The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ ემუხვარი

ვლადიმერ ემუხვარი
Other name:ლადი  (Acronym)
Date of birth:23 February, 1896
Date of death:1961  (at 64 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის სახალხო კრების წევრი ვლადიმერ (ლადი) ემუხვარი დაიბადა 1896 წლის 23 თებერვალს, სოფელ ოქუმში. მამა - კონსტანტინე გიორგის ძე ემუხვარი, დედა - მარიამ ანჩაბაძე. ბავშვობა სამეგრელოში, თავისი ნათლიის, დადიანის ქალის ოჯახში გაატარა.

თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, 1912 წელს კი დაამთავრა ერევნის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1916 წელს დაასრულა.

სტუდენტობის პერიოდში შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას შეუდგა. 1914 წლის 7 მარტს მეფის პოლიციამ დააკავა კიდეც, როგორც ამ პარტიის წევრი.

სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიზეზთა გამო.

ლადი ემუხვარი წიგნიერი ადამიანი გახლდათ. ფლობდა რამდენიმე ენას: ქართულს, აფხაზურს, გერმანულს, ფრანგულსა და რუსულს.

კავკასიაში დაბრუნების შემდეგ, 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე მუშაობდა ტფილისის სასამართლო პალატის ვექილის თანაშემწედ.

1917 წლის მარტში ის შეუერთდა სოხუმის ოლქის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის შემადგენლობას, ხოლო, იმავე წლის ნოემბერში აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრიც გახდა. შემორჩენილია ამ ორგანოს ოქმები და სხვა მასალები, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ვლადიმერ ემუხვარის პოლიტიკური პოზიცია აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობის ურთულეს საკითხთან დაკავშირებით. მას კარგად ესმოდა, რომ აფხაზები საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდნენ ბოლშევიკებს. ამ მიზეზით იგი ხელშეკრულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს სთავაზობდა ორ ხალხს, რომელთა ბედი მისი ღრმა რწმენით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.

ამასთან ერთად, ვლადიმერ ემუხვარი, რა თქმა უნდა, კარგად ხედავდა იმ შეცდომებს, რომლებსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა უკიდურესად ტრადიციონალისტურ აფხაზურ საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენის მქონე აფხაზური არისტოკრატიის მიმართ უშვებდა. ამის შედეგი იყო, რომ 1918 წლის მიწურულს ლადი ემუხვარმა დატოვა სოცისლ-დემოკრატთა რიგები და საქართველოს ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. ეს ფაქტი ხსნის, თუ რატომ არ მეგობრობდა ის სოციალ-დემოკრატებთან ემიგრაციაში ყოფნისას.

1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვლადიმერ ემუხვარი ბერლინში მიავლინა სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ივანე ჯავახიშვილი ახალგაზრდას ძალზე პერსპექტიულ მეცნიერად მიიჩნევდა და პირადად იყო დაინტერესებული, რომ მას დისერტაცია ევროპაში დაეცვა.

საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ ლადი ემუხვარი ბერლინში ქართველ სტუდენტთა კავშირის წევრი იყო. თუმცა გერმანიის დედაქალაქში ცხოვრება მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. მატერიალურ გაჭირვებას თან დაერთო ჯანმრთელობის პრობლემებიც. ეს კარგად ჩანს მის მიერ ივანე ჯავახიშვილისადმი მიწერილი წერილებიდან.

1921 წლის მარტიდან, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ემუხვარის მდგომარეობა ფრიად გართულდა. მას შეუწყდა თბილისის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სტიპენდია, 1924 წელს კი საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ ევროპაში მყოფ სტუდენტებს მოსთხოვა მიეღოთ საბჭოთა მოქალაქეობა და შესულიყვნენ ბოლშევიკების მიერ შექმნილ საბჭოთა ამიერკავკასიის სტუდენტთა კავშირში გერმანიაში.

1924 წლის მიწურულს ვლადიმერ ემუხვარი გერმანიას ტოვებს და საცხოვრებლად ჩეხოსლოვაკიაში გადადის, სადაც 1925 წლიდან პრაღაში, უკრაინულ თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. 1927 წელს მას სამართლის დოქტორის ხარისხი ენიჭება.

როგორც ჩანს, პრაღაში იგი აფხაზეთის მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა არზაყან ემუხვარმა მიიწვია. ჩეხური პოლიციის ცნობით, 1924 წელს პრაღაში ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.  

უნივერსიტეტში სწავლის დასრულებისას, 1927 წლის ივლისში ვლადიმერ ემუხვარი საცხოვრებლად პარიზში, კავკასიური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის ცენტრში გადავიდა. თუმცა იქ თავის დამკვიდრება გაუჭირდა.

ფრანგული პოლიციის მონაცემებით, 1927-1928 წწ. იგი საზოგადოება „კომექსიმში“ შავ მუშად მუშაობდა, მოგვიანებით კი რესტორან „რენესანსში“ თეფშებსაც რეცხავდა.

1928 წლის თებერვალში ვლადიმერ ემუხვარმა საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. იგი დეპარტამენტ დუს ქ. მონბელიარში გადავიდა, შემდეგ კი ქ. სოშოში. მრავალი სხვა ემიგრანტის მსგავსად, მასაც მძიმე ფიზიკური შრომით უწევდა ლუკმაპურის შოვნა. მუშაობდა პეჟოსა და სიტროენის ავტოქარხნებში.

1931 წელს ვლადიმერ ემუხვარი საფრანგეთის ქ. გრენობლში ცხოვრობდა. მთელი მისი ყურადღება მწირი ემიგრანტული ლუკმის მოპოვებისა და თვითგანათლების ამაღლებისკენ იყო მიპყრობილი. პუბლიცისტურ საქმიანობაში განსაკუთრებულ აქტიურობას არ იჩენდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა 1936 წლის ნოემბრიდან, იაპონიასა და გერმანიას შორის ანტიკომინტერნული პაქტის დადების შემდეგ.

ტოკიომ და ბერლინმა სწრაფად მიიქციეს კავკასიელ ემიგრანტთა მემარჯვენე ბანაკის წარმომადგენელთა ყურადღება. არაოფიციალური არხების მეშვეობით მათ წამოიწყეს იმ ორგანიზაციების ძიება, რომლებიც პერსპექტიულნი იყვნენ სამუშაო კონტაქტებისა და მომავალი თანამშრომლობის აწყობის თვალსაზრისით.

საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ჟურნალ „კავკაზის“ გარშემო გაერთიანებულ იმავე სახელწოდების ემიგრანტულ ორგანიზაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკდებელი კავკასიური კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას, მასში როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთკავკასიის გაერთიანებით.

1937 წლის ივნისში დაიწყო ჟურნალ „კავკასიის“ ქართულ ენაზე გამოცემა. ლადი ემუხვარმა, როგორც ერთიანი კავკასიის იდეოლოგიის მხარდამჭერმა, აქტიურად დაიწყო ჟურნალთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, იგი სხვა ემიგრანტულ ჟუნალ-გაზეთებშიც აქვეყნებდა სტატიებს: „თეთრი გიორგი“, „დამოუკიდებელი საქართველო“, „სამშობლო“, „კავკასიონი“ და სხვა.

1939 წელს დაწყებულმა მერე მსოფლიო ომმა ვლადიმერ ემუხვარს ბოლშევიკური რეჟიმის დაცემის იმედი გაუჩინა. იმავე წლის სექტემბერში იგი „პეჟოს“ ქარხანასთან ერთად ბორდოს შემოგარენში მდებარე დაბა მერინიაკში გადაიყვანეს, სადაც 1941 წლის დასაწყისამდე გერმანელებთან თარჯიმნად მუშაობდა. ამავე წლის მაისიდან ის რკინიგზაზე დაჰყვებოდა გერმანულ ეშელონებს, რომლებიც ბორდომდე მოძრაობდნენ და თარჯიმნობას ეწეოდა.

1944 წლის აგვისტოში მერინიაკიდან გერმანელთა ევაკუაციისას ლადი ემუხვარი, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებდა, გერმანელ რკინიგზელებთან ერთად გერმანიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქ ჯერ თარჯიმნად მუშაობდა საბჭოთა ტყვეების გერმანულ ბანაკებში, შემდეგ კი დეპორტირებული მუშის სტატუსით, ჰანოვერის შემოგარენში, დაბა ვიულფელში მდებარე გერმანული ჯავშანტექნიკის ქარხანაში.

პარიზში ლადი ემუხვარი 1945 წლის მაისში დაბრუნდა. 1947 წლამდე უმუშევარი იყო და თავს თავისი დანაზოგითა და სხვა ქართველი ემიგრანტებისგან მიღებული შემწეობით ირჩენდა. 1947 წელს კი ობერვილიეში მდებარე ნახშირის მომპოვებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა ზედამხედველად. ამ სამუშაოს ის 1952 წლის აგვისტომდე ასრულებდა, რის შემდეგაც აბონდანის მოხუცთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. აქვე გარდაიცვალა 1961 წელს. დაკრძალულია ლევილის საძმო სასაფლაოზე.

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში: ვლადიმერ ემუხვარი. - თბილისი, 2020. -გვ. 108-127. 


Share: