The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით კანდელაკი

დავით კანდელაკი
Date of birth:9 January, 1895
Date of death:29 July, 1938  (at 43 years)
Category:Diplomat

Biography

საბჭოთა დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე დავით კანდელაკი დაიბადა 1895 წლის 9 იანვარს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ კულაშში. მისი მშობლები - ვლადიმერ კანდელაკი და ნეოლინა ჩხენკელი პედაგოგები იყვნენ და მოღვაწეობდნენ ქ. ბაქოში. მათ სამი ვაჟი გაზარდეს - გიგა, სანდრო და დავითი, რომლებიც ახალგაზრდობიდანვე ეწეოდნენ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობას და გასული საუკუნის 30-იანი წლების ავბედით ჟამს ემსხვერპლნენ.

დავით კანდელაკს საუნივერსიტეტო ეკონომიკური განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. იგი სრულყოფილად ფლობდა ევროპულ ენებს. 1912 წლიდან იყო ესერების პარტიის წევრი, 1918 წლიდან - კომუნისტური პარტიის წევრი. დაახლოებული იყო სტალინთან.

განათლებით ეკონომისტს, ჯერ რუსეთში მოუხდა მუშაობა, 1921 წლის შემოდგომაზე კი საქართველოში ჩამოვიდა და დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად (განათლების მინისტრი). ამ დიდ ეროვნულ საქმეს მთელი 10 წლის განმავლობაში (1922-1929 წწ.) უანგაროდ, საქმის დიდი ცოდნითა და თავდადებით ემსახურა. იმ დროს განათლების უწყებაში შედიოდა სკოლამდელი აღზრდის კერები, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიულ-ტექნიკური განათლება, თეატრები, მუზეუმები, კინო და სახელმწიფო გამომცემლობა.

დავით კანდელაკი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო.

ამ თანამდებობაზე იგი 1928 წელს შეთავსებით დაინიშნა. ამ პერიოდისთვის დამთავრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის რეორგანიზაცია, მას შეუერთდა ამიერკავკასიის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება და ამ ორი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესორთა საბჭომ რექტორად აირჩია ერთ-ერთი მისი დამაარსებელი დავით კანდელაკი, რომელიც ძალასა და ენერგიას არ იშურებდა ახალი კათედრების ჩამოყალიბების, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური კადრებით შევსების, სასწავლო და სამეცნიერო ბაზის შექმნისა და განვითარების, სტუდენტთა და პედაგოგთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

დავით კანდელაკის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს პედაგოგიური სექციების უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ქართულ ენაზე საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელოების შექმნა, პედაგოგიკურ-მეთოდიკური მუშაობის დონის ამაღლებაზე ზრუნვა და სხვ.

დავით კანდელაკის უახლოესი მეგობრები იყვნენ ცნობილი მეცნიერი შალვა ნუცუბიძე, მწერალი დია ჩიანელი და განათლების დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - თეიმურაზ ჭუმბურიძე. მათ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტს.

1930 წელს დავით კანდელაკი გადაიყვანეს მოსკოვში საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილედ.

1930-1934 წლებში ის იყო საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი შვედეთში, 1935-1937 წლებში - გერმანიაში, სადაც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ასრულებდა იოსებ სტალინის პირად დავალებებს სსრკ-ისთვის სამხედრო და სტრატეგიული მასალების მიწოდების თაობაზე (მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები ისტორიოგრაფიაში მოიხსენიება „კანდელაკის მისიად“).  

1937 დაბრუნდა მოსკოვში. იმავე წელს დააჯილდოვეს ლენინის ორდენით. 11 სექტემბერს კი დააპატიმრეს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით.

1938 წლის 29 ივლისს დახვრიტეს.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_კანდელაკი 

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

3. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 511;

4. https://tbilisipost.ge/news/davit-kandelaki---saqartvelos-teqnikuri-universitetis-pirveli-reqtori/2100


Share: