The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოფიო ჩიჯავაძე-კედია

სოფიო ჩიჯავაძე-კედია
Other name:სონა
Date of birth:14 April, 1885
Date of death:1993  (at 107 years)
Category:Educator

Biography

სოფიო (სონა) ჩიჯავაძე-კედია დაიბადა 1885 წლის 14 აპრილს, სოფელ კისისხევში. შეძლებული ოჯახიდან იყო. მამამისი, ლონგინოზი, მუდმივად კისისხევში ბინადრობდა და ოჯახის მამულებს უვლიდა (მისი ძმებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად თელავში ცხოვრობდნენ და სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ). ცოლი გვიან მოუყვანია. ის 37 წლისა ყოფილა, მისი მეუღლე ვერა ტუსიშვილი კი მხოლოდ 14-ის. მათ სამი შვილი შეეძინათ: ირაკლი, სოფიო და ლელო (ლონგო). მესამე შვილი მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. ლონგო ნადირობისას გაცივდა, ავად გახდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სოფიო მაშინ სულ სამიოდე წლისა ყოფილა.

ჩიჯავაძეები, ისე როგორც კახეთში მცხოვრები სხვა წარჩინებული საგვარეულოების ქალიშვილები, დაწყებით განათლებას იღებდნენ თელავის წმინდა ნინოს ოთხკლასიან სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ 14 წლის სოფიო თბილისის ქალთა გიმნაზიაში გადავიდა, რომელსაც შემდეგ ის თავად ხელმძღვანელობდა და პედაგოგადაც მუშაობდა.

სოფიო ჩიჯავაძემ გიმნაზია 1906 წელს დაამთავრა. ძალიან კარგად სწავლობდა და სწავლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ დედამისი თვლიდა, რომ უმჯობესი იყო გათხოვილიყო და ოჯახისთვის მიეხედა. ამიტომ მატერიელურ დახმარებაზე უარი უთხრა.

მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა სოფიომ მოახერხა და მაინც გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1907-1911 წლებში სწავლობდა ქალთა უმაღლეს სასწავლებელში.

მისმა ძმებმა უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღეს, ირაკლიმ საფრანგეთში, ხოლო ლელომ ბელგიაში.

დიპლომის აღების შემდეგ სოფიო მასწავლებლად მუშაობდა თბილისში, 1918 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველ ქალთა გიმნაზიის გამგედ დანიშნეს.

1919 წლის 25 ნოემბერს სოფიო ჩიჯავაძე ცოლად ითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა სპირიდონ კედიამ, რომელიც 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო. მათი ერთადერთი ქალიშვილი, თეო, 1921 წელს თბილისში დაიბადა.

სამშობლოდან გაძევებულ სპირიდონს ცოლ–შვილი საქართველოში დაატოვებინეს. სოფიომ მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ქალიშვილთან ერთად ჩასვლა და ოჯახის გაერთიანება.

პარიზში სპირიდონ კედიას პარიტეტული კოლეგიისა და ემიგრაციაში დაარსებული საქართველოს დამოუკიდებლობის საზღვარგარეთის დელეგაციის წევრობა დაეკისრა. მალე მისი და სოციალ–დემოკრატიული მთავრობის გზები გაიყარა. მიზეზად 1924 წლის აგვისტოს აჯანყება იქცა, რომლის იდეასაც სპირიდონი არ იზიარებდა. მისთვის მიუღებელი იყო აჯანყების ნოე ჟორდანიასეული პოლიტიკური შეფასებაც.

სპირიდონ კედიამ მიზნად დაისახა ემიგრაციაში ქართველთა მთლიანობის აღდგენა და ერთიანი ეროვნული ფრონტის შექმნა. ამ მიზნით პარიზში გამოსცემდა: ჟურნალს - "სამშობლოსათვის", ედპ-ს პარტიულ ორგანოს -"სამშობლო", გაზეთს - "საქართველოს გუშაგი"; სამწუხაროდ მისმა იდეამ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

კედიების ოჯახი საფრანგეთში ხელმოკლედ, მაგრამ ღირსეულად ცხოვრობდა. 1920-30-იან წლებში ოჯახის არსებობის ერთადერთი სახსარი გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ კომპანიაში საქმიანობიდან მიღებული გასამრჯელო იყო. კერძოდ, სპირიდონს ჰქონდა პატარა საწარმო-ლაბორატორია, სადაც მაჩაბელის პარფიუმერიისათვის ესენციებს ამზადებდა. 

1990 წელს, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონკურსში სოფიო ჩიჯავაძის მოგონებების წიგნი "ნასმენ-ნახული" ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. მისი დაბადების 100 წლისთავზე, პარიზის მაშინდელმა მერმა ჟაკ შირაკმა, როგორც პარიზის უხუცეს მოქალაქეს, საგანგებო მედალი და დიპლომი გადასცა.

სპირიდონ კედია 1948 წ. 64 წლი ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოსთან კვლავ შეხვედრის ბედნიერება აღარ ღირსებია. მისმა მეუღლემ მასზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა. ის 1993 წელს, 108 წლისა მიიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. აქვეა დაკრძალული მათი ქალიშვილი თეო (1921-2014).

თეო კედია-ჩიჯავაძე პროფესიით მუსიკოსი იყო. პარიზის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. ოჯახი არ შეუქმნია. იგი რუდუნებით უვლიდა და ინახავდა ისტორიულ მემკვიდრეობას - მამის პირად არქივს, რომელიც შემდეგ საქართველოს გადასცა.

მოვიძიეთ ინფორმაცია სოფიოს ძმების შესახებაც. ისინი ემიგრაციაში არ წასულან. ირაკლი ჩიჯავაძემ (1882-1935) პარიზში დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი მებაღეობა-მეღვინეობის სპეციალობით. 1906 წელს სამშობლოში დაბრუნდა აგრონომ-მეღვინის სოლიდური სტაჟით. მუშაობა დაიწყო ვარციხის ღვინის ქარხანაში, სადაც მას შამპანური ღვინის წარმოება ჩააბარეს. დიდი ხნის განმავლობაში იყო“სამტრესტის“ სხვადასხვა საწარმოთა მთავარი მეღვინე და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც სპეციალისტი-ტექნოლოგი.

ირაკლი ჩიჯავაძის დამსახურებისა და მისდამი პატივისცემის აღსანიშნავად, 1928 წელს, აგრონომ-მეღვინეთა საზოგადოებას მისთვის საიუბილეო საღამო გაუმართავს.

ირკლის ვაჟი ალექსანდრე ჩიჯავაძე (1917-1971) ცნობილი ვიოლონჩელისტი გახდა. ქართველ ინსტრუმენტალისტ–შემსრულებელთა შორის მან პირველმა მოიპოვა ლაურეატის საპატიო წოდება. 

ლონგინოზ ჩიჯავაძეს (1889-1937) ბრიუსელში ჰქონდა მიღებული საიჟინრო განათლება. მის მიერ აშენებულ ობიქტებს შორის გამორჩეულია ხრამჰესის ჰიდროელექტროსადგური. დაპატიმრების მომენტისათვის ის იყო ხრამჰესის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ბრალად ედებოდა ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრობა.,ლონგოს დასწამეს, რომ იგი ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ხრამჰესის მშენებლობაზე და იმავე წელს დახვრიტეს. ლონგინოზ ჩიჯავაძის მეუღლე იყო ანა გიორგის ასული აგლაძე (1894-1971), ცნობილი ვოკალისტი, ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი („აბესალომ და ეთერი“), სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური ათწლედის ერთ-ერთი დამაარსებელი და წლების მანძილზე სასწავლო ნაწილის გამგე. ლონგოს და ანას სამი ვაჟი ჰყავდათ: ოთარი (ეთნო-მუსიკოლოგი), გივი და მერაბი.  

წყარო:

 1. ნასმენ-ნახული : მოგონებები. - პარიზი, ქართ.-ევროპ. ინ-ტი, 2002. - 632გვ.   

2. საქართველო: ენციკლოპედია: .4. -თბ.,2018. სპირიდონ კედია. - გვ.103 

3. ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2010.-გვ.90-93

4. https://ge.openlist.wiki/ჩიჯავაძე_ლონგინოზ_ლონგინოზის_ძე_(1889)

 5. ჩიჯავაძე, ნინოირაკლი ჩიჯავაძე // ვაზი და ღვინო. - თბილისი, 2000. - N1-2. - გვ.62-63


Share: