The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ სუმბაძე

ზურაბ სუმბაძე
Date of birth:196?
Category:Painter

Biography

ზურაბ სუმბაძე დაიბადა თბილისში. ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა ხელოვნების სიყვარული და მიზნად დაისახა მხატვარი გამხდარიყო. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან მისი ოჯახი შედგებოდა მხატვრებისა და არქიტექტორებისგან.

18 წლის ასაკში გახდა საბავშვო გაზეთ „ნერგის“ მთავარი ილუსტრატორი. 

1981 წელს დაიწყო მოდის დიზაინის შესწავლა, მაგრამ 1983 წელს შეიცვალა ხელოვნების სფერო და გადაწყვიტა გამხდარიყო გრაფიკოსი და ილუსტრატორი. 

უმაღლესი სასწავლებელი 1988 წელს, ლენინგრადში დაამთავრა.

წინასადიპლომო სამუშაოს შესრულებისას, 1986 წელს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ენის კურსების სტუდენტს დასავლეთ ბერლინიდან, რომელთანაც რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში იქორწინა.

1989 წელს ახალშექმნილი ოჯახი დასავლეთ ბერლინში გაემგზავრა.

გერმანიაში ზურაბ სუმბაძე, თავდაპირველად, მუშაობდა როგორც თავისუფალი მხატვარი და ილუსტრატორი სარეკლამო სააგენტოებისთვის, გამომცემლობებისთვის და სხვა კლიენტებისთვის (IBM, Gillette GmbH, Melas GmbH, Kaiser's, United Buddy Bears, BVG).
2004-2005 წლებში მხატვარი ოჯახთან ერთად გაემგზავრა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ La Réunion-ზე, სადაც ინტენსიურად მუშაობდა საფრანგეთის საზღვარგარეთის დეპარტამენტში.  
გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, ზურაბ სუმბაძე კვლავ თავის ხელოვნებას დაუბრუნდა. ჰქონდა გამოფენები გერმანიაში, ესპანეთში, 2014 წელს ლოს-ანჯელესში. აკეთებდა ილუსტრაციებს წიგნებისთვის. ის არის ილუსტრატორი 2010 წელს გერმანიაში ბავშვებისთვის გამოცემული წიგნისა - ძმები ჰუმბოლტების ბიოგრაფია.
მომდევნო წლებში, 2013 წლიდან ხელოვანი ცხოვრობდა და მუშაობდა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია), ჰიუსტონში (ტეხასში), 2019 წლიდან ისევ ბერლინში მოღვაწეობდა, 2022 წლის  შემოდგომაზე კი საფრანგეთში გაემგზავრა.

ზურაბ სუმბაძეს უყვარს სურათების ციკლების ხატვა. მისი შემოქმედება იმითაა გამორჩეული, რომ მისი ნამუშევრები სხვადასხვა კონტინენტზე იქმნება - ბერლინში დაწყებულს კალიფორნიაში ამთავრებს და ინდოეთის ოკეანეში, რეიუნიონზე განცდილს, წყნარი ოკეანის პირას, ჰოლივუდის ბორცვზეც ვერ ივიწყებს.

წყარო:

1. https://shop.buddy-baer.com/shop/en/zurab-sumbadze/ 

2. https://www.radiotavisupleba.ge/a/zurab-sumbadze-ukhilav-pardashi/26795517.html


Share: