The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვასილ სადათიერაშვილი

Other name:ვასო  (Acronym)
Date of birth:190?
Date of death:19??
Category:Politician

Biography

ვასილ სადათიერაშვილის ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს. მისი ბავშვობის შესახებ ცნობები ამოკრებილია 1921 წელს დაწერილი მოგონებებიდან: „ასპინძის აბანო (ვასო სადათიერაშვილის მოგონებანი, 1921 წელი)“, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი დაბადებულა ქ. ახალციხეში, რაბათში. მამამისის, ნიკოს, საკუთრება ყოფილა სამი თბილი აბანო ასპინძის გადაღმა. თავადაც იქვე ცხოვრობდა თავისი ცოლ-შვილით, პატარა ერთსართულიან სახლში.

ოჯახი კათოლიკური აღმსარებლობის იყო. პატარა ვასო, თავდაპირველად, ქუთაისში მიაბარეს კათოლიკების სახალხო სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მე-7 კლასში იყო, როდესაც რუსებმა ოჯახს  ჩამოართვეს აბანო და სახლი. უსახლკაროდ დარჩენილები საცხოვრებლად ჯერ ასპინძაში გადავიდნენ, შემდეგ კი ქუთაისში.

ვასოს ერთხელ კიდევ მოუხდა მშობლიური ადგილების მონახულება, როდესაც მოგზაურობისას თან ახლდა მათთან, ქუთაისში, სტუმრად ჩასულ ბიძას. იგი სტამბოლის მონასტერში ბერად იყო აღკვეცილი. ბიძია ალიოზის მონათხრობმა სტამბოლის ქართულ სავანეზე ბავშვზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ გადაწყვიტა თავადაც სასულიერო გზას დასდგომოდა.

სასწავლებლად სტამბოლში წასული სადათიერაშვილი სამშობლოში 1920  წელს დაბრუნდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა.

საერთაშორისო ვითარებამ, ბოლშევიზმის აღმოფხვრის სურვილმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა დააახლოვა ერთმანეთთან საერთაშორისო ანტისაბჭოთა ძალები და ქართველი ემიგრანტები. ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრებმა – სპ. კედიამ, შ. ქარუმიძემ, ვ. სადათიერაშვილმა და სხვებმა გერმანელ ნაციონალისტებთან ერთად საბჭოთა ეკონომიკის დასასუსტებლად  განიზრახეს ყალბი საბჭოთა ფულის ბეჭდვა. ვასო სადათიერაშვილი პირად მდივნად მუშაობდა თეთრგვარდიელ გენერალ ავალოვ-ბერმონდტთან (ავალიშვილთან) და გერმანელ მაღალჩინოსნებს კარგად იცნობდა. მან ამ წრეში შეიყვანა შ. ქარუმიძე, რომელიც გერმანელებთან ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა.  

1926 წლის შემოდგომაზე, მიუნხენში, შნაიდერის სტამბაში ოთხეულმა – ქარუმიძემ, სადათიერაშვილმა, ვებერმა და ბელმა – დაამზადა ყალბი „ჩერვონეცების“ პირველი პარტია – 15 ათასი ცალი ერთ, ორ და ათ „ჩერვონეციანი“ ნიშნები. მალე „საქმე“ გადატანილ იქნა მაინის ფრანკფურტში, ბიოლეს სტამბაში, სადაც მან ჭეშმარიტად ფართო ხასიათი შეიძინა.

1927 წლის ზაფხულში გერმანიის სათანადო ორგანოებმა მიიღეს მრავალი შეტყობინება ყალბი ჩერვონეცების შესახებ.  ყალბი ფულის მოჭრით მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომ დაზარალებულიყო, საქმე, ალბათ, მიჩუმათდებოდა, მაგრამ ამ ფაქტმა მატერიალურად დააზარალა გერმანელი მეანაბრეები და ბანკები.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციაში მიხვდნენ, რომ ამ აფიორას საერთაშორისო საფუძველი ედო და რომ ყალბი ფულის მჭრელების უკან სხვა პირები იდგნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით 1930 წლის 8 თებერვალს ბეკერი, ბელი და შმიდტი გაამართლეს, ქარუმიძის, სადათიერაშვილისა და ვებერის წინააღმდეგ აღძრული საქმე ამნისტიის გამო შეწყვიტეს და ერთადერთი ბრძანება დაპატიმრების შესახებ (იგი ეხებოდა სადათიერაშვილს) გააუქმეს.

სასამართლო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირისთვის სილის გაწნა იყო. იგი მიუთითებდა იმაზე, რომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, დაუსჯელი დარჩებოდა.

ცხადია, საბჭოთა მთავრობა ამ შეურაცხყოფას უყურადღებოდ არ დატოვებდა. განხორციელდა სათანადო დიპლომატიური ღონისძიებები, რასაც დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. გერმანიის ბურჟუაზიამ სწრაფად გააცნობიერა თუ რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სსრ კავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებას. ამან განაპირობა 1930 წლის ზაფხულში სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა. სადათიერაშვილს მიუსაჯეს ორი წელი, მაგრამ წინასწარი პატიმრობა სასჯელის მოხდაში ჩაუთვალეს და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

1930 წელს ვასო სადათიერაშვილი ბერლინში „აზიის მებრძოლთა კავშირმა“ მიიწვია საქართველოზე მოხსენების წასაკითხად. მოხსენების ტექსტი კი აღმოსავლეთ პრუსიის გავლენიანი გაზეთის “Oster der zaitung” რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა.

1931 წლის 27 იანვარს ის იგივე მისიით შვეიცარიის სტუდკავშირმა „ბერხტოლდმა“ მიიწვია ბერნში. ღონისძიება ჩატარდა სასტუმრო „იურას“ დარბაზში და მას სტუდენტების გარდა ბერნის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც დაესწრნენ. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

1933 წლიდან ვასო სადათიერაშვილი „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ წევრია, 1935 წლიდან - „ეროვნული ერთიანობის დარაზმულობა „ თეთრი გიორგის“ წარმომადგენელი.

1935 წელს ბერლინში გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა მისი წერილი „აკაკი წერეთელი“.

1937 წლიდან სადათიერაშვილი ჩანს იტალიაში, როგორც რამდენიმე სკანდინავიური გაზეთის კორესპონდენტი. იგი, ასევე, თანამშრომლობდა გაზეთ „Corriere Diplomatico Consolare”-სთან, რომელსაც რომში გამოსცემდა თვითმარქვია არისტოკრატი ჯიაჩინტო კოტინი-აგოსტინელი, სადათიერაშვილის მეგობარი და ფინანსური მრჩეველი.

გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან ცოტა ხნის შემდეგ ვასო სადათიერაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინში გაემგზავრა, რათა გერმანიის მთავრობის წინაშე ეშუამდგომლა ქართული მონარქიის აღსადგენად.

ქართული ემირაციის ერთ ნაწილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად  საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან დამარცხება მიაჩნდა. მათ რიცხვში იყო მიხეილ კედიაც, რომელიც ნაცისტური მთავრობის მაღალჩინოსანთა განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. სწორედ მას მიმართა მიხეილ თარხნიშვილმა, როცა სასწრაფოდ დასჭირდა ბელგიის ვიზა ბრიუსელში გარდაცვლილი სოფიო გოკიელის ანდერთან დაკავშირებული ფორმალობების მოსაგვარებლად.

1941 წლის თებერვალში გარდაცვლილმა მდიდარმა ქვრივმა, სოფიო გოკიელმა, 360 000 ბელგიური ფრანკი უანდერძა წმინდა მარიამის უბიწოდ ჩასახვის ქართულ კათოლიკურ კონგრეგაციას, რომლის ცენტრი სტამბოლის მონასტერში იყო განთავსებული. ანდერძის განმკარგულებლად ამ კონგრეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროპაში მიხეილ თარხნიშვილი დაინიშნა.

ნაანდერძევი თანხა უნდა მოხმარებოდა რომში ქართული კათოლიკური კოლეგიუმის დაარსებას. ეს იქნებოდა ერთგვარი რელიგიური კომუნა, რომლის კედლებშიც ქართველ ახალგაზრდებს ექნებოდათ შესაძლებლობა, კათოლიკური სამყაროს წიაღში ეროვნული ფესვებისგან მოუწყვეტლად მოეხდინათ თავიანთი კულტურული და ნაციონალური იდენტობის დემონსტრირება.

სამწუხაროდ ნაანდერძევი თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი. დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად მიხეილ კედია დაუკავშირდა გერმანიის საელჩოს რომში და გერმანელი მეგობრები დაარწმუნა, რომ მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა გამოეყენებინათ კოლეგიუმი სადაზვერვო და პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

ამ მოლაპარაკების შესახებ მიხეილ თარხნიშვილმა არაფერი იცოდა. შენობა შეიძინეს ვატიკანის სახელით. არალეგალური სადაზვერვო ცენტრის გაძღოლა კი დაევალა ვასილ სადათიერაშვილს (ბასილიუსს).

1943 წლის სექტემბერში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბასილიუსი რომში ცხოვრობდა, ყიდდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახატებს, თარჯიმნად მუშაობდა გერმანიის სამხედრო სარდლობის ოფისში და, იმავდროულად, თანამშრომლობდა გესტაპოსთან, როგორც ინფორმატორი.

ვიდრე მიხეილ თარხნიშვილი დაკავებული იქნებოდა კოლეგიუმის მოწყობით, ბასილიუსი უხელმძღვანელებდა შენობის რეკონსტრუქციას, რაც ითვალისწინებდა საკუთრივ სადათიერაშვილისთვის განკუთვნილი ორი ოთახის მოწყობას, რომელთაგან ერთ-ერთში მოათავსებდნენ რადიოგადამცემს, მეორე კი აგენტთა თავშესაფრად იქნებოდა გამოყენებული. 

მიხეილ თარხნიშვილი და ვასო სადათიერაშვილი ერთმანეთს ახალგაზრდობიდან იცნობდნენ. ისინი ერთ ოთახს იყოფდნენ კონსტანტინოპოლის სემინარიაში. 1917 წლის 18 თებერვალს კი მათ ერთად შეაღეს სოფელ ეტალის გერმანელ ბენედიქტელთა სააბატოს სასწავლებლის კარი (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ–პარტენკირხენთან).

მიხეილ თარხნიშვილი სიხარულით შეხვდა ძველი მეგობრის შემოთავაზებას და მას კოლეგიუმის ადმინისტრატორის პოსტი ჩააბარა.

მიხეილ თარხნიშვილმა და ვასო სადათიერაშვილმა პაპი პიუს XII-სთვის (1939-1958) შეადგინეს ოფიციალური განაცხადი, რომელშიც ისინი შეახსენებდნენ პონტიფიკს წმ. საყდართან საქართველოს ისტორიულ კავშირებს და მადლობას გამოთქვამდნენ მისი გადაწყვეტილების გამო, რომში ქართული ეროვნული რელიგიური კერის დაარსების თაობაზე.

1944 წლის 5 იანვარს შენობა ოფიციალურად გადავიდა წმინდა საყდრის მფლობელობაში და ბასილიუსი, შეთანხმების შესაბამისად, შეუდგა სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელობას. ქართველ აგენტს გერმანელები ბოლომდე არ ენდობოდნენ და მას შემდეგ, რაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, გადაწყვიტეს სადათიერაშვილი ბერლინში გაეგზავნათ, მის ადგილას კი უფრო საიმედო აგენტი გაემწესებინათ.

თებერვლის შუა რიცხვებში ბასილიუსი ხანმოკლე ვიზიტით ესტუმრა რეიხის დედაქალაქს. რომში ექვს ახალგაზრდა ქართველთან ერთად დაბრუნდა, რომლებიც მიხეილ თრხნიშვილს წინაშე ქართველ კათოლიკებად წარადგინა.

მათთან გასაუბრებამ მიხეილ თარხნიშვილი დაარწმუნა, რომ სასულიერო მოღვაწეობისთვის არც ერთი მათგანი არ გამოდგებოდა. ისინიც გაენდვნენ მღვდელს, აღიარეს, რომ ქართველთა ლეგიონიდან შეარჩიეს, გაწვრთნეს და იტალიის დედაქალაქში საჯაშუშოდ გაგზავნეს. ერთ-ერთი მათგანს არაკეთილსაიმედო ბასილიუსი უნდა შეეცვალა.

მიხეილ თარხნიშვილმა ნაცისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მღვდელი გაოგნებული დარჩა როცა ვატიკანში აცნობეს, რომ მის მეგობარს რომში გერმანიის ჯაშუშად იცნობდნენ. ამ ფაქტით აღშფოთებულმა კატეგორიული უარი განაცხადა კოლეგიუმის ტერიტორიაზე რადიოგადამცემის დამონტაჟებაზე, რითაც  ფაქტიურად ჩაშალა გერმანიის სადაზვერვო სამსახურის გეგმები.

როდესაც მოკავშირეებმა 1944 წლის ივნისის დასაწყისში რომი დაიკავეს, კონტრდაზვერვის მთავარი სამიზნე ბასილიუს სადათიერაშვილი იყო, მაგრამ მაისის ბოლოს იგი ისე მოხერხებულად გაქრა რომიდან, რომ მის კვალს ვეღარასოდეს მიაგნეს.

წყარო:

1. ელბაქიძე მაკა. მეორე მსოფლიო ომი და ქართულ-იტალიური ნონკონფორმისტული გამოცდილება : (ახალ საარქივო მასალებზე დაყრდნობით) / მაკა ელბაქიძე, მანანა შამილიშვილი, ადა ნემსაძე // სჯანი = Sjani : ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი. - თბილისი. 2018. N19. გვ.303-318.

2. https://www.facebook.com/114795653717723/posts/202875414909746/

3. სურგულაძე კახაბერ და სხვ. კათოლიკობა და კათოლიკები საქართველოში XIX XXI სს. - თბილისი, 2022. - გვ. 168.

4. საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.143-144.

5. მემუარები სტამბოლის ქართული სავანიდან: ვასო სადათიერაშვილის მოგონებანი, 1921.; ვანო სადათიერაშვილის დღიური // წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან. წ, 1.  კრებული. -ბათუმი 2017. - გვ.908-935.


Share: