The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი სიდამონ-ერისთავი

გიორგი სიდამონ-ერისთავი
Date of birth:26 August, 1865
Date of death:23 January, 1953  (at 87 years)
Burial location:ქ. გრანობლის სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Lawyer

Biography

გიორგი დიმიტრის ძე სიდამონ-ერისთავი დაიბადა 1865 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. 1890 წლიდან მუშაობდა პეტერბურგის საოლქო სასამართლოში. იმპერიის მასშტაბით გახმაურებული საქმეებიდან იგი იყო ჯავშნოსან „პოტიომკინის“ აჯანყებულ მეზღვაურთა  სასამართლო პროცესის მონაწილე. მოლიბერალო ქართველი თავადი ცნობილი იყო, ასევე, თავისი ქველმოქმედებითა და მეცენატობით. გაწევრიამებული იყო კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიაში (კადეტები).

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გიორგი სიდამონ-ერისთავი სათავეში ედგა საზოგადოებრივი პოლიციის საქმეთა და მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებით სამმართველოს, პარალელურად, იყო რუსეთის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე.

დროებითმა სამმართველომ იგი დანიშნა პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად, მალევე კი ქალაქის მილიციის უფროსად.

1917 წლის ივნისში მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. იყო პეტერბურგის სამხატვრო საზოგადოების წევრი. 

რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და 1918 წლის სექტემბერში დაინიშნა სოხუმის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერში სენატორის უფლებამოსილება შეუწყდა. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია გაეგზავნა დიპლომატიური მისია პოლონეთის რესპუბლიკაში. 1920 წლის 10 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი გიორგი სიდამონ-ერისთავი. ვარშავაში მიმავალი წარმომადგენლობის წევრები ადგილზე 1920 წლის 14 ოქტომბერს ჩავიდნენ. მისიის მიზანი იყო კეთილმეზობლური განწყობილების დამყარება, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, ასევე, ძალისხმევა პოლონეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარებისათვის.

პოლონეთის რესპუბლიკამ საქართველო იურიდიულად აღიარა 1921 წლის 28 იანვარს.

დაუზუსტებელია გიორგი სიდამონ-ერისთავის დიპლომატიური რანგი, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ზოგიერთ პუბლიკაციაში იგი ელჩად, ზოგიერთში კი დიპლომატიურ წარმომადგენლად მოიხსენიება.

ემიგრაციაში წასვლის შემდეგ გიორგი სიდამონ-ერისთავი ცხოვრობდა საფრანგეთში.

1921 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფ რუსეთის ადვოკატთა კავშირის წევრი. 

გარდაიცვალა 1953 წლის 23 იანვარს ქ. გრენობლში. დაკრძალეს ადგილობრივ სასაფლაოზე. 

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Сидамон-Эристов,_Георгий_Дмитриевич

2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.400-401

3. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/სიდამონ-ერისთავი_გიორგი

4. ჯანელიძე ოთარ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა პოლონეთში // შრომები / საქართველოს ეროვნული მუზეუმი: ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. თბილისი, 2019, N 1(7). გვ. 147-169.


Share: