The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ წულაძე

ვასილ წულაძე
Other name:ვასო  (Acronym)
Date of birth:12 October, 1889
Date of death:13 May, 1969  (at 79 years)
Category:Politician

Biography

ვასილ (ვასო) ქაიხოსროს ძე წულაძე დაიბადა 1889 წლის 12 ოქტომბერს (მეორე ვერსიით 1887 წლის მარტში ძველი სტილით ) ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში (აკეთის საზოგადოება), გლეხის ოჯახში.

დაამთავრა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის 2-კლასიანი სკოლა.

1901-1902 წლებში მეორე კლასამდე სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, საიდანაც გამოვიდა სწავლის ქირის არქონის გამო.

ადრეული ასაკიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მონაწილეობდა ბათუმის ნავთობის ქარხნების მუშათა მოძრაობაში და გურიის გლეხთა 1905 წლის გამოსვლებში.

1906 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის  (რსდმპ) წევრი. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

1908 წელს მეფის რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური საბაბით.

1910-იანი წლებში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემებს. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის მდივანი.

1911 წლიდან იყო რსდმპ ბათუმის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1914 წლისათვის მუშაობდა მურღულის მადნის დამამუშავებელი ქარხნების საავადმყოფოს სალაროს გამგედ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო დატოვა სამუშაო, გადავიდა ტფილისში, სადაც მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული გაზეთის „თანამედროვე აზრის“ რედაქციის გამგედ.

ჟანდარმერიის თვალთვალის დოკუმენტებში გატარებულია მეტსახელით - „Давленый“.

1915 წლის 15 ივლისს (ძველი სტილით) მეორედ დააპატიმრეს, როგორც რსდმპ ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. ამავე წლის 15 ნოემბერს (ძველი სტილით) კვლავ დააპატიმრეს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ტფილისში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების ფორმირებაში.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

მომდევნო წლებში მუშაობდა გაზეთ „ერთობის“ საგამომცემლო ნაწილის უფროსად.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით -  სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი.

1921 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის თბილისის ორგანიზაციაში.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო. ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“, ემიგრანტულ მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის მაკოორდინირებელ რგოლში.

მოგვიანებით საცხოვრებლად პარიზში გადასახლდა.

გარდაიცვალა 1969 წლის 13 მაისს პარიზში; დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

1921 წელს, ემიგრაციაში წასვლისას, ვასილ წულაძემ თან წაიყვანა მცირეწლოვანი ვაჟი, სერგი წულაძე (1917-1977). იგი 1958 წელს ოჯახთან (შვილებთან და ფრანგ მეუღლესთან) ერთად დაბრუნდა თბილისში. მუშაობდა ჯერ უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. 

სერგი წულაძე იყო პირველი მთარგმნელი, რომელმაც უცხოელ მკითხველებს ფრანგულ ენაზე მიაწოდა "ვეფხისტყაოსნის"  პოეტური თარგმანი". წიგნი 1963 წელს გამოსცა გამომცემლობა „გალიმარმა“ (Gallimard) 1965 წელს კი თარგმანის ავტორს მიენიჭა  საფრანგეთის აკადემიის უაღრესად პრესტიჟული ლანგლუას (Charles - Victor langlois) სახელობის პრემია.

წყარო:

1. ხვადაგიანი . „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. -  თბილისი,  2016. - გვ. 465-466 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_წულაძე

3. https://firstrepublic.ge/ka/biography/216


Share: