The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ხაბურზანია

ალექსანდრე ხაბურზანია
Date of birth:19??
Category:Mathematician

Biography

ალექსანდრე ხაბურზანია დაიბადა ქუთაისში. მამა - ანტონ სტეფანეს ძე ხაბურზანია იყო იურისტი და მუშაობდა გამომძიებლად შორაპნის მაზრაში; დედა გახლდათ მაშო ალექსანდრეს ასული აბდუშელიშვილი. მათ სამი შვილი ჰყავდათ: თამარი, ალექსანდრე და ლილი.

ალექსანდრეს დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1912 წელს ის თავის დეიდაშვილთან, ლევან მაჭავარიანთან ერთად გაემგზავრა პეტერბურგში და დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის, ხოლო ლევანმა იურიდიული ფაკულტეტი. სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება ვერ მოასწრეს. 1917 წელს სამშობლოში დაბრუნდნენ. ალექსანდრე გაემგზავრა მამასთან, ბათუმში და იქ დაიწყო მუშაობა მათემატიკისა და  ფიზიკის მასწავლებლად გიმნაზიაში.

1921 წელს, აქვე მოუსწრო საქართველოს გასაბჭოებამ. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ალექსანდრე ჯარში გაიწვიეს და  სამხედრო გასაწვევი პუნქტიდან გააგზავნეს ბათუმის ციხე-სიმაგრის ფორტზე, არტილერიის ნაწილში. ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. საქართველოს ნაწილი ბოლშევიკებს უკვე აღებული ჰქონდათ და ყველა ხედავდა, რომ ბათუმის ოლქის გასაბჭოებაც გარდაუვალი იყო.  

სწორედ ამ დროს ქუთაისიდან მასთან ჩავიდა ლევან მაჭავარიანი და შესთავაზა საზღვარგარეთ წასვლა უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად და ევროპული ენების საფუძვლიანად შესასწავლად, მითუმეტეს, რომ ემიგრაციასთან ერთად კონსტანტინეპოლამდე უფასოდ ჩასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მისი ეს განზრახვა ალექსანდრესთვის მისაღები აღმოჩნდა.

ალექსანდრე ხაბურზანიას მისი ცხოვრების საზღვარგარეთ გატარებულ პერიოდზე დაწერილი აქვს მემუარები, რომელიც 1992 წელს გამოიცა თბილისში, სახელწოდებით „გადახვეწილი“ (1921-27 წწ.).

წიგნში ნაჩვენებია ჩვენი ემიგრაციის ცხოვრების ის მხარე, რაც თითქმის უცნობია სხვა დოკუმენტური მემუარული თხზულებებიდან, გადმოცემულია რიგითი ემიგრანტებისა და სტუდენტების ყოველდღიური ყოფა, თუმცა მათ შორის ზოგჯერ გამოჩენილ მოღვაწეთა სახეებიც გაიელვებს: რევაზ გაბაშვილის, ვალოდია გოგუაძის, შალვა მაღლაკელიძის...

კონსტანტინოპოლის შემდეგ ალექსანდრე ცხოვრობდა ავსტრიაში, შემდეგ კი ჩეხოსლოვაკიაში. ვენაში ეუფლებოდა ტყავისა და ბეწვეულის დამუშავებას და შესაბამის ქარხანაშიც მუშაობდა, პრაღაში კი უმაღლესი ტექნუკური სასწავლებლის აგრონომიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. თავს ირჩენდა მცირე სტიპენდიით და კერძო გაკვეთილებით. ლევანმა გერმანიაში დაამთავრა ქ. ნიურბერგის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი.

სტუდენტების დიდი ნაწილი რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, რადგან უნდოდათ უცხოეთში დაგროვილი ცოდნა სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ.  მათ შორის იყვნენ ალექსანდრე ხაბურზანია და ლევან მაჭავარიანიც,

1937 წელს ეს ორი ახალგაზრდა, საზღვარგარეთის ქვეყნებში ყოფნის მოტივით, საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა - ალექსანდრე 10 წლით გადაასახლეს ციმბირში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, ხოლო, ლევანი გამოძიებისას წამებით მოკლეს თბილისში.

წყარო:

1. ხაბურზანია, ალექსანდრე. გადახვეწილი (1921-27 წწ.) . - თბილისი, 1992

2. ჩხეიძე როსტომ. „გადახვეწილი“, დოკუმენტური რომანი (ალექსანდრე ხაბურზანია) // ჩხეიძე როსტომ. მზის ამოსვლის წინ: ლიტერატურული წერილები, ესეები, სილუეტები. - თბილისის, 1997. - გვ.260-268

 


Share: