The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პაატა კერვალიშვილი

პაატა კერვალიშვილი
Date of birth:17 September, 1949  (74 years)
Category:Physicist

Biography

ინჟინერ-ფიზიკოსი პაატა კერვალიშვილი დაიბადა თბილისში, 1949 წლის 17 სექტემბერს, მეცნიერ მუშაკების, დოქტორების მედეა კიკნაველიძისა და ჯამლეტ კერვალიშვილის ოჯახში. 

1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტზე (1966-1971).

სწავლის დამთავრებისთანავე თავისი საქმიანობა დაუკავშირა საბჭოთა კავშირის ატომურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც იგი მუშაობდა 1970-1991 წლებში სსრკ საშუალო მანქანათმშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრებში: სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (1970–71); იშვიათი ლითონების სახელმწიფო ინსტიტუტი (1975–80); სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი (1971–75, 1981– 93); იგორ კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტი (1982–91). 1976 წელს დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი.

1979 წელს იშვიათი ლითონების სახელმწიფო ინსტიტუტში მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო, 1985 წელს ი. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1981 წელს მიაკუთვნეს უფროსი მეცნიერი მუშაკის, ხოლო 1989 წელს პროფესორის სახელმწიფო სამეცნიერო წოდება.

1984 წლიდან იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პროფესორია, 1998 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სადაც ხელმძღვანელობდა სამეცნიერო და სამრეწველო-ტექნოლოგიურ თემებს, პროექტებსა და პროგრამებს (1993– 2000).

არის საქართველოს პროფესიონალთა ლიგის ხელმძღვანელი.

1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და შემდეგ საქართველოს მთავრობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

1991 წელს მისი ინიციატივით საქართველოში დაფუძნდა სენსორული სისტემების სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი. 

1994 წელს პაატა კერვალიშვილი აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრად;

1997 წელს - საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 2009 წლიდან ის ამ აკადემიის პრეზიდენტია;

2004 წელს გახდა ევროპის (ჰანოვერის) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი;

2008 წელი - ევრო და ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების (ათენი, ლოზანა) აკადემიის პრეზიდენტი;

მეცნიერი 20-მდე პრესტიჟული პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, მრავალი საერთაშორისო აკადემიისა და საბჭოს წევრი. წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო პროფესორად აშშ-ის და ევროპის უნ-ტებში (1991–2015) და ახლაც აგრძელებს მოღვაწეობას საზღვარგარეთ: ათენის, პირეუსის, პარიზის, კიევის, ფერარას, მასაჩუსეტსის, კალიფორნიის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში.

პაატა კერვალიშვილი 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „ნანომატი“-ს, რომლის ეგიდით პარიზის უნივერსიტეტის (პარიზ 11 - ორსეი) ქიმიური - ფიზიკის ლაბორატორიასთან ერთად განხორციელდა რიგი თეორიული და ექსპერიმენტული სამუშაოები ნანოსისტემების ლაზერული სპექტრომეტრიის განვითარების საკითხებზე.

მისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური მოღვაწეობის სფეროებია: კონდენსირებული გარემოს, მოლეკულური და კვანტური ფიზიკა, ბირთვული და ლაზერული ტექნოლოგიები, სენსორული სისტემები, ენერგეტიკული და ინფორმაციული ტექნოლოგიები. იგი ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, წიგნების, სახელმძღვანელოებისა და გამოგონებების, მათ შორისაა - შპრინგერის, იოს და პერგამონ პრესის მიერ დაბეჭდილი სამეცნიერო ბესტსელერები. მთელი რიგი მისი გამოგონებებისა დანერგილია წარმოებაში.

პროფესორ კერვალიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა 50-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი  და პროგრამა. მისი თავმჯდომარეობით და აქტიური მოწილეობით გაიმართა 60-ზე მეტი საერთაშორისო ფორუმი და კონფერენცია; 

მეცნიერი ხელმძღვანელობდა სამეცნიერო პროექტებს აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ინგლისში, ყოფილ სსრკ-ში. მისი ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები.

სხვადასხვა დროს იყო რამდენიმე საერთაშორისო კომისიის წევრი, მუშაობდა ნატოს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ საბჭოში (1995– 2000).

მიღებული აქვს სსრკ ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია ფიზიკაში (1978); ევროპის აკადემიის ოქროს არწივის ორდენი (2004); ათენის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო (2008), ვ. ვერნადსკის ვარსკვლავი (2008) და სხვ.

2019 წელს მიენიჭა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, ხოლო, 2021 წელს - საპატიო თბილისელის წოდება.

1999 წელს დაჯლდოვდა „ღირსების ორდენით“, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროს გლობალურ საკომუნიკაციო-საინფორმაციო სივრცეში ინტეგრირების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

პროფესორი, პაატა კერვალიშვილი, 2022 წლის ოქტომბრის ბოლო დეკადაში, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში, სადაც  ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისთვის კვანტური საინფორმაციო ტექნოლოგიების, ლაზერული ფიზიკისა და 2D ელექტრონიკის თანამედროვე შედეგებისა და ამოცანების შესახებ ლექციების მოკლე ციკლი ჩაატარა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც იმუშავებს სამეცნიერო პროექტზე - „2D მასალების მიღების ლაზერულ-პლაზმური მეთოდის განვითარება“. აღსანიშნავია, რომ მხარეები ერთობლივ პროექტს,  სამომავლოდ, ევროკავშირის კონკურსზე წარადგენენ.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 630-631 

2. https://ka.wikipedia.org/wiki/პაატა_კერვალიშვილი

 


Share: