The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კაკო თოფურია

კაკო თოფურია
Date of birth:1960  (64 years)
Category:Artist, Art historian

Biography

კაკო თოფურია დაიბადა 1960 წელს, თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი.

პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსის ცოდნა გამდიდრებულია ტრადიციული ქართული მონუმენტური ფერწერის, საქანდაკო პლასტიკის, ჭედურობის, მინანქრისა და კერამიკის დარგების ცოდნითაც.

ბავშვობიდან ხატავს. 16 წლიდან დაიწყო ზეთში მუშაობა. სტუდენტობისას, რამდენიმე მეგობართან ერთად, უნივერსიტეტის სამხატვრო სტუდიაში დადიოდა, რომელსაც მამია ახობაძე ხელმძღვანელობდა.

პირველი პერსონალური გამოფენა მეოთხეკურსელს „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში“ ჰქონდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სპეციალობით მუშაობდა „ძეგლთა დაცვაში“ და ხატვისთვის ცოტა დრო რჩებოდა. დაინტერესებული იყო ქართული ადრექრისტიანული ხელოვნებით, არქიტექტურითა და რელიეფით.

1990 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთსა და საქართველოში.

1990 წელს პარიზში, პლას დე ვოზჟე მდებარე Galerie Lisette Alibert-მა შეიძინა მისი შვიდი ნამუშევარი და პარიზში დარჩენა შესთავაზა. მხატვარმა სამი თვე იმუშავა ლევილში, ვაჟა კილაძის სახლში, ხოლო შემდეგ გალერეამ სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და სტუდია უქირავა. ამას მოჰყვა პარიზში მუშაობის ექვსი წელი. 1993 წელს გაწევრიანდა საფრანგეთის მხატვართა კავშირში.

იმ პერიოდში კაკო თოფურია მუშაობდა მხოლოდ ფერწერაში, თუმცა სხვადასხვა ტექნიკით. მალე ამან აღარ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა ძალები ქანდაკებაშიც ეცადა, რასაც დიდი სივრცე სჭირდებოდა. ამიტომ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში იყიდა ათჰექტარიანი ფერმა, რომელიც თითქმის მთლიანად საძოვრები იყო. იქ თხუთმეტი წლის განმავლობაში საკუთარი ხელით სამიათას ხემდე დარგო და იქაურობა ტყე-პარკად გადააქცია.

ხელოვანმა დაახლოებით ოცი წლის წინ დაიწყო ხეებზე მუშაობა. მათ აძლევს მინიმალისტურ გეომეტრიულ ფორმებს. ნაწილს პარკის მუდმივ ბინადრად ტოვებს, ნაწილს ჭრის და მათგან სხვადასხვა ფორმას იყენებს. პარკში, სხვადასხვა სიმაღლის ბორცვებზე რგავს  მისივე გამოყვანილ ამა თუ იმ გეომეტრიული ფორმის პატარა ხეებს.

სკულპტურაზე მუშაობის დროს მასალად იყენებს ხეს, ლითონს, ბეტონს, პაპიემაშეს…  

ფერწერისა და ქანდაკების გარდა არტისტი ქმნის ინსტალაციებსაც, სადაც აქცენტს უფრო ვიზუალურ ინსტალაციაზე აკეთებს, ვიდრე კონცეპტუალურზე. მათთვის ღია სივრცეს ირჩევს.

კაკო თოფურიას უკლებლივ ყველა ნამუშევარს სამკაულივით ამშვენებს ავტორისეული ხელმოწერა ქართული ასოებით - "კაკო". ერთიან ასოციაციებად წარმოდგენილ მის ფერწერულ ტილოებში მრავალგვარი ემოცია იკითხება: ნოსტალგია, ირონიზირებული მოტივები, სიახლოვის შეგრძნება და სხვა.

1989 წლიდან მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში …

პერსონალური გამოფენები: 2021 - გრაფიკული ნამუშევრები გალერეა შარდენში; 2019 – თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა; 2017 – Les Carmes, ლა როშფუკო, საფრანგეთი; 2013 – Les Modillons ვინდელი, საფრანგეთი; 2012 –სატურას სამხატვრო გალერეა, გენოვა, იტალია; 2012 – Galerie Lisette Alibert, პარიზი, საფრანგეთი; 2011 – შარდენის სამხატვრო გალერეა, თბილისი, საქართველო;; 2011 – Le Vieux Presbytere, Sauvagnac, საფრანგეთი და სხვა.

წყარო:

1. ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 162-163;

2. https://art.gov.ge/ge/portfolio/თოფურია-კაკო/

3. https://vandaart.gallery/kako-thophuria/ 

4. თოფურია კაკო. ფერწერიდან არბორისკულპტურამდე: ინტერვიუ/ესაუბრა შალვა ცხოვრებაძე // კულტურა პლუს: საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2019, N1(15). - გვ. 32-45

5. Kako(Topuria, Kako). Kako: oeuvres sur papier 1995-2005 / Pierre Alibert. – Paris, 2005


Share: