The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ნაკაშიძე

Date of birth:27 August, 1873
Date of death:12 August, 1906  (at 32 years)
Burial location:ნიკოლსკოეს სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა. სანკტ-პეტერბურგი
Category:Inventor, Manufacturer

Biography

ნაკაშიძეების თავადური გვარის წარმომადგენელი მიხეილ ნაკაშიძე დაიბადა მოსკოვში, 1873 წლის 27 აგვისტოს. მამა - კავალერიის გენერალი ალექსანდრე დავითის ძე ნაკაშიძე (1837-1905), დედა -  მარია იოახიმის ასული ესპეხო, რუსეთში მოღვაწე ესპანელი ინჟინრის ასული.

მიხეილმა მამის მსგავსად სამხედრო განათლება მიიღო. 1893 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი. მსახურობდა 43-ე ტვერის დრაგუნთა და ლეიბ-გვარდიის გროდნოს ჰუსართა პოლკებში. სიცოცხლის ბოლო წლებში შტაბს-როტმისტრის წოდებიით იმყოფებოდა  გვარდიის კავალერიის რეზერვში.

მიხეილ ნაკაშიძე ბავშვობიდან დიდ ინტერესს იჩენდა საავტომობილო ტექნიკის მიმართ. თვლიდა რომ საავტომობილო ბიზნესის განვითარება სასიკეთოდ წაადგებოდა ქვეყანას, როგორს სამოქალაქო ცხოვრებაში, ისე ომის დროს. 1902 წელს გამოვიდა მისი წიგნი- „Автомобиль, его экономическое и стратегическое значение для России“. თუმცა, მ. ნაკაშიძის ინტერესი ლიტერატურული საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. მას მეწარმის თვისებები აღმოაჩნდა და სამხედრო კარიერა კომერციულ საქმიანობას შეუთავსა.

მან, იმავე 1902 წელს საავტომობილო ბიზნესით დაინტერესებულ გრაფ პოტოცკისა და პოლკოვნიკ გოლოვინთან ერთად ვარშავაში დააფუძნა ავტომობილთა ექსპლუატაციის ამხანაგობა Grand Garage International d’Automobiles – "ავტომობილების დიდი საერთაშორისო გარაჟი". მას შემოკლებით „ინტერნაციონალს“ უწოდებდნენ. „ინტერნაციონალის“ მთავარი საქმიანობა იმპორტული, ძირითადად ფრანგული ავტომობილებით ვაჭრობა იყო. ამავე დროს ფირმა ცდილობდა, საკუთარი ნაწარმიც შეექმნა და 1902-1904 წლებში რამდენიმე ავტომობილიც ააგო ფრანგული ძრავების გამოყენებით.

მიხეილ ნაკაშიძე პირადად იყო დაკავებული პარტნიორთა ქსელის განვითარებით. 1903 წელს მან საქმიანი კავშირი დაამყარა ფრანგულ ფირმასთან - Charron, irardot&Voigt, რომელმაც ჩვეულებრივ საავტომობილო ნაწარმთან ერთად, 1902 წელს ააგო ექსპერიმენტული ჯავშანავტომობილი Charon 50 CV. მსოფლიოში ეს ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო. დაიწყეს მისი გამოცდა ფრანგული არმიის პოლიგონებზე. სწორედ ამ დროს დაემთხვა ფირმა „შარონისა“ და თავად ნაკაშიძის გაძლიერებული კონტაქტები, რომელთა შედეგადაც ეს უკანასკნელი „შარონის“ ჯავშანავტომობილების განყოფილების უფროსი გახდა.

საქმიანი წარმატებები აშკარა იყო და მიხეილ ნაკაშიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა, რათა ავტომრეწველობისთვის სერიოზული ყურადღება დაეთმო. სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. მიხეილ ნაკაშიძე მაშინვე მოხალისედ ჩაეწერა მანჯურიის ფრონტზე. ის ციმბირის კაზაკთა მე-7 პოლკში ჩარიცხეს პოდესაულის წოდებით, რაც კავალერიის შტაბს-როტმისტრის, ქვეითი ჯარის შტაბს-კაპიტნის თანაბარი წოდება იყო.

მიხეილ ნაკაშიძე ფრონტიდანაც აგრძელებდა ურთიერთობას ფირმა „შარონთან“. მანჯურიის ფრონტზე, საბრძოლო გამოცდილებიდან გამომდინარე, მან „შარონთან“ ჯავშანავტომობილის შექმნის პროექტი შეათანხმა. ამ დროისთვის „შარონი“ იყო ევროპაში (თუ მსოფლიოში არა) ერთადერთი ფირმა, რომელსაც ჯავშანავტომობილის შექმნის გამოცდილება ჰქონდა. თავადი ნაკაშიძე მანჯურიაში იმყოფებოდა და პროექტის შექმნაში აქტიურად ვერ მონაწილეობდა. ის ძირითადად ფრანგმა ინჟინრებმა დაამუშავეს, თუმცა გარკვეული კორექტივები ნაკაშიძემ მაინც შეიტანა.

ნაკაშიძის პროექტი მოიწონეს, ოღონდ - თანადაფინანსების პირობით. ჯავშნოსანი ფირმას საკუთარი ხარჯით უნდა აეგო. სამხედრო სამინისტრო მისი შეძენის გარანტიას არ იძლეოდა, მხოლოდ მისი ტრანსპორტირებისა და მომსახურე ტექნიკოსის ხარჯების ანაზღაურებას კისრულობდა. ნაკაშიძე მანჯურიაში მანქანის ჩატანისა და საბრძოლო პირობებში გამოცდისთვის მზად იყო, მძღოლის მოვალეობის შესრულებასაც კისრულობდა.
ამასობაში რუსეთი იაპონიასთან ომში დამარცხდა. ნაკაშიძის შეკვეთაზე მუშაობაც მდგომარეობის გარკვევამდე შეჩერდა. დაიდო რუსეთისთვის მარცხიანი ზავი. ამის გამო შეიარაღებული ძალების გენშტაბმა ჯავშანმანქანის მანჯურიაში წაღებაზე უარი თქვა და მისი გამოცდა სანკტ-პეტერბურგში დანიშნა.

1906 წლის მარტში ჯავშანავტომობილმა, რომელსაც კოშკურაზე დაყენებული ჰქონდა ასევე ფრანგული 8 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი Hotchiss, პეტერბურგამდე ჩააღწია, სადაც „ნაკაშიძე-შარონ“-ი ეწოდა. მან სერიოზული გამოცდები გაიარა გარბენაში, სროლასა და სხვა საჭირო პოზიციებში.

ამ მანქანას გააჩნდა თავის დროისთვის რამოდენიმე ნოვატორული ფუნქცია რომლებმაც მომავალში საფუძველი დაუდო ჯავშანმანქანის კლასიკურ ფორმას, მანქანა მთლიანად ჯავშნით იყო დაფარული, გააჩნდა 360°მბრუნავი ტყვიამფრქვევი და ტყვიაგამძლე ბორბლები.

მანქანა მთლიანობაში გამოსადეგად აღიარეს დაზვერვისთვის, ცხენოსან ჯართან ბრძოლისთვის, მოწინააღმდეგის დევნისთვის, მაგრამ სამხედროებმა იქვე აღნიშნეს მისი ნაკლიც - დიდი მასა, რაც მოუქნელს ხდიდა და ამის გამო მასზე უარი თქვეს.

მიხეილ ნაკაშიძე არ დანებდა და სასწრაფოდ დაიწყო მუშაობა უფრო სრულყოფილი მანქანის  შესაქმნელად. მან  „შარონს“ ნიმუშის მოდერნიზაციის მითითებები გაუგზავნა და შეეცადა, მანქანით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეინტერესებინა საპოლიციო მიზნით გამოყენებისთვის.

მანქანის საჭიროების დასამტკიცებლად თავადი ნაკაშიძე მიღებაზე ჩაეწერა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე პიოტრ სტოლიპინთან. მაგრამ მათი შეხვედრა არ შედგა. მიხეილ ნაკაშიძე გარდაიცვალა აფეთქების შედეგად 1906 წლის 12 აგვისტოს, როცა ის  სტოლიპინის აგარაკზე (პეტერბურგთან ახლოს, სააფთიაქო კუნძულზე) მისაღებში იმყოფებოდა. ტერორისტული აქტი პ. სტოლიპინის სალიკვიდაციოდ მოაწყო ესერ-მაქსიმალისტთა პარტიამ. თავად სტოლიპინი მსუბუქად დაშავდა, მაგრამ აფეთქების შედეგად დაიღუპა მასთან შეხვედრის მომლოდინე 27 კაცი. მათ შორის იყო მიხეილ ნაკაშიძეც. მასთან ერთად განადგურდა ახალი ჯავშანმანქანის ნახაზები და საბუთები.

მიხეილ ნაკაშიძის დაღუპვის შემდეგ რუსეთის არმიაში ან პოლიციაში ჯავშანავტომობილების გამოყენება რამდენიმე წლით შეჩერდა. თუმცა „ნაკაშიძე-შარონის“ პროექტი და მასზე მუშაობის გამოცდილება მაინც დაეხმარა რუსეთს, 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შეექმნა საკუთარი ჯავშნოსანი, რომელიც დასავლურ მოდელებს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა.

მიხეილ ნაკაშიძე დაკრძალულია მშობლებთან ერთად სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკოეს სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://mematiane.ge/product-details.php?id=1244 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Накашидзе,_Михаил_Александрович

3. ქუთათელაძე, ზურაბ. მიხეილ ნაკაშიძე (1873-1906) : რუსეთში ჯავშნიანი სამხედრო ავტომობილის შემქმნელი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.130

4. http://gza.kvirispalitra.ge/life/9472-tavadi-nakashize-rusuli-javshanteknikis-ert-erti-shemkmneli/

 


Share: