The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა მირიანი

ნანა მირიანი
Legal name:ნანა ქავთარაშვილი
Date of birth:4 April, 1969  (55 years)
Category:Singer

Biography

დრამატული რეპერტუარის საოპერო მომღერალი (სოპრანო) ნანა ქავთარაშვილი (მირიანი) დაიბადა 1969 წლის 4 აპრილს, თბილისში.

ოჯახში მუსიკოსი არავინ ჰყავდა, დედა ექიმი გახლდათ, მამა - ისტორიკოსი. მიუხედავად ამისა, ნანა სამი წლის ასაკიდან მღეროდა. საბავშვო ანსამბლების რეპერტუარი ზეპირად იცოდა და მეზობლებისთვის კონცერტებს მართავდა. ამავე დროს ფორტეპიანოზე დაკვრასაც სწავლობდა და ნაწარმოებებსაც ქმნიდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, დედის რჩევით, ნანა ქავთარაშვილმა მესამე მუსიკალური სასწავლებლის ვოკალურ ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (იულია ფალიაშვილის კლასი).

კონსერვატორია 1993 წელს დაამთავრა და პედაგოგების რჩევით გეზი იტალიისკენ აიღო, სადაც 1994 წელს კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქ ბუსეტოში, ლეგენდარული ტენორის, მაესტრო კარლო ბერგონცის ფასიან აკადემიაში ჩაირიცხა. გამონაკლისის სახით სტიპენდიაც დაენიშნა.

ნანა ქავთარაშვილმა სამი წელიწადი ისწავლა მაესტრო ბერგონცისთან და ფართო რეპერტუარი მოამზადა. მალე მისი დებიუტიც შედგა ქ. ბუსეტოს საოპერო თეატრში.

1898 წელს იმღერა აბიგაილის პარტია ჯ. ვერდის „ნაბუქოში“.

2000-2001 წლებში გაიარა ვოკალური დახელოვნების კურსები სოპრანო რენატა სკოტოს ხელმძღვანელობით: „ვერდის ფესტივალის ფონდში“, „ვერდის საოპერო სტუდიაში“, თეატრ „რეჯიო დი პარმაში“; შემდეგ სწავლა გააგრძელა ჩიგიანას აკადემიაში, ასევე, სწავლების კურსი გაიარა პარმის „არტურო ტოსკანინის“ აკადემიაში - პედაგოგი კ. ბერგონცი.

ნანა მირიანი გამოდის მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე: ლა სკალა (მილანი), მაჯიო ფიორენტინოს (ფლორენცია), "Teatr Liriko di Caglari", აგრეთვე, ლომბარდიის, კრემონის, პარმის, პრაღის, ბრატისლავას, მიუნხენის, მონპელიეს, თბილისის საოპერო თეატრებში და სხვ.

თანამშრომლობს დირიჟორებთან და მომღერლებთან: ლ. მააზელი, ვ. გერგიევი, ჯ. კონლონი, ნ. მარტინუჩი, ლ. საკომანი, ა. მაესტრი, ს. ლიციტრა, ლ. ნუჩი, დ. საჯიკი, პ. ბურჭულაძე; რეჟისორებთან: ა. კონჩალოვსკი, ლ. დოდინი, დ. აბადო.

მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: 2012 წელს - გალა–კონცერტი პარიზში, პაატა ბურჭულაძესთან ერთად; 2013 წელს - ვერდის 200 წლის საიუბილეო კონცერტების ციკლი „ვერდი–გალა" ევროპის კონტინენტზე და სხვა.

2018 წელს იგი დაესწრო ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტის“ შესახებ მაესტრო რიკარდო მუტის მიერ ჩატარებულ მეცადინეობებს, რავენაში, "Riccardo Muti Italian Opera Academy"-ში. ასევე, გაიარა მასტერკლასი სოპრანო აპრილ მილოსთან.

ევროპაში მოღვაწე სოპრანომ, თბილისელ მსმენელს, თავი დაამახსოვრა წარმატებული გამოსვლებით საპრემიერო სპექტაკლებში - „აიდა“, „ბალ მასკარადი“, „ატილა“, „ნაბუქო“, „სოფლის პატიოსნება“.

ნანა ქავთარაშვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად, ხშირად მღერის თბილისში  გამართულ ყველა მნიშვნელოვან საქველმოქმედო კონცერტში.

რეპერტუარი: ვალლი (კატალანი "La Wally"); ჯოკონდა(პონკიელი "ჯოკონდა"); აქსინია (შოსტაკოვიჩი "მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი"); ჟორჟეტა, მინი, მანონი, ტურანდოტი (პუჩინი "მოსასხამი", "გოგონა დასავლეთიდან", "მანონ ლესკო", "ტოსკა", "ტურანდოტი"); აიდა, ოდაბელა, ელიზაბეტა, ჟანა, ჯიზელდა, ლეონორა, ლუიზა, მაკბეტი, აბიგაილი, ამელია ბოკანეგრა, ამელია, ლეონორა (ვერდი "აიდა", "ატილა", "დონ კარლოსი", "ჟანა დ'არკი", "ლომბარდიელები", "ბედის ძალა", "ლუიზა მილერი", "ლედი მაკბეტი", "ნაბუქო", "სიმონ ბოკანეგრა", "ბალ–მასკარადი", "ტრუბადური"); სანტუცა (მასკანი "სოფლის პატიოსნება"); ბრუნჰილდა, ვენერა, იზოლდა (ვაგნერი "ღმერთების დაღუპვა", "ტანჰოიზერი", "ტრისტან და იზოლდა");

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

2004 - საქართველოს პრეზიტენტის სტიპენდიანტი;

2000 - საქართველოს პრეზიტენტის სტიპენდიანტი;

საერთაშორისო კონკურსი "Mario Basiola" (სორეზინა);

საერთაშორისო კონკურსი "Citta di Sassari" (სასსარი);

საერთაშორისო კონკურსი "Rocca delle Macie" (სიენა);

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 473

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_ქავთარაშვილი 

3. https://sputnik-georgia.com/20170614/nana-qavtarashvili-236305991.html

4. გომიაშვილი მანონი. ნანა ქავთარაშვილი-მირიანი // ხევის მატიანე / მანანა გომიაშვილი, ნათია ფიცხელაური. - თბილისი, 2016. - გვ. 143-144.


Share: