The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ონიანი

გიორგი ონიანი
Other name:გია
Date of birth:4 October, 1974  (49 years)
Category:Singer

Biography

გიორგი (გია) ონიანი დაიბადა 1974 წლის 4 ოქტომბერს, დაბა ლენტეხში. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. ფლობს ლამაზი ტემბრის ძლიერ ხმას (ტენორი).

გია ონიანი კონსერვატორიაში სწავლას არ გეგმავდა, ამაზე არც უოცნებია. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და  დიდი წარმატებით მონაწილეობდა სტუდენტურ ''კავეენში''. ჯერ ფაკულტეტის, შემდეგ უნივერსიტეტის ნაკრების წევრი იყო.

''კავეენის'' ერთ-ერთ თამაშზე გიამ შეასრულა ნომერი, სახელწოდებით ''გაფუჭებული რადიო'', სადაც რამდენიმე ადამიანის სიმღერის იმიტაციას აკეთებდა. მისი მოსმენის შემდეგ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გია ნაცვლიშვილმა, ურჩია კონსერვატორიაში ესწავლა. მისმა რჩევამ გაჭრა და რადგან ნოტებიც კი არ იცოდა, მუსიკის საფუძვლების დასაუფლებლად კონსერვატორიის მოსამზადებელ ჯგუფში დაიწყო სწავლა.

გიორგი ონიანმა უნივერსიტეტი მაინც დაამთავრა, მაგრამ უკვე იცოდა, რომ სხვა პროფესიას გაჰყვებოდა. იმავე წელს ჩააბარა კონსერვატორიაში და რადგანაც საქმის ნახევრად კეთება არ უყვარს, მიზნად დაისახა კარგი მომღერალი გამხდარიყო.

1998–2001 წწ. იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შეასრულა მთავარი პარტიები ვერდის, პუჩინის, ზ. ფალიაშვილის ოპერებში.

თბილისში წარმატებით გამოსვლის შემდეგ, უცხოეთში მისი დებიუტი ყველასთვის საოცნებო "ლა–სკალას" თეატრში შედგა.

2001 წლიდან იყო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი. ერთი წლის შემდეგ გადავიდა იტალიაში, ლა სკალას აკადემიაში დახელოვნების ორწლიან პროგრამაზე (2001–2003). 2005 წლიდან ის კვლავ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში (ბრაზილია, იტალია, მექსიკა, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია); ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ვერდის ("ტრავიატა", "აიდა", "დონ–კარლოსი", "ბალ–მასკარადი", "ტრუბადური", "რიგოლეტო"), პუჩინის ("ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ბიზეს ("კარმენი"), ზ. ფალიაშვილის ("აბესალომ და ეთერი", "დაისი") ოპერებში;

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 - ბიულ–ბიულის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ბაქო), I პრემია;  2004 - ტენორების საერთაშორისო კონკურსი(რუმინეთი) "ტრაიან გროცავესკუ", I პრემია; 2002 - საერთაშორისო კონკურსი "რივა დელ გარდა"(იტალია), I პრემია;

გიორგი ონიანის მუსიკალური კარიერა მილანში დაიწყო. მას ჰქონდა საშუალება, ემუშავა მსოფლიოში ცნობილ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და რეჟისორებთან. უამრავ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, როგორც ლა სკალას თეატრში, ასევე ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრებში.

გერმანიაში, ქალაქ კაიზერსლაუტერნში, ერთ-ერთ დადგმას ესწრებოდა ბონის თეატრის დირექტორი, რომელმაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ შესთავაზა, გამხდარიყო მათი სოლისტი, რასაც გია დათანხმდა.

2008 წლიდან გიორგი ონიანი ბონის თეატრის სოლისტია. სეზონზე მხოლოდ ერთ პრემიერაზე ევალება სიმღერა და დანარჩენ დროს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებისთვის იყენებს. მის „ანგარიშზე“ 1300 სპექტაკლი და 14 ენაზე შესრულებული 46 საოპერო პარტიაა.

გიორგი და მისი მეუღლე ხათუნა წიკლაური თბილისში, უნივერსიტეტში სწავლის დროს დაქორწინდნენ. ორი შვილი ჰყავთ, რატი და დეა.

წყარო:

1. მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 200.

2. https://speech.ge/khelovneba/giorgi-oniani-saopero-momgherali-germania/

3. ონიანი გია. ოპერა საერთოდ არ მომწონდა, არც კონსერვატორიაზე მიოცნებია: ინტერვიუ / ესაუბრა ირაკლი ვაჩიბერიძე // სარკე. თბილისი, 2018. 18-24 აპრილი.N15 (1038). გვ.33.                                                                                   

  


Share: