The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვაჟა ბაღოშვილი

ვაჟა ბაღოშვილი
Date of birth:22 January, 1939
Date of death:January, 2022  (at 82 years)
Burial location:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
Category:Medical Doctor

Biography

აჭარაში არაერთი ოჯახური დინასტიაა, რომელთა შთამომავალნი დღესაც აგრძელებენ წინაპართა სახელოვან საქმეებს. მათ შორისაა ვაჟა ბაღოშვილი. იგი 1939 წლის 22 იანვარს დაიბადა. მისი მამა, დამსახურებული ექიმი, ცნობილი ოტორინოლარინგოლოგი ანტონ ბაღოშვილი, აჭარაში ამ დარგის ფუძემდებლად გვევლინება. ექიმი იყო დედამისიც, მეან-გინეკოლოგი სალომე ნაზარიშვილი.

ვაჟაზე დიდი გავლენა იქონია მშობლების ავტორიტეტმა და გადაწყვიტა მასაც ამ სფეროში ეღვაწა. ბათუმის № 3 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქ. მოსკოვის № 1 სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც სამკურნალო სპეციალობით დაამთავრა (1956-1962). იქვე, ოტორინოლარინგოლოგიის კათედრაზე გაიარა კლინიკური ორდინატურა (1962-1964).

1964-1966 წლებში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში მსახურობდა. 

1966 -1969 წლებში იყო ქ. მოსკოვის ჯანმრთელობის სამინისტროს ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. ასპირანტურის დასრულებისთანავე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ხორხისა და ტრაქეის აღდგენითი ქირურგიის პროცესები“. 1969-1974 წწ. - იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკია.

1974-1976 წწ. - ქ. კონაკრის (გვინეის რესპუბლიკა) გ.ა. ნასერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტის ლორ-კათედრის ხელმძღვანელი. ლექციებს ფრანგულ ენაზე კითხულობდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდს დაემთხვა ამ ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი გამოშვება.

გვინეაში მოღვაწეობის ორი წლის მანძილზე 100-მდე ოპერაცია გააკეთა და აფრიკაში მრავალი მადლიერი პაციენტი დატოვა.

1976-1982 წლებში ისევ მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი.

1982-1987 წწ. - ქ.ბათუმის ონკოცენტრის ლორ-ონკოლოგი.

1987-1988 წწ. - ქ. ოლგინის (კუბის რესპუბლიკა) ვ. ლენინის სახელობის ჰოსპიტლის ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, ასევე, დირექტორის მრჩეველი ლორ-საკითხებში. კუბაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. წარმატებით მოღვაწეობდა ლორონკოლოგიაში და ლარინგოტრაქეაპლასტიკურ ქირურგიაში. ქ. ოლგინის ჰოსპიტალში 50-მდე  ოპერაცია გააკეთა.

1987 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში ონკოლოგის მიმართულებით.

ამავე წელს აჭარის ასსრ ჯანმრთელობის სამინისტროს საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ონკო-ქირურგის წოდება ლორ-დაავადებათა განხრით.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ბათუმის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტლის  ლორ-ონკოლოგი.

1996-1999 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და სამედიცინო-ეკოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ოტორინოლარინგოლოგიის კათედრებს.

2012 წლის 9 სექტემბერს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება.

ჰყავდა მეუღლე - რუსუდან ქურიძე, პროფესიით ჟურნალისტი და სამი შვილი - ინგა, ირაკლი და სალომე.

მედიცინის დოქტორი ვაჟა ბაღოშვილი იყო 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის ოთხი ფრანგულ და ერთი ესპანურ ენებზე. ოთხი მეთოდური რეკომენდაციისა და 2 რაციონალური წინადადების ავტორი.

გარდაიცვალა 2022 წლის იანვრის ბოლოს. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

წყარო: 

1. https://batumelebi.netgazeti.ge/news/387269/ 

2. http://gazetiajara.ge/2019/01/24/ვაჟა-ბაღოშვილი-დამსახურე/

3. ბაღოშვილი ვაჟა: ინტერვიუ / ესაუბრა თენგიზ პარმაქსიზიშვილი // საბა : საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე. - თბილისი, 2011. - აპრილი. - N4(184). - გვ.8-9

3. სანიკიძე დარეჯან. ვაჟა ბაღოშვილი // საქართველოს ელიტის წარმომადგენლები / დარეჯან სანიკიძე. - თბილისი, 2014. - გვ. 168-171

 


Share: