოწყებულ ომს. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ფაშისტური გერმანიის სომხური ლეგიონის სამხედრო ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციაში. გარდაიცვალა ემიგრაციაში).

მიხეილ ნაკაშიძე დაჯილდოებული იყო: ლომისა და მზის ირანული ორდენით (მესამე ხარისხის), წმ. ანას მეორე ხარისხისა და წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენებით.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Накашидзе,_Михаил_Александрович_(бакинский_губернатор)

2. https://nobility.pro/ge/statia/66-nakashidze-mikheil-aleksandres-dze.html 

3. დეპეშა : [ბაქოს გუბერნატორ მ.ნაკაშიძის მკვლელობა] // ივერია. - ტფილისი, 1905. - 12 მაისი. - N73. - გვ. 2


Share: