The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სერგი მეტრეველი

სერგი მეტრეველი
Other name:სერგო
Date of birth:1906
Date of death:1991  (at 85 years)
Category:Manufacturer

Biography

მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლი იმ დიდ კატასტროფას, რასაც ებრაელთა მასობრივი განადგურება ჰქვია. ებრაელები ამ მოვლენას „შოას“ ეძახიან, რაც ივრითზე კატასტროფას ნიშნავს, თუმცა ჩვენთვის უფრო ცნობილია, როგორც „ჰოლოკოსტი“. ეს სიტყვა ძველი ბერძნულიდან მოდის და „დაწვას“, ცეცხლით განადგურებას“ ნიშნავს. 

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ებრაელმა ხალხმა გადაწყვიტა პატივი მიეგო ყველა იმ პიროვნებისთვის, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა თუნდაც ერთი ებრაელის სიცოცხლე. ამ მიზნით 1953 წელს, ისრაელში, კერძოდ კი იერუსალიმში, შეიქმნა მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“. ეს გახლავთ 18 ჰექტარზე გაშენებული უზარმაზარი კომპლექსი, სადაც თავმოყრილია ყველა ცნობა თუ დოკუმენტი, რომელიც ნაციზმის მსხვერპლი ებრაელი ხალხის დიდ ტრაგედიას ასახავს. იქვე არის იმ „შინდლერების“ ჩამონათვალი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შეჭირვებულ ებრაელებს ეხმარებოდა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

მეორე მსოფლიო ომში არაერთი ქართველი „შინდლერი“ მონაწილეობდა: წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც გაზის კამერაში მრავალშვილიან ებრაელ მამას ჩაენაცვლა; ქართველი ემიგრანტი მიხეილ კედია, რომელმაც რამდენიმე ათეული ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს... არიან სხვებიც, მაგრამ იად ვაშემის ოფიციალურ სიაში 2004 წლიდან ფიგურირებს მხოლოდ ერთი ქართველი - სერგი მეტრეველი. 

სერგი (სერგო) ვასილის ძე მეტრეველი 1906 წელს საქართველოში, ონის რაიონის სოფელ უწერაში დაიბადა. ის ღვინის მწარმოებელი იყო და თავის კომპანიონთან, ივანე გუგეშაშვილთან ერთად ჩრდილო კავკასიაში ქალაქ კისლოვოდსკში მოღვაწეობდა.

1942 წლის აგვისტოში გერმანელები ქალაქის სიახლოვეს გამოჩნდნენ. უკვე ყველამ იცოდა, რა ბედი ელოდა ნაცისტების ხელში მოხვედრილ ებრალებს. სერგი მეტრეველი და ვანო გუგეშაშვილი ებრაელებსა და კომუნისტებს დაეხმარნენ, დაეტოვებინათ ქალაქი. ებრაელებს შორის იყო ვინმე არკადი რაბინოვიჩი, რომელმაც თავისი შვილი პეტრე და მისი მეგობარი 16 წლის ემილ ზიგელი მიუყვანა მათ და სთხოვა, დაემალათ.

თავად ოთხი შვილის პატრონმა, სერგო მეტრეველმა ემილისთან ერთად ქალაქიდან ექვსი ებრაელი გაიყვანა. ისინი ტყე-ტყე მიდიოდნენ მამისონის უღელტეხილის გავლით. 16 დღე და ღამე დათოვლილ კლდეებსა და გაუვალ ტყეებში იარეს და როგორც იქნა სოფელ უწერას მიაღწიეს.

გზაში ემილი ტროპიკული მალარიით დაავადდა. ბიჭი, სახელდახელოდ შეკრული საზიდარით, 586 კილომეტრი რიგრიგობით ატარეს და, როგორც იქნა, მიაღწიეს სოფელ უწერას, სადაც სერგო მეტრეველის მშობლები და ნათესავები ცხოვრობდნენ. ავადმყოფი ზიგელი იქ დატოვეს, ხოლო თავად თბილისში ჩამოაღწიეს. სერგოს მშობლებმა ემილს მზრუნველობა არ მოაკლეს, ორ კვირაში ფეხზე დააყენეს და მალე ისიც გაისტუმრეს. 

გამოჯანმრთელებული ზიგელი სოხუმში გადავიდა, იქედან კი ურალში. რამდენიმე თვის შემდეგ მოხალისედ ფრონტზე გაემგზავრა. ომი ბერლინში დაასრულა და გამარჯვებიდან პირველივე წელს - 1946-ში კისლოვოდსკში ჩავიდა, სადაც ნაცისტების მიერ დახვრეტილი მშობლების საფლავი და თავისი გადამრჩენელი ძია სერგო ეგულებოდა.

ბედისწერით დაკავშირებული ეს ურთიერთობა სერგო მეტრეველის გარდაცვალების (1991წ.) შემდეგ ბატონი სერგოს ვაჟთან, კარდიოლოგ აბელ მეტრეველთან მეგობრობაში გადაიზარდა.

გადიოდა წლები. ემილ ზიგელი პოლკოვნიკის რანგში სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. იქ გაიგო, რომ არსებობდა მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“, სადაც პატივს მიაგებდნენ ებრაელთა გადამრჩენელ გმირებს.
აკადემიკოსმა ზიგელმა წერილით მიმართა მუზეუმს, მოუთხრო თავისი საოცარი გადარჩენის ისტორია და მიაწოდა ფაქტის დამადასტურებელი, მის ხელთ არსებული, ყველანაირი დოკუმენტი. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ყველაფერი და 2004 წლის 30 მაისს სერგო მეტრეველს, ერთადერთს ქართველთა შორის, მიენიჭა „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ წოდება დადგენილი წესის თანახმად, მის სახელზე დაირგო ხე და მისი სახელი ამოიკვეთა დაფაზე.

აბელ მეტრეველმა მამის კუთვნილი „მსოფლიო ხალხთა მართალი შვილების“ მედალი და სიგელი 2005 წლის მაისში მიიღო.

2014 წელს საქართველოში გამოიცა ორენოვანი, ქართულ-ინგლისური, ბუკლეტი “ქართველი შინდლერები”, რომელიც მოგვითხრობს გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიას, სერგო მეტრეველისა და საბა კლდიაშვილის შესახებ.

2022 წლის 13 მაისს თბილისში, ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ პარკში გაიხსნა „ქართველი შინდლერების“ მემორიალი.

წყარო:
1. ქართველი შინდლერები = Georgian Schindlers : Public Hearing
. - Tbilisi, 2014.

2. https://sputnik-georgia.com/20180720/World-Nations-saint-yad-vashem-sergo-metreveli-emil-zigel-241427932. htmlhttps://www.facebook.com/GJews.ge/posts/352483488720990/

3. https://netgazeti.ge/art/31256/ https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=582795915392923&id=100009875581699&ref=embed_post https://droa.ge/?p=81709

 


Share: