The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეა კეკელიძე

თეა კეკელიძე
Date of birth:196?
Category:Biologist, Chemist

Biography

თეა კეკელიძე არის სამეცნიერო თანამშრომლობისა და გარე ინოვაციების დირექტორი ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტში (ბაზელი, შვეიცარია). განათლებით ბიოლოგია. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ცოტა ხნით მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1988 წელს უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი პირველი სტუდენტური გაცვლითი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში, მაშინდელი პოლიტიკური „გარდაქმნის“ პროექტის ფარგლებში. თეაც ამ ჯგუფში მოხვდა და მასპინძელ უნივერსიტეტში (Williams College, MA) ერთ-ერთ ლექციაზე დასწრების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა დარჩენილიყო ამერიკაში სასწავლებლად. ამ სურვილის განხორციელებას 4-5 წელი, ბევრი მუშაობა, კეთილგანწყობილი ადამიანების დახმარება და გარკვეულწილად გამართლებაც დასჭირდა.

1993 წელს ჩაირიცხა ემორის უნივერსიტეტის (Atlanta, GA) სადოქტორო სწავლების პროგრამაში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის განხრით, იმ პირობით რომ ნახევარი წლის განმავლობაში ყველა საჭირო საგანს ჩააბარებდა და დაამტკიცებდა, რომ პროგრამის დაძლევა შეუძლია. დასახული გამოწვევა მან წარმატებით გადალახა. პარალელურად, ლაბორატორიაშიც მუშაობდა.

დოქტორანტურის პროგრამის დამთავრების შემდეგ თეა კეკელიძემ დაიკავა პოსტ-დოქტორანტის ადგილი ემორის ნეიროქიმიის განყოფილებაში NIH Fogarty International Fellowship-ის მოპოვების შედეგად. პროექტის განხორციელებაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორებიც მონაწილეობდნენ. მათთან თანამშრომლობის ზეგავლენით ახალგაზრდა ბიოლოგმა მიზნად დაისახა მოეპევებინა სამუშაო ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

სხვადასხვა ფედერალურ დამფინანსებელ სააგენტოში რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ (სასურველი გრანტი უნდა ყოფილიყო აშშ-ს მასშტაბით გამოყენებადი) მისი პროექტი American Epilepsy Foundation-მა დააფინანსა და თეა ატლანტიდან ბოსტონში გადავიდა. მან დაამთავრა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დოქტორანტურა. ასევე იყო ამ სკოლის ფაკულტეტის წევრი.

ჰარვარდში მუშაობის პერიოდში ახლო თანამშრომლობა ჰქონდა შვეიცარიელ, ჰოლანდიელ და იაპონელ მეცნიერებთან, რომლებიც შეისწავლიდნენ ბიოენერგეტიკის (უჯრედული ენერგიის წარმოქმნა, გამოყენება და გარდაქმნა) სხვადასხვა ასპექტს. შვეიცარიაში სამეცნიერო მივლინებებმა და ETH (Swiss Federal Institute if Technology)-თან თანამშრომლობამ თეას ევროპულ სამეცნიერო ორგანიზაციაში მუშაობის ინტერესი გაუჩინა. ამიტომ ჰარვარდიდან აკადემიური აიღო და საქმიანობა გააგრძელა ციურიხის უნივერსიტეტსა და მასთან მდებარე ჰოსპიტალში, სადაც ფუნდამენტურ-კლინიკური კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის საუკეთესო პირობები იყო შექმნილი.

ეკას მისია იყო ნეირომეცნიერებაში შეექმნა ისეთი სამეცნიერო პროგრამა და ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებდა როგორც ადგილობრივ (შვეიცარიის მასშტაბით), ასევე ამერიკულ კვლევით ორგანიზაციებთან. კვლევების ნაწილს (in-vivo imaging) სამეცნიერო ჯგუფი ატარებდა ნოვარტისში. ეს არის დიდი შვეიცარიული ბიოფარმაცევტული კომპანია ძლიერი სამეცნიერო კადრით.

ამჟამად თეა კეკელიძე ხელმძღვანელობს ფუნდამენტურ და კომერციულ მეცნიერებებს შორის თანამშრომლობის განყოფილებას Novartis- ში, რომლის მიზანია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების თარგმნა ინოვაციურ სამკურნალო საშუალებებში, ფუნდამენტური მეცნიერებისა და ფარმაცევტული მედიკამენტების აღმოჩენის შერწყმის გზით. აქ მთავარი გამოწვევაა რაც შეიძლება ადრე მიაგნო მსოფლიოს უნივერსიტეტებსა თუ კვლევით ინსტიტუტებში გაკეთებულ სამეცნიერო აღმოჩენებს, რომლებსაც პოტენცია აქვთ დაავადების მკურნალობის ახლებური და ეფექტური მეთოდების შექმნას მოხმარდნენ.

თეა კეკელიძე არის ბიოქიმიკოსი, დამატებითი გამოცდილებით ნეირომეცნიერების დარგში. სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც მან 2014 წელს შექმნა და 2019-ში თავიდან დააკომპლექტა, წელიწადში საშუალოდ 300 სამეცნიერო ინოვაციის მოძიებასა და შეფასებას ახორციელებს. მათ ბოლო ორ წელიწადში 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან დაამყარეს თანამშრომლობა აკადემიურ სექტორში. მუშაობენ ნოვარტისის ყველა თერაპიულ-სამეცნიერო განყოფილებასა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდაავადებები, ონკოლოგია, იმუნური დარღვევები, ოფტალმოლოგია, რესპირატორული დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები) და ტექნოლოგიურ პლატფორმასთან, რათა ჯგუფის მიერ მოძიებული ინოვაციები ოპტიმალურ თანხვედრში იყოს კომპანიის მოკლე და გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებთან.

ქართველი ბიოლოგი გახლავთ სამეცნიერო სტატიების და წიგნების თავების ავტორი, და ნატოს დარგობრივი „სამეცნიერო სერიების“ რედაქტორი. მას ორგანიზებული აქვს სამეცნიერო კონფერენციები და თავმჯდომარეობდა საერთაშორისო სესიებს ბიო-მედიცინაში ფუნდამენტური აღმოჩენების პრატიკაში დანერგვის შესახებ.  2000-იანებში ის, ასევე, იყო საქართველოს მთავრობისა და ნატოს სამეცნიერო პროგრამის მრჩეველი, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამების სფეროში.

პერიოდულად აქვს დისკუსია ქართველ მეცნიერებთან რამდენიმე სამეცნიერო თემის გარშემო ერთობლივი მუშაობის შესახებ. ეს თემები მოიცავს კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას, ამ რეგიონის მიკროორგანიზმების და სამკურნალო მცენარეების კვლევას. ის გამუდმებით ეძებს გზებს რომ ეს საუბრები რეალურ სამუშაოში გადაიზარდოს.

2016 წელს მან თბილისში ჩამოიყვანა ნოვარტისის დელეგაცია, რომელმაც ჩაატარა სამეცნიერო სიმპოზიუმი დაავადებების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. ეს ვიზიტი საფუძვლად დაედო საქართველოში ნოვარტისის პირველი კლინიკური ცდების ჩატარებას.

წყარო:

1. https://tbilisipost.ge/news/tea-kekelidze--shveiariashi-mkhovrebi-qartveli-menieri/4980

2. https://ilc-georgia.org/dt_team/tea-kekelidze/


Share: