The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი
Date of birth:28 June, 1984  (40 years)
Category:Singer

Biography

საოპერო მომღერალი (მეცო-სოპრანო) ანიტა რაჭველიშვილი დაიბადა 1984 წლის 28 ივნისს, თბილისში, გურამ რაჭველიშვილისა და მეგი დუმბაძის ოჯახში. დე­დაც და მა­მაც მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. დედა ჯერ კლა­სი­კურ ბა­ლეტს, შემ­დეგ კი, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ცეკ­ვებს ას­რუ­ლებ­და და მღე­რო­და. მამა გი­ტა­რის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო.

ანიტა თავდაპირველად სწავლობდა ალექსი მაჭავარიანის სკოლაში საფორტეპიანო განხრით, ხოლო შემდეგ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური). სწავლის პერიოდში მან მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია (2005).

სტუდენტობის დროს ანიტა რაჭველიშვილმა საოპერო სტუდიაში შეასრულა მადალენას პარტია ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოში“ და ოლგას პარტია პეტრე ჩაიკოვკის „ევგენი ონეგინში“.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი მიიღეს ზაქზრია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის  დასში. ჯერ კიდევ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­და, როცა მისმა ვოკალის პე­და­გოგ­მა მა­ნა­ნა ეგა­ძემ გა­და­წყვი­ტა, რომ სწავ­ლა აუ­ცი­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 2007 წელს მომღერალი გაემგზავრა მი­ლან­ში, ლა-სკა­ლას აკა­დე­მი­ის მი­სა­ღებ საერთაშორისო კონ­კურ­სზე. კონ­კურ­სში სულ 400 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მხო­ლოდ 9 აირ­ჩი­ეს. მათ შო­რის ერ­თ-ერთი ანიტა გახლდათ. ამავე წელს მას მიენიჭა პაატა ბურჭუაძის პრემია.

ანიტა რაჭველიშვილი 2009 წლიდან მოღვაწეობს ევროპაში, გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო სცენებზე. მისი დებიუტი ლა-სკალას სცენაზე შედგა 2009 წლის 7 დეკემბერს, ჟორჟ ბიზეს „კარმენში“. ეს როლი მას თავად დირიჟორმა დანიელ ბარენბოიმმა  შესთავაზა. 

მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა. ამის შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მრავალი ქვეყნის საოპერო სცენაზე, როგორიცაა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის თეატრო ღეგიო, კანადის ოპერის თეატრი და სხვა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“, სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი“.

2012-2013 წლების სეზონზე მომღერალმა პირველად შეასრულა ამნერისის პარტია ვერდის „აიდაში“ მიჩიგანის ოპერის თეატრში და ლუბაშას პარტია რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლეში“ ბერლინის სახელმწიფო თეატრში.

ქართველი მეცო-სოპრანოს რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია: კარმენი (ბიზე "კარმენი"), ამნერისი, ფენენა, მადალენა (ვერდი "აიდა", "ნაბუქო", "რიგოლეტო"), ორფევსი (გლუკი "ორფევსი და ევრიდიკე"), ქერუბინო (მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"), დულსინეა (მასნე "დონ კიხოტი"), იზაბელა (როსინი "იტალიელი ქალი ალჟირში"), დალილა (სენ-სანსი "სამსონ და დალილა"), ოლგა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), კონჩაკოვნა (ბოროდინი "თავადი იგორი"), ლიუბაშა (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), პრინცესა დე ბუიონი (ჩილეა "ადრიანა ლეკუვერი") და სხვა;

2014 წლიდან ანიტა რაჭველიშვილმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან, მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად. გამოსულან ნიუ-იორკის, თბილისის, ბერლინის დიდ სცენებზე.

2014 წლიდან ანიტას ჰყავს ჯაზ-ბენდი, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. მათ უამრავი გამოსვლა ჰქონდათ ნიუ-იორკსა (კლუბი „Le Poisson Rouge“) და თბილისში („Rooms Garden“, ევგენი მიქელაძის ცენტრი, ფილარმონია), სადაც ჯაზს და ქროსოვერს ასრულებდნენ.

ანიტა რაჭველიშვილმა 2016 წელს Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეს ტიტული პარიზის ოპერის თეატრში შესრულებული დალილას როლისთვის მიიღო.   

2018 წელს კი მან დაიმსახურა Opera Awards-ის  საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში ყოფნა სადებიუტო ალბომისთვის “Anita”.

2019 წელს ქართველი მომღერალი "მეტროპოლიტენ ოპერის" საუკეთესო მომღერლების ათეულში მოხვდა, - „ანიტა რაჭველიშვილს, უდაოდ, საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მან სამი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სეზონზე. თითოეული მათგანი ერთმანეთზე უკეთესი იყო და სხვადასხვა ფორმა, გამოხატულება ჰქონდა“- ნათქვამია გამოცემა „Opera Wire”-ის სტატიაში.

ანიტა რაჭველიშვილის მეუღლეა ოთო მაისურაძე. 2021 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ანიტა_რაჭველიშვილი

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 401


Share: