The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გია ხეოშვილი

გია ხეოშვილი
Other name:გიორგი
Date of birth:1962
Date of death:2012  (at 50 years)
Category:Musician

Biography

გია (გიორგი) ხეოშვილი დაიბადა 1962 წელს სოფელ ახტანში (დუშეთი). სავიოლონჩელო განათლება მიიღო საქართველოს რესპუბლიკურ სამუსიკო სკოლა-ინტერნატსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. პედაგოგები: გიორგი ბარნაბიშვილი და თამაზ გომელაური.

ჯერ კიდევ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მუსიკოსი წარმატებით გამოვიდა ვიოლონჩელისტთა საქალაქო და შემდეგ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა  მუსიკოს-შემსრულებლების კონკურსებზე, სადაც I და II პრემიის მფლობელი გახდა. 1982 წელს მან, ასევე, დაიმსახურა ლაურეატის წოდება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კამერული ანსამბლების კონკურსში.

გია ხეოშვილი წლების მანძილზე საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლონჩელისტი გახლდათ. აგრეთვე, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის სიმფონიური ორკესტრის, კამერულ ორკესტრ „კონცერტინოს“, პოლონეთის ქ. კრაკოვის კამერული ორკესტრისა და სხვა მუსიკალური ანსამბლების წევრი.

1984 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, გია ხეოშვილი პედაგოგად დატოვეს კამერული მუსიკის კათედრაზე. მოგვიანებით, 1990-1993 წლებში იგი საქართველოს ხელოვნების აკადემიის ასპირანტი და პედაგოგიც გახდა. ამ წლებში მას არც საკონცერტო მოღვაწეობაზე უთქვამს უარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკოსის მიერ სავიოლონჩელო მუსიკის ორი შედევრის - პ. ჩაიკოვსკის ვარიაციები „როკოკოს“ თემაზე და ა. დვორჟაკის სავიოლონჩელო კონცერტის შესრულება.

1990-1995 წლები დაეთმო გია ხეოშვილის საგასტროლო მოგზაურობას დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ამ დროისათვის უნდა აღინიშნოს იტალიის ერთ-ერთი ქალაქის საოპერო თეატრ „მაჩერატას“ საორკესტრო აუდენციაზე (კონკურსზე) მოპოვებული I ადგილი. მოგვიანებით მას დაემატა ქ. მილანის კამერულ ორკესტრ „გუიდი კანტელის“ კოლექტივში გაწევრიანება, სადაც მასთან ერთად მუშაობდა გიორგი ბაბუაძე, კონცერტმაისტერად, ხოლო ალტების ჯგუფს შეუერთდა ზაზა გოგუა.

ქართველმა მუსიკოსებმა იტალიაში შეიტყვეს, რომ იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, მაესტრო თომას ზანდერლინგი აცხადებდა კონკურსს ორკესტრის კონცერტმაისტერის ვაკანტური ადგილისთვის. იაპონიაში დაუყოვნებლივ გაიგზავნა CD და DVD დისკები საშემსრულებლო ჩანაწერებით. გარკვეული დროის შემდეგ დადებითი პასუხიც მოვიდა.

1996 წლიდან დაიწყო გია ხეოშვილის მოღვაწეობის იაპონური პერიოდი. ის გახლდათ პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც იაპონიაში დაიწყო მუშაობა. გახდა “Osaka Symphoneke”-ის სავიოლონჩელო ჯგუფის კონცერტმაისტერი, გამოდიოდა სოლო შესრულებითაც, შემდეგ კი გიორგი ბაბუაძესთან (ვიოლიონო) და ზაზა გოგუასთან (ალტი) ერთად ჩამოაყალიბა სიმებიანი კვარტეტი „თბილისი“, რამაც ქართული მუსიკალური ხელოვნება კიდევ უფრო ფართოდ გააცნო იაპონიის საზოგადოებას.

1999 წელს გია ხეოშვილი გახდა მსოფლიო სამუსიკო ფესტივალ „I ვიოლონჩელოს ათეულის“ პრიზიორი. 2010 წელს მას შესთავაზეს კონცერტმაისტერის ადგილი სიმფონიურ ორკესტრ „The Kansai Philharmonic Orchestra“-ში”. 2003 წელს კი მიიწვიეს მუსიკოს- შემსრულებელთა ოსაკას საერთაშორისო კონკურსის ჟიურის მუდმივ წევრად.

ქალაქ ოსაკაში გია ხეოშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. აღზარდა არაერთი თაობის მაღალი რანგის ლაურეატი-ვიოლონჩელისტი. მათ შორის არიან: ჰორიე მაკიო, იო კიტამურა. პედაგოგის გარდაცვალების შემდეგ ჰორიე მაკიომ სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში, ნატალია შახოვსკაიას კლასში.

შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში გია ხეოშვილს Sony Classic-ისთვის ჩაწერილი აქვს 4 CD,რომლებზეც ჟღერს ქართველი კომპოზიტორების ს. ცინცაძის, ვ. აზარაშვილის, ა. მაჭავარიანის, რ. ლაღიძისა და გ. ყანჩელის ნაწარმოებები.

2002 წელს ბ-ნი გიას თაოსნობითა და ცნობილი მხატვრის, ტაეკო ტანიგავას ძალისხმევით ოსაკაში შეიქმნა იაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის ასოციაცია „მეგობარი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქართული კულტურის პოპულარიზაცია ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ასოციაციაში გაწევრიანდა 300-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი. თავმჯდომარე გახლდათ გია ხეოშვილი.

მოგვიანებით - საქართველოში 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის მოვლენების უმძიმეს დღეებში ქ-ნი ტაეკო ტანიგავა დახმარებას უწევდა იაპონიის წამყვან ტელევიზიებს საქართველოში მომხდარი ამბების ობიექტურად შეფასებაში. მას ამ საქმეში ეხმარებოდა ბ-ნი გიას ვაჟი - გურამ ხეოშვილი, რომელიც თარჯიმნის ამპლუაში იაპონელ ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა საომარი მოქმედების ცხელ წერტილებში.  

2012 წელს გია ხეოშვილი შემთხვევით ქუჩაში წაიქცა და რამდენიმედღიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. იაპონიის მუსიკის მოყვარულებმა თავიანთი გულწრფელი სინანული უდროოდ დაღუპული ქართველი ვიოლონჩელისტის მიმართ იმით გამოხატეს, რომ მთელი ფინანსური ხარჯი მუსიკოსის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით თავის თავზე აიღეს.

2013 წლის 7 სექტემბერს ქ. ოსაკას მერიის ინიციატივითა და იაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის ასოციაცია „მეგობარის“ ორგანიზებით ქ. კავაჩი-ნაგანოში გაიხსნა გია ხეოშვილის ხსოვნის მემორიალი, რომელზეც აღბეჭდილია ვიოლონჩელო და მუსიკოსის სახის ბარელიეფი. იმავე 2013 წლიდან ოსაკაში იმართება გ. ხეოშვილის სახელობის სავიოლონჩელო მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი.

2017 წლის 25 ივლისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N 280 განკარგულებით საბურთალოს რაიონში გიორგი ციციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭა მუსიკოს გია ხეოშვილის სახელი.

წყარო:

1. https://mematiane.ge/product-details.php?id=9441&lang=ru 

2. შანიძე ალექსი. იაპონელთა გულწრფელი სინანულის ცრემლი // მუსიკა = Musika /  საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. თბილისი, 2016. N1(26). გვ. 57-61


Share: