The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კორნელი ხოშტარია

კორნელი ხოშტარია
Other name:კაკო  (Acronym)
Date of birth:5 May, 1905
Date of death:1947  (at 41 years)
Category:Philosopher

Biography

ფილოსოფოსი კორნელი (კაკო) ხოშტარია დაიბადა 1905 წლის 5 მაისს, სოფელ სუჯუნაში (აბაშის მუნიციპალიტეტი), მიტროფანე ხოშტარიასა და ოლღა ჩაჩავას ოჯახში.

მიტროფანეს ქუთაისის სემინარია ჰქონდა დამთავრებული. ჯერ მღვდელი იყო, შემდეგ მასწავლებელი გახდა.

ოჯახში შვიდი შვილი იზრდებოდა, სამი გოგო და ოთხი ბიჭი. კაკო თავიდანვე გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ძალიან კარგად სწავლობდა, წერდა ლექსებს.

დაამთავრა ფოთის გიმნაზია, 1922 წელს კი ახალ-სენაკის ტექნიკუმი.

ბავშვობიდანვე იჩენდა გულმოდგინებას გერმანული ენის შესწავლაში. ამ მიზნით გერმანელების კოლონიაში მასწავლებლობდა კიდეც.

1922 წელს კორნელი ხოშტარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლა 1926 წელს დაასრულა ფილოსოფიის განხრით. მუშაობდა სხვადასხვა სასწავლებელში პედაგოგად (ქ. ონის პედაგოგიური ტექნიკუმი და ცხრაწლიანი შრომის სკოლა), იმავდროულად, ჟურნალ-გაზეთებთანაც თანამშრომლობდა.

კორნელი ხოშტარია სტუდენტობიდანვე აქტიურად იყო ჩართული ანტისაოკუპაციო მოძრაობაში. მაგრამ ბოლშევიკური მასობრივი რეპრესიებისა და ქვეყნის მმართველობის მკაცრი რეჟიმის გამო არაერთი გამოსვლა და აჯანყება უშედეგოდ დამთავრდა.

1924 წლის სექტემბრის მიწურულს შალვა ბერიძის თაოსნობით პარიზში დაფუძნდა ქართველ ახალგაზრდა პატრიოტთა ორგანიზაცია „მომავალი“. იმავე წლის 24 ოქტომბერს ერთ-ერთ სხდომაზე მიუწვევიათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები. ქაქუცას გაუხმოვანებია იდეა, რომ ორგანიზაციისთვის ეწოდებინათ „თეთრი გიორგი“.

1929 წელს კორნელი ხოშტარიამ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასულიყო და იქ სხვა თანამებრძოლების გვერდით გაეგრძელებინა პოლიტიკური საქმიანობა და სწავლაც. იგი ერთ-ერთ მეგობართან ერთად ოჯახის დაუკითხავად და მალულად ახალციხიდან ჯერ სტამბოლში წავიდა, იქიდან საფრანგეთში გადავიდა და საბოლოოდ, გერმანიაში, ბერლინში დამკვიდრდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კორნელის ლექტორებიდან გამორჩეულად უყვარდა შალვა ნუცუბიძე. ალბათ სწორედ მისი გავლენა იყო, რომ მან ბერლინის უნივერსიტეტში სწავლა განიზრახა.

ისევე როგორც სხვა ემიგრანტებს, არც კორნელი ხოშტარიას ჰქონდა დალხენილი ცხოვრება უცხო ქვეყანაში. იყო მუდმივად სამუშაოს ძებნა, საარსებო წყაროზე ზრუნვა, საცხოვრებელი პირობების მოგვარებაზე ფიქრი, ცალკე შორს დარჩენილი ოჯახის წევრებზე დარდი. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის მიერ უცხოეთიდან გამოგაზავნილ წერილებში.

1936 წლის 19 ნოემბერს ბერლინიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს: “სწავლის საქმე ცუდადაა. იძულებული ვიყავი, უსახსრობის გამო შემეწყვიტა. საქმე სადოქტორო გამოცდამდის იყო მისული. სხვა ყველაფერი შესრულებული იყო და აქ ფულის უქონლობამ (გამოცდას აქ საკმაოდ დიდი გადასახადი ესაჭიროება) საქმე გადამადებინა უკეთესი დროისათვის.”

მიუხედავად სიძნელეებისა კორნელი ხოშტარიამ დასახულ მიზანს მიაღწია, გახდა ფილოსოფიის დოქტორი, ბერლინის უნივერსიტეტის დოცენტი. ოლღა ჩაჩავას გადმოცემით, მის შვილს დამთავრებული ჰქონდა ნაშრომი, რომელიც ძველი ქართული ფილოსოფიის საკითხებს ეხებოდა და რომელსაც წლების განმავლობაში დიდი სასოებითა და მონდომებით წერდა. მისი სურვილი იყო, რომ იგი სამშობლოში გამოეცა. ეს იქნებოდა მისი ცხოვრების მთავარი წიგნი, ამდენი ხნის შრომა რომ შეიწირა.

სწავლასთან ერთად კორნელი ხოშტარია აქტიურად იყო ჩაბმული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებაში. 1933 წელს გაწევრიანდა "ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციაში", 1935 წლიდან იყო "ეროვნული ერთიანობის დარაზმულობა"- "თეთრი გიორგის" წარმომადგენელი. 

1934-1936 წლებში ბერლინში გამოდიოდა  ქართველ ნაციონალისტთა ორგანო, გაზეთი „კლდე“. მისი რედაქტორი ჯერ იყო შალვა ქარუმიძე, შემდეგ კი - კორნელი ხოშტარია. გაზეთის რამდენიმე ნომერში კ.ხ.-ს ფსევდონიმით დაბეჭდილია სტატია „საქართველო და ნაციონალიზმი“. იგი 1934 წელსაა დაწერილი და ჯერჯერობით ერთადერთი ტექსტია, რომელიც კორნელი ხოშტარიას ხელმოწერითაა მიკვლეული.

1946 წელს კორნელი ხოშტარია ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დასავლეთ გერმანიიდან სხვა ქართველ ემიგრანტებთან, ტიტე მარგველაშვილთან, მის ვაჟთან, გივი მარგველაშვილთან და  და ვალერიან ტოგონიძესთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში, ბერლინში. იქ ყველა ერთად დააკავეს და 1946 წლის 15  ივლისს თბილისში ჩამოიყვანეს. მათ ბრალდებოდათ საზღვარგარეთ ანტისაბჭოთა საქმიანობა. სექტემბერში იგი გაასამართლა საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ და მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ოჯახმა მისი არც თბილისში ჩამოყვანის ამბავი იცოდა და არც გასამართლებისა. საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და კრიტიკული ჯანმრთელობის ადამიანი, რომელსაც საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდებოდა, გააციმბირა. ამაზე არაფერი იცოდნენ მისმა ჰოლანდიელმა ცოლმა აგატა სპანიარდიმ და ქალიშვილმა ჰილდამ. მშობლებმა როდესაც დიდი წვალებით ჩააღწიეს გადასახლების ადგილას, შვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილი დახვდათ.

კორნელი ხოშტარია 1947 წელს „გულაგის“ ერთ-ერთ ბანაკში გარდაიცვალა. მისმა  ძმის შვილიშვილმა, მხატვარმა თამარ ხოშტარიამ თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში მიაგნო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ამსახველ დოკუმენტებს. საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფილი „სუკ“-ის საარქივო ფონდში არის მასალები – იმ „თეთრგიორგელების“ საქმეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის წლებში და ომის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ საბჭოთა უშიშროების ტყვეობაში.

აღნიშნულ საარქივო ფონდში დაცულია ცნობილი თეთრგიორგელების: ბ. გიორგაძის, მ. კერესელიძის, კ. ხოშტარიას, შ. ოდიშარიას, შ. ინჯიას, ზ. აბაშიძისა და სხვების საგამოძიებო საქმეები.

1968 წელს, ჰოლანდიურ ტურისტულ ჯგუფთან ერთად თბილისში ჩამოვიდა აგატა სპანიარდი. მან მოძებნა კორნელი ხოშტარიას ოჯახი, შეხვდა მის დედას და ძმას. შემდგომ წლებში საქართველოში ჰილდაც იმყოფებოდა, თავის ორ შვილთან ერთად.

წყარო:

1. ხოშტარია კახა. ბიძაჩემი : [ფილოსოფიის დოქტორი კორნელი ხოშტარია]. - თბილისი, 2004

2. კოკოზაშვილი ქეთევან. კორნელი ხოშტარიას ტრაგიკული ბედი // კულტურა პლუს= Culture Plus: საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ჟურნალი.თბილისი, 2021. N 4(26). გვ. 52-57. - გვ. 52-57.

3. https://ebguri.blog/2020/12/07/ზეინაბ-სარია-4/ 

 


Share: