The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნათია მდინარაძე

ნათია მდინარაძე
Date of birth:198?
Category:Musician

Biography

თბილისის კონსერვატორიის პროფესორის, ერნსტ არაქელოვის აღზრდილი მუსიკოსი ნათია მდინარაძე მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ საკონცერტო სცენაზე. გამოდის სოლო კონცერტებით და ასევე, უკრავს სხვადასხვა ანსამბლებში.

ნათია თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მევიოლინეა საქართველოში. იგი მუსიკალურ ათწლედში სწავლის დროს გახდა რესპუბლიკური კონკურსის (1995), ასევე, „პატარა მოცარტის“ კონკურსის ლაურეატი (მონაკო, 1996), გაიმარჯვა ბალის დვარიონასის სახელობის კონკურსში (ლიტვა, 1997).

მონაწილეობდა სიმფონიურ კონცერტებში ცნობილი დირიჟორების, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ტაკიძისა და და ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ხშირად უკრავდა ლიანა ისაკაძესთან ერთად. იყო  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სტიპენტიანტი.

2000 წელს გაემგზავრა ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად და საშემსრულებლო ხელოვნების დასახვეწად. ამავე წელს გახდა ქ. ცინცინატის უნივერსიტეტის სტუდენტი, შემდგომ კი „ჯულიარდის სკოლის“ ლეგენდარული პროფესორის  – დოროთი დილეის ინიციატივით ჩაირიცხა ადგილობრივ კონსერვატორიაში, სადაც ე. წ. „საპატიო სტიპენდიანტიც“ გახდა.

სხვადასხვა დროს თავის ოსტატობას სრულჰყოფდა მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ჯულიარდის სკოლის პედაგოგებთან, როგორებიც არიან: დ. ბერლინსკი, ჩო ლიანგ ლიანგი, ნ. სალერნო ზონენბერგი, პიტერ უნჯენი. ამ პერიოდში გახდა რამდენიმე ადგილობრივი კონკურსის ლაურეატი, მონაწილეობდა კონცერტებში და ა. შ.

მიწვეული იყო ასპენის ცნობილ მუსიკალურ ფესივალზე, სადაც შეასრულა ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და მსმენელისა და კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

სამშობლოში 2005 წელს დაბრუნდა და ამჯერად უკვე თბილისის კონსერვატორიის სტუდენტმა გამართა სოლო კონცერტი მრავალფეროვანი პროგრამით. მუსიკის კრიტიკოსების დახასიათებით, მას აქვს ნაწარმოების მხატვრული სტილის ზუსტი, ფაქიზი შეგრძნება და ადეკვატური გამოცემა, ძალზე გამომსახველი ბგერა და ვირტუოზული ტექნიკა.

DAAD- ს სტიპენდიის მოპოვების  შემდეგ, ნათია მდინარაძემ სწავლა განაგრძო კიოლნის კონსერვატორიაში, სადაც დაინტერესდა თანამედროვე მუსიკის გაცნობითა და შესრულებით. ამჟამად იგი თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ანსამბლთან და ორკესტრთან.

მუსიკოსი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და ასრულებს  სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის ნაწარმოებებს. ასევე, ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, გზას უკვალავს ახალი თაობის მუსიკოსებს  და ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.

წყარო:

1. https://ilc-georgia.org/dt_team/natia-mdinaradze/

2. ტორაძე გულბათ. მევიოლინე ნათია მდინარაძე // მუსიკალური საქართველო / საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი. თბილისი, 2006. აპრილი. N2(10). გვ. 38. 


Share: